ხელისუფლება „გონივრული ეჭვის“ ცნების გაფართოებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ „იარაღის“ გამოყენება, ძალოვანი უწყებების შემდეგ, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებსაც შეეძლებათ. იმ შემთხვევაში, თუკი შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელს გაუჩნდება „გონივრული ეჭვი“, რომ ვიღაც მისთვის მიუღებელ ქმედებას ეწევა, შესაძლებლობა ეძლევა, რომ სასამართლოს თანხმობის გარეშე ამ ადამიანს უთვალთვალოს და ფარული კამერით გადაიღოს მისი საქმიანობის დეტალები.
მართალია, ამას ხელისუფლება „დანაშაულის აღმოფხვრის“ არგუმენტით ხსნის, მაგრამ ოპოზიციას ეეჭვება, რომ ეს დანაშაულის აღმოსაფხვრელად კი არა, ადამიანებზე უფრო მეტი ტერორის განხორციელებისთვის იქნება გამოყენებული“.
ამ ორმაგი ინტერპრეტირების საშუალებას კი ჯერაც აუმოქმედებულ „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის პროექტი ითვალისწინებს. კანონპროექტი პარლამენტის ინიციატივით არის მომზადებული, მაგრამ როგორც მისი ერთ-ერთი ავტორი გიორგი გოდაბრელიძე აცხადებს, მთავრობასთან შეთანხმებული ყოფილა.
ცვლილების თანახმად კი, შემოსავლების სამსახურს უფლება ექნება, გონივრული ეჭვის საფუძველზე, მოსამართლის თანხმობის გარეშე განახორციელოს პირის ფარული თვალთვალი. ცხადია, ეს პირი რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობას უნდა ეწეოდეს. ყოველ შემთხვევაში, უკვე მიღებული კანონის თანახმად.
ამის არგუმენტად კი გოდაბრელიძე იმ ფაქტორს ასახელებს, რომ ეს უფლება შემოსავლების სამსახურს საკუთარი ფუნქციის უკეთ განხორციელებისთვის ესაჭიროება.
„საუბარია იმაზე, რომ ეს უფლება შემოსავლების სამსახურს სასამართლოს გარეშე ჰქონდეს. სასამართლოს თანხმობით ახლაც აქვთ, მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ ხშირ შემთხვევაში, მოსამართლისთვის მიმართვის დრო არ რჩებათ და ეს უკვე საქმეს აზარალებს“, - აცხადებს გოდაბრელიძე.
ამასთან, მისი თქმით, კანონშივე უნდა გაიწეროს, თუ რა შემთხვევაში ექნებათ ამ უფლების გამოყენების საშუალება.
„ჩვენ გვინდა, მკაფიოდ იყოს გაწერილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება მისი გამოყენება. მაგალითად, ქრონომეტრაჟის დროს ვიღაცის სარდაფში კამერის დაყენება არასწორია, მაგრამ თუ ვიღაცას აქვს ოპერატიული ინფორმაცია, მაშინ ამის გამოყენება უნდა შეეძლოს. მაგალითად, გვაქვს ინფორმაცია, რომ საბაჟოზე რაღაც არაკანონიერი ტვირთი გაივლის და ვიდრე მე მოსამართლესთან წავალ და კამერის დაყენების ნებართვას ავიღებ, დრო გადის. მე შემიძლია, ტვირთი გავაჩერო, მაგრამ კამერას თუ დავუყენებ, შეიძლება სხვა პირზეც გავიდე და უფრო მეტი დანაშაული აღვკვეთო, ვიდრე ამ უკანონო ტვირთის ადგილზე დაკავებაა“, - განმარტავს გოდაბრელიძე.
პრობლემა კი ის არის, თუ ვინ განსაზღვრავს, რა შემთხვევაში ჩაითვლება სწორედ ამ უფლების გამოყენება და რა შემთხვევაში - არასწორად. გოდაბრელიძის თქმით, ეს იქნება დამოკიდებული ე.წ. „გონივრულ ეჭვზე“ და სწორედ ეს ეჭვი უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ განხორციელდეს შემდეგი ქმედებები.
„ეს სფერო ისეთი სფეროა, რომ თუკი ვინმეზე არ გაქვს მართლაც საფუძვლიანი ეჭვი, უბრალოდ, ამ საშუალებას არ გამოიყენებ. სხვა თუ არაფერი, მერე მაინც გიწევს სასამართლოში წასვლა და იმის დამტკიცება, რომ თვალთვალი საფუძვლიანად განახორციელო“, - აცხადებს გოდაბრელიძე.
როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, „ასეთი განმარტებები არათუ ვერ სცემს არსებულ კითხვებს პასუხს, არამედ უფრო მეტ პრობლემებს ავლენს“.
„ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ამ ე.წ. „გონივრულ ეჭვს“ უკავშირებს, მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ ეს ტერმინი საიდანაც მოდის, იქ ითარგმნება როგორც „საფუძვლიანი ეჭვი“. „გონივრულ“ და „საფუძვლიან“ ტერმინებს შორის კი საკმაოდ დიდი განსხვავებაა. „გონივრულობის“ კრიტერიუმი ძალიან ძნელი განსასაზღვრია მაშინ, როდესაც „საფუძვლიანი“ ძალიან მკაფიოდ მოითხოვს საფუძველს და პირი მოსამართლესთან რომ წავა, იმას კი არ იტყვის, რაღაც მიზეზების გამო გონივრული ეჭვი გამიჩნდაო, არამედ მოუწევს საფუძვლების, ანუ ფაქტობრივი მასალის წარდგენა. ამათ კი, ცხადია, ეს არ აწყობთ და ახლა ეს მოიგონეს. პრობლემა კი ის არის, რომ, როგორც ჩანს, ამის განხორციელება ყველა სფეროში უნდათ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
ამასთან, იგი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ამ მეთოდით მოხდება იმ პირების დატერორება, რომლებიც რაიმე ფორმით ბიზნესსაქმიანობაში არიან ჩართულნი.
„ეს კი, დამერწმუნეთ, ძალიან ცუდად აისახება ჩვენს ისედაც გაუბედურებულ ეკონომიკაზე,“ - აცხადებს ცაგარეიშვილი.