ხორბლის შემდეგ წიწიბურას კრიზისი იწყება

ხორბლის შემდეგ წიწიბურას კრიზისი იწყება

ხორბლის იმპორტში პრობლემების შემდეგ, არც ერთ პროდუქტზე ისეთი აჟიოტაჟი არ ატეხილა, როგორც წიწიბურაზე. ეს ბურღულეული აქამდეც საკამოდ ძვირი ღირდა მაღაზიაებსა თუ ბაზრობებზე და სულ რაღაც ერთ თვეში მისი ფაის შეიძლება გაორმაგდეს. ამის მიზეზია ის, რომ რუსეთმა ზაფხულის თვეებში წიწიბურას ექსპორტი შიდა ბაზარზე, სურსათის უსაფთხოების მიზნით, დროებით აკრძალა. გადაწყვეტილება 2021 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 31 აგვისტომდე დარჩება.

საქართველოში კი წიწიბურა 99%-ით რუსეთიდან შემოდის. ასე რომ, დეფიციტი ნამდვილად მოსალოდნელია. 2020 წელს საქართველომ 4 ქვეყნიდან 4 198.1 ტონა წიწიბურა შეიძინა, რისთვისაც ქვეყნიდან 3.1 მლნ დოლარი გავიდა. ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება, რომ პროდუქტის მთავარ საიმპორტო ქვეყნად რუსეთი გვევლინება, თუმცა 2019 წელს წიწიბურა ყაზახეთიდანაც შემოვიდა, ხოლო გასულ 2 წელიწადში მცირე მოცულობებით მას უკრაინასა და ჩინეთშიც ვყიდულობდით.

  1. რუსეთი - 3,0 მლნ დოლარი, 4 175.2 ტონა;
  2. უკრაინა - 20.1 ათასი დოლარი, 22 ტონა;
  3. პოლონეთი - 1.9 ათასი დოლარი, 0.7 ტონა;
  4. საფრანგეთი - 1.1 ათასი დოლარი, 0.2 ტონა;

მნიშვნელოვანია, რომ წიწიბურას იმპორტის მაჩვენებლები 2021 წლის პირველ კვარტალში გაზრდილია, თუმცა ზრდა ძირითადად პროდუქტის ღირებულებიდან გამომდინარეობს. პროდუქტის იმპორტის ღირებულება გასული წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლებთან შედარებით 23.2%-ით გაიზარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ამტკიცებს, საქართველოში წიწიბურას მარაგები საკმარისია და დეფიციტის საფრთხე არ არსებობს.

„რა თქმა უნდა, საერთაშორისო ბაზარზე ცვლილება საქართველოს შიდა ბაზარზეც ახდენს გავლენას, მით უმეტეს, იმ პროდუქციაზე, რომელიც ჩვენთან არ იწარმოება. რუსეთის შესაბამისი გადაწყვეტილება წიწიბურას და ბურღულეულზე ექსპორტის აკრძალვის შესახებ, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპების არსებობა იმპორტიორებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ბაზრების სხვა მომწოდებლებთან დაამყარონ კავშირები. ვფიქრობთ, იმპორტიორები თავს გაართმევენ მათ წინაშე მდგარ ამოცანას და ბაზარზე შენარჩუნებული იქნება სტაბილური მდგომარეობა“, - განაცხადა ხანიშვილმა.

მდგომარეობას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ ეკონომისტებიც. ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, რუსეთი წიწიბურის წარმოებაში მონოპოლისტი არაა, ამიტომ მისი მხრიდან ექსპორტის აკრძალვა პრობლემა არ არის. შესაძლოა, ალტერნატიული ბაზრებიდან მოწოდებული პროდუქტი შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ თუ წიწიბურა რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ფასი დაბალანსდება.

„რუსეთს სხვა დროსაც ჩაუკეტავს გარკვეული პროდუქტების ექსპორტი, თუმცა ყოველთვის ხდება ალტერნატიულ ბაზრებზე გასვლა. მაგალითად, ყაზახეთის და უკრაინის ბაზარზე, ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან რუსეთი არ არის მონოპოლისტი. მონოპოლისტი რომ იყოს და სხვა ქვეყანა არ აწარმოებდეს, პრობლემა იქნებოდა. შეიძლება სხვა ბაზრიდან მოწოდებული შედარებით ძვირი იყოს, მაგრამ მოთხოვნა-მიწოდებაზეა მაინც ყველაფერი დამოკიდებული და თუ რამდენიმე ბაზრიდან შემოვა, ეს საკითხიც დაბალანსდება“, - განაცხადა ცუცქირიძემ.