მოსახლეობას არ აინტერესებს ჰესი 1-მგვტ-ანი იქნება თუ 100-მგვტ-ანი, ყველას ებრძვიან - ჰესების მშენებლობის 95% გაჩერებულია

მოსახლეობას არ აინტერესებს ჰესი 1-მგვტ-ანი იქნება თუ 100-მგვტ-ანი, ყველას ებრძვიან - ჰესების მშენებლობის 95% გაჩერებულია

ქვეყანაში ჰესების მშენებლობის კუთხით სრული კოლაფსია. ნამოხვანჰესის ირგვლივ შექმნილ დაძაბულობას რომ თავი დავანებოთ, პრობლემები ექმნება მცირე და საშუალო ჰესების პროქტებსაც. დღეს მოსახლეობას აღარ აინტერესებს ჰესი ერთ მეგავატიანი იქნება, ორიანი თუ 100-მეგავატიანი, ყველას ერთნაირად ებრძვიან.

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარგებაძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების გამო საქართველოში უამრავი ჰესის პროექტია შეჩერებული. პრობლემა ისაა, რომ მცირე ჰესებსაც ზუსტად იგივე წინააღმდეგობა ხვდება, რაც დიდ ჰესებს და მოსახლეობა მათ შემთხვევაშიც ამბობს, რომ კაშხალი გასკდება და „წალეკავს ქვეყანას“.

„უამრავი ჰესია შეჩერებული მსგავსი პროტესტის გამო - დაახლოებით ეს არის 4 მილიარდი დოლარის ინვესტიცია და 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი. მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურები რადიკალურად განსხვავდება დიდი ჰესებისგან. აქ კაშხალი არ შენდება, თუმცა პრობლემები არის იგივე, ეუბნებიან მოსახლეობას, თითქოს უნდა გაიჩეხოს ხეები, დაიტბოროს სოფლები. როცა ვცდილობთ მოსახლეობისთვის ახსნას, რომ ეს ყველაფერი სიმართლე არ არის, ყურადღებას არ აქცევენ, რადგან თემა - ჰესი - არის დემონიზებული“, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

მან მაგალითად მოიყვანა „ლოპოტაჰესი“, რომელიც მხოლოდ 6 მეგავატიანია. მარგებაძის თქმით, ასოციაცია მუდმივად ცდილობს ადგილობრივებთან და ჰესის მოწინააღმდეგეებთან დიალოგში შევიდეს.

„დღეს უკვე ისეთი კამპანიაა, რომ არ აინტერესებთ, ჰესი ერთ მეგავატიანი იქნება, ორიანი თუ 100-მეგავატიანი, ყველას აპროტესტებენ, ყველას ებრძვიან. ქარის პროექტებსაც პრობლემები აქვს. დღეს რა ჰესებიც კეთდება, დაახლოებით 95% გაჩერებულია“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ მარგებაძემ.

ახლა ყველაზე დიდი პროტესტი ნამოხვანჰესისკენ არის მიმართული. ყველანაირი მოლაპარაკება ჩიხშია შესული. ვითარება იმდენად დრამატულია, რომ საქმეში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება ჩაერთო. რამდენად მაღალია მათდამი ნდობა, ეს მალე გამოჩნდება.

ევროკავშირის ენერგეტიკული უწყება მზადაა ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში ჩაერთოს. ამის შესაბამისი განცხადება გუშინ გაკეთდა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირის ენერგოგაერთიანება ნებისმიერ მხარეს შეხვდება. რაიონის ხეობის მცველები კი აცხადებენ, რომ მათთან კომუნიკაცია ჯერჯერობით არავის ჰქონია.

ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორის მოადგილე, დავების განხილვისა და მოლაპარაკებების ცენტრის თავმჯდომარე დირკ ბუშლე, გარემოს დაცვის ექსპერტ ალექსანდრა ბუჯაროსკასთან თანამშრომლობით და საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩაერთვება „ნამოხვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით არსებულ სადისკუსიო პროცესში, იქნება შუამავალი მხარეებს შორის და აღნიშნულ პროცესს წარმართავს ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან მიმართებით ყველა დოკუმენტისა და პროცედურების შეფასების მიზნით.

„ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანება არ არის მხოლოდ მთავრობათა ან პროექტების განმახორციელებელთა გაერთიანება. ჩემი მიზანია მოლოდინების შესაბამისად, რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად მოვიძიოთ გამოსავალი. ამ პროცესში ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველას მიეცეს აზრის გამოხატვის შესაძლებლობა და ყველა გამოწვევა იყოს თავმოყრილი. პარალელურად, სამდივნო განიხილავს გარემოსდაცვითი პროცედურების დაცვით მომზადებულ დოკუმენტაციას“, - აღნიშნავს დირკ ბუშლე ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების რელიზში, რომლის მიხედვითაც ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს არაერთხელ მიმართეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა და გამოხატეს შეშფოთება ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა და უსაფრთხოების თაობაზე.

რიონის ხეობის მცველები კი ამბობენ, რომ მათ ევროკავშირის ენერგოგაერთიანების მზადყოფნის შესაეხბ ჯერ არაფერი იციან, რადგან მათთან კონტაქტზე არავინ გასულა. ისინი მზად არიან დიალოგისთვის, თუმცა რატომღაც არავინ უკავშირდება.

არაგველი641 ვითომდა ხეობის დამცველი პუტლარისგან გამოგზავნილი აგენტები ძაან ატრაკებენ.
2 წლის უკან
XALIBI იქნებ ვინმე დაონტერესდეს და გაარკვიოს, რამდენ ჰესში რამდენ პროცენტიან წილს ფლობს ყველა მთავრობაში მოღვაწე თურნავა.... ისე, ქვეყანას რომ სპეც-სამსახური გააჩნდეს, უფრო ბნელი მხარეების შეიძლება გამოჩენილიყო , მაგრამ სადაა სპეც-სამსახური და აწყობილი ქვეყანა.....
2 წლის უკან