კოვიდ-19-ის ინდური შტამი, რომელზეც სპეციალისტები ამბობენ, რომ უფრო მაღალი გადამდებლობა და ლეტალობა ახასიათებს, ინფექციონისტების შეფასებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ სურათს დიდად არ შეცვლის და მდგომარეობას არ გაართულებს, თუმცა დღეს არსებული ვითარება საკმაოდ საგანგაშოა და პრაქტიკულად, ახალი შემთხვევების პიკს ვუახლოვდებით, რაც მაისის შუა რიცხვებში იქნება.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ინდური შტამი უკვე შემოსულია, რაც დაავადებათა კონტროლის ევროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლაბორატორიულად არ დადასტურებულა, თუმცა არც იმას გამორიცხავს ქვეყანაში შესაძლოა იყოს კიდევაც ინდური შტამი დაფიქსირებული, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი არ იყოს.
„შესაძლებელია, ქვეყანაში ინდური შტამი არის, მაგრამ ლაბორატორიულად არ დაგვიდასტურებია ლუგარის ცენტრში, მაგრამ დღეს 50 ლაბორატორიაა. შტამის საბოლოო სეკვენირებას ბევრი ვერ აკეთებს და ამიტომ, ისინი ჩვენთან აგზავნიან თუ საეჭვო იქნება. ამიტომ, დიდი ალბათობით, შესაძლებელია იყოს (ინდური შტამი), მაგრამ ჩვენთან სრულად დომინირებს ბრიტანული შტამი“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
საქართველოში ინდური შტამი დადასტურებას უარყოფს ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე. ამასთან, მისივე თქმით, „სინოფარმი“-„სინოვაკის“ ტიპის ვაქცინები და „ასტრაზენეკა“ კარგად მოქმედებს კორონავირუსის ინდურ შტამებზეც.
„ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში ინდური შტამი არ დადასტურებულა. ვერ გეტყვით საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, დადასტურებული რომ ყოფილიყო, ნამდვილად მეცოდინებოდა. რაც ჩვენ ინფორმაცია გვაქვს ინდოელი კოლეგებისგან, იგივე, ვაქცინებს რაც შეეხება, იქ ორი ტიპის ვაქცინაა, ერთია „სინოფარმი“-„სინოვაკის“ ტიპის, მეორე ესაა „ასტრაზენეკა“, ოღონდ ინდოეთში ნაწარმოები. ორივე ეს ვაქცინა ძალიან კარგად მუშაობს ინდურ შტამებზე, ამიტომ, ვაქცინების მხრივ პრობლემა არ არის. ის, რაც ყველა სხვა შტამისგან იცავს - ანუ პირბადე და დისტანციის დაცვა, ძალიან კარგად მუშაობს ინდურ შტამზეც. ასე რომ, არაფერი დიდად არ შეიცვლება, უბრალოდ, ბრიტანული შტამის მსგავსად ის უფრო სწრაფად ვრცელდება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, რომ ინდური შტამის დადასტურება ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათს დიდად არ შეცვლის. მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ დღეს უკვე 2000-ზე მეტია კორონავირუსის ახალი შემთხვევა, ბოლო დროს გახშირებული თავყრილობების შედეგად არის მიღებული. ხმალაძე საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეკომენდაციების დაცვისაკენ.
„თუ ვაქცინა ვალიდური იქნება ინდური შტამის საწინააღმდეგოდ, სანერვიულო არაფერი გვაქვს, მაგრამ თუ აზრი არ აქვს იმ აცრებს, რომელიც უკვე ჩატარდა და ინდური შტამის მიმართ ამ ადამიანებს არ ექნება ანტისხეულები და იმუნიტეტი, ისევ ახალ ვაქცინაზე უნდა ვიფიქროთ, როგორც ხდება ხოლმე გრიპის ვაქცინების დროს. გრიპს უამრავი გენოტიპი აქვს, ამიტომ ყოველ წელს, ახალ-ახალი ვაქცინები არის საჭირო.
