მოკლული ბიზნესმენი, ბესარიონ ხარძიანის შვილი, ბესო ხარძიანი თბილისის მერს, კახა კალაძეს სოციალურ ქსელში კუს ტბის განვითარების საკითხთან დაკავშირებით მიმართავს. უმცროსი ხარძიანი დედაქალაქის მერს ახსენებს, რომ კუს ტბა მამამისს ეკუთვნოდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ჩამოართვეს წილები და გადასცეს გიორგი უდესიანს.
For.ge უმცროსი ბესო ხარძიანის დაუკავშირდა და საქმის დეტალებში გარკვევა ვთხოვეთ. ვიდრე მის კომენტარს შემოგთავაზებთ, გთავაზობთ უმცროსი ხარძიანის სტატუსს უცვლელად.
„2021 წლის 28 აპრილს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ კალაძის მიერ, მთავრობის სხდომაზე გაჟღერდა, კუს ტბის კომპლექსური განვითარების პროექტის თაობაზე, ამ საკითხთან დაკავშირებით თქვენ მიერ გაკეთებულ განცხადებაში თქვით, რომ პირველ რიგში აპირებთ შეხვდეთ ტერიტორიის მესაკუთრეებს.
გაცნობებთ, რომ კუს ტბის ტერიტორიის ნაწილი წლების განმავლობაში წარმოადგენდა 2015 წლის 28 მარტს მოკლული ბესარიონ ხარძიაინის და მისი ოჯახის წევრების საკუთრებას.
2011 წელს ბესარიონ ხარძიანი, უკანონოდ დააკავეს და გლდანის მე-8 საპყრობილეში იძულებით დაათმობინეს კუს ტბის წილები. აღნიშნულის თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით (საქმე #2-/14534-13) დადგენილია, რომ 2011 წლის 20 აპრილის შპს „კუს ტბა პალასის“ და შპს „კუს ტბა კალას“ საწესდებო კაპიტალის ბესარიონ ხარძიანის, ეკა ნონიკაშვილის, გიორგი ხარძიანის და ეკატერინე პატიეშვილის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებები გაფორმდა იძულების შედეგად და ადგილი ჰქონდა მოსარჩელეების ნების გამოვლენაში უკანონო ჩარევას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად იქნა ცნობილი ბესარიონ ხარძიანის ციხეში წამების შედეგად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
კუს ტბის ამჟამინდელი „მესაკუთრე“, როგორც თქვენ უწოდებთ, ბესარიონ ხარძიანის წამებისა და იძულებით დადებული გარიგების საფუძველზე „ფლობს“ კუს ტბის 43%-იან წილს, რომლის თაობაზე ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა და სხდომა ჩანიშნულია 2021 წლის 19 მაისს.
გარდა სამოