ფასები გარბის, მთავრობა დასაჭერად მისდევს, მაგრამ ვერ ეწევა

ფასები გარბის, მთავრობა დასაჭერად მისდევს, მაგრამ ვერ ეწევა

აპრილის ინფლაციამ გაამძაფრა ეჭვი, რომ ქვეყანა თანდათან ორნიშნა მაჩვენებლისაკენ მიიწევს. თუკი ზაფხული განმავლობაში 7%-იანი მაჩვენებლის შემცირება ვერ მოხერხდა, წლის ბოლოს ნამდვილად უარესი ვითარება შეიქმნება.

მთავრობაში მაინც იმედიანად არიან განწყობილნი, მაგრამ რა აძლევთ მათ ოპტიმიზმის საფუძველს გაურკვეველია. ერთადერთი არგუმენტი, რასაც ისინი ებღაუჭებიან, ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდაა, თუმცა მხოლოდ ამ ინსტრუმენტის მეშვეობით როგორ მოხდება ფასების მოთოკვა, ძნელი წარმოსაგნელია.

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი დარწმუნებულია, რომ შემდეგ თვეებში ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. წლის ბოლოს კი გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვექნება, ვიდრე დღესაა.

„მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა. ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განმარტება, თუ რატომაც გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. სები ამ ინსტუმენტის გარდა იყენებს სხვა ინსტრუმენტებს. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, ამ ეტაპზე, სწორედ ეს ღონისძიება ჩათვალა ყველაზე ეფექტურად იმისათვის, რომ ინფლაციის ტემპი შენელდეს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ჯერჯერობით კი ვითარება სავალალოა. მარტის მსგავსად, აპრილშიც წლიური ინფლაცია 7.2% იყო. სწორედ საქართველოს ეროვნული ბანკის ნაბიჯების მიუხედავად, ფასების ზრდას არაფერი შველის, ამიტომ, გაჩნდა ორნიშნა ინფლაციის საშიშროება, მით უფრო, რომ ამას ლარის გაუფასურებაც ხელს უწყობს.

გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, 28 აპრილს რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაიზარდა, რასაც შედეგი, ჯერჯერობით, არ მოუტანია. ფასების ინდექსის შემცირება მხოლოდ 2022 წლის დასაწყისიდან არის ნავარაუდევი.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აღნიშნავს, დღევანდელი ვითარება არ იძლევა იმის საშიშროებას, რომ ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია დაფიქსირდეს, თუმცა მდგომარეობა სავალალოა.

„ჩვენს ვითარებაში ფასების გაზრდა ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა იმპორტული საქონლის გაძვირება და შემდეგ გაურკვევლობის ეფექტმაც შეასრულა თავისი როლი. აჟიოტაჟური მოთხოვნა წარმოიშვა ზოგიერთ პროდუქციაზე. ამას დაემატა კომუნალური ტარიფებისა და საწვავის გაძვირებაც. ეს კომპონენტებია, რომლებიც ძირითადად მოქმედებენ სამომხმარებლო ფასებზე.

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მთელი 1 პუნქტით გაზარდა. ეს იშვიათად ხდება. მე ორნიშნა ინფლაციას ნამდვილად არ ველოდები, პირიქით, მგონია, რომ მომდევნო თვეებში ეს მაჩვენებელი დაიწევს, ჯერ ერთი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის გამო და მეორეც, ახლა მოდის ზაფხულის თვეები. მაისიდან სექტემბრამდე საქართველოში, ტრადიციულად, დეფლაციური პერიოდია, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იაფდება სეზონური ფაქტორის გამო, ამიტომ მგონია, რომ ეს შიში გადაჭარბებულია და ორნიშნა ინფლაცია არ გვექნება“, - განაცხადა არჩვაძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფასები სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების უმეტესობაზე არის გაზრდილი. ძირითადი 10 პროდუქცია, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები, 2021 წლის აპრილში ასე გამოიყურება:

მზესუმზირის ზეთი გაძვირდა 76,6%-ით; თერმომეტრი - 68,4%-ით; ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 38,5%-ით; საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 34,6%-ით; წიწიბურა - 32,2%-ით; ლურსმანი - 31,9%-ით; სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) - 30,8%-ით; საშინაო ფეხსაცმელი ქალის - 28,8%-ით; ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 28,3%-ით; ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 27,9%-ით.