ჯერჯერობით სანამ არ დადასტურებულა ინდური შტამის არსებობა, არ უნდა ვინერვიულოთ, თუმცა თუ დადასტურდება და დაემართება კოვიდინფექციის წინააღმდეგ აცრილს, ან გადატანილს, ეს უკვე საკმაოდ საფიქრალი ამბავია. ეს დღეები საკმაოდ დატვირთული იყო, ხალხის თავშეყრილობებით. იყო გამოსვლები, მიტინგები... ყოველი ასეთი ექსცესით ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესება ხდება.
მე თვითონ მომხრე ვიქნები, რომ თუ ასეთი ტემპით წავიდა ინფექციის გავრცელება, შეზღუდვები გახანგრძლივდეს, რადგან რაღაცით უნდა ვებრძოლოთ. მოსახლეობა იცრება, მაგრამ იმ სისწრაფით არ ხდება, როგორც საჭიროა, რომ ეპიდსიტუაცია უკეთესობისკენ წავიყვანოთ“, - თქვა ხმალაძემ For.ge-სთან.
ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, რომ ინდური შტამის უფრო მაღალი გავრცელება კვლევებით ამ ეტაპზე არ დასტურდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ვაქცინები, სავარაუდოდ, ინდური შტამის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოდგება. გოგინავას განცხადებით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ წესები და რეკომენდაციები დაიცვას, რომ შემდეგ ეპიდვითარება ქვეყანაში დასტაბილურდეს.
„ჩვენთან ისეთი ეპიდსიტუაცია არის, რომ ინდური შტამი რაიმე გავლენას მოახდენს თუ არა, რთული სათქმელია. ისედაც, რომელი შტამიც გავრცელებულია, დიდწილად, ბრიტანული შტამია, არის გადამდები და ადვილად ვრცელდება. ინდური შტამი უფრო ადვილად ვრცელდება თუ არა, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.
ინდური შტამი ეპიდსიტუაციას, ალბათ, დიდად არ გაართულებს, მაგრამ რაც უფრო მეტი შტამი იქნება ქვეყანაში, ეს უფრო ცუდია, არის ალბათობა, რომ კიდევ უფრო ადვილად განიცადოს მუტაცია ვირუსმა. ამ წუთისთვის თუ რომელი შტამი ცირკულირებს ქვეყანაში, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნებისმიერი შტამი, რომელიც ადვილად ვრცელდება, იწვევს ცუდ ეპიდსიტუაციას. თუ რეკომენდაციები არ იქნება დაცული, ნებისმიერი შტამი გამოიწვევს ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდას.
ამაზე კვლევები მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში, მაგრამ ვაქცინების უმრავლესობა, რომელიც ხელმისაწვდომია და აკრედიტაცია გავლილი აქვს, არის ეფექტური ინდურ შტამზე, მაგრამ ეს არ არის საბოლო ინფორმაცია. „ფაიზერის“ ხელმძღვანელობამაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ იგი ეფექტურია ინდური შტამის საწინააღმდეგოდ.
დაახლოებით ერთი თვე, თვენახევრის წინ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გვაქვს დღეს ეს ვითარება. დიდი ხანია საუბარია, რომ მაისის შუა რიცხვებში გვექნება პიკი. შემთხვევების მატება დაკავშირებულია იმასთან, რომ დაიწია პირბადის ტარების პროცენტულმა მაჩვენებელმა, მოსახლეობა აღარ იცავს რეკომენდაციებს და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ახლა გვაქვს ასეთი ეპიდსიტუაცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები დავიცვათ იმისთვის, რომ უახლოესი შემდეგი თვეები გვქონდეს სტაბილური და ამ პიკის გადავლის შემდეგ მაინც მივაღწიოთ გარკვეული ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციას“, - თქვა გოგინავამ For.ge-სთან.