ახალი მოთხოვნები მცირე და მიკრო ბიზნესს

ახალი მოთხოვნები მცირე და მიკრო ბიზნესს

ხელისუფლება ე.წ. მცირე და მიკრო ბიზნესს ახალ მოთხოვნებს უწესებს. ეს მოთხოვნა კი იმას ითვალისწინებს, რომ მათ საკუთარი ბუღალტერიის წარმოება მაინც მოუწევთ. მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში კი, დაჯარიმდებიან. ანუ, ე.წ. მიკრო მეწარმე, რომლის თვიური ბრუნვა, შესაძლოა, 200 ლარს არ აღემატებოდეს, ათასობით ლარით დაჯარიმდეს. ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლება იმით სხნის, რომ პრობლემაარ შეექმნათ სხვა მეწარმეებს.

 

„მიკრო და მცირე ბიზნესი რომ შემოდის, რომელსაც წლიური ბრუნვა 100 ათასზე ნაკლები აქვს, თავისუფლდებიან დღგ–ს გადახდისგან. მაგრამ დღეს მე, რომელიც დღგ-ს გადამხდელი ვარ, ამ პირისგან ვერ ვიღებ სათანადო დოკუმენტაციას, რადგან ის გათავისუფლებულია ზედნადებისგან. მე კიდევ თუ ეს არ მომცა, ხარჯებში ვერ გავატარებ და ამიტომ მისგან არ ვიყიდი. ეს იმას ნიშნავს, რომ სტიმულს ვუკლავ მცირე ბიზნესს. ამის სტიმული რომ მივცეთ, „საგადასახადო კოდექსში“ უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მეწარმეს ექნება უფლება, მოითხოვოს ზედნადები და, თუკი მოსთხოვენ, უარის თქმის უფლება არ ექნება“, - აცხადებს ერთ-ერთი ინიციატორი გიორგი გოდაბრელიძე.

 

ეს ინიციატივა ახალ „საგადასახდო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს და როგორც გოდაბრელიძე განმარტავს, 1-ლი იანვრიდან, როდესაც ძალაში შევა ახალი „საგადასახადო კოდექსი“, ეს ნორმაც მასთან ერთად ამოქმედდება.

 

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ აქ მთავარი პრობლემა იქნება ჯარიმის რაოდენობა. ვინაიდან, მისი თქმით, ჯარიმა, შესაძლოა, იმაზე გაცილებით მეტი აღმოჩნდეს, რასაც მცირე თუ მიკრობიზნესის წარმომადგენელი მთელი წლის განმავლობაში გამოიმუშავებს. მაგრამ, ფაქტია, რომ მეორეს მხრივ არსებობს პრობლემა იმ პირებთან მიმართებაში, ვინც დღგ-ს გადამხდელები არიან.

 

თავის დროზე, როდესაც ახალი „საგადასახადო კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობდა, მაშინ ექსპერტთა მხრიდან ერთ-ერთ პრობლემად სწორედ ეს საკითხი დასახელდა. მაგრამ, როგორც მოსალოდენლი იყო, ამ შენიშვნის გათვალისწინება არ მომხდარა.

ამას ემატება ის ფაქტიც, რომ თავად მცირე და მიკრო ბიზნესთან მიმართებაში ხელისუფლების დამოკიდებულება რამდენჯერმე შეიცვალა.

 

მას შემდეგ, რაც ახალ „საგადასახადო კოდექსზე“ დაიწყო მუშაობა, მთავრობამ მთავარ სიახლედ ბიზნესის კატეგორიების ახლებური დეფინიცია გამოაცხადა. ამის მიხედვით კი ხდებოდა მიკრო, მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის ცნებების ახლებური რეგულირება. მთელი აქცენტი კი მცირე ბიზნესზე კეთდებოდა, ვინაიდან დღეს მოქმედი კანონმდებლობით მცირე ბიზნესის კატეგორიაში ითვლება ის, ვისი წლიური ბრუნვაც არ აღემატება 100 000 ლარს. ეს ზღვარი კი 200 000 ლარამდე უნდა გაზრდილიყო.

 

რევოლუციურ იდეად და ეკონომიკის დაუყოვნებლივ აყვავების წყაროდ მთავრობა ერთ-ერთ მთავარ პრინციპად სწორედ ამ საკითხს აცხადებდა, მაგრამ კანონპროექტის მეორე მოსმენისას ეს პრინციპი სადღაც გაქრა. თანაც ისე, რომ მთავრობას ამის შესახებ არაფერი უთქვამს და, როგორც ჩანს, რაიმეს თქმას არც აპირებს. ცხადია, საბოლოოდ კოდექსი სწორედ ამ ფორმით დამტკიცდა.

 

რატომ შეიცვალა ერთ-ერთი მთავარი პრინციპი და თანაც ჩუმად და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, ძნელი სათქმელია.  პოლიტიკოსთან და ექსპერტთა ნაწილი ეჭვობს, რომ მთავრობას უკან დახევა მოუხდა და ეს ყველაფერი იმას უკავშირდება, რომ საზოგადოების მხრიდან წამოსული გარკვეული მოთხოვნების შესრულება მოუხდა.

ახლა კი ამას უკვე ეს ახალი პრინციპიც დაემატა და როგორც „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, „ამით უკვე ის ყველაფერი იკარგება, რითაც აქამდე ხელისუფლება ამაყობდა“.

 

გია ცაგარეიშვილი კი ეჭვობს, რომ „ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენაა მიმართული, რათა მცირე და მიკრო ბიზნესი ისევ დაბეგროს. ჯერ იმას იტყვიან, რომ ეს, სხვა მეწარმეს სჭირდება და ნახეთ, რა კარგები ვართ, ისევ ამათთვის ვაკეთებთო. მერე კი ნელ-ნელა დაჯარიმებაზე გადავლენ, მერე გადასახადებსაც დაუწესებენ და თან ამას ისე გააკეთებენ, თითქოს, ბიზნესი რაიმე შეღავათით სარგებლობდეს. ამიტომაც მგონია, რომ ამ საკითხზე არ უნდა გავჩუმდეთ“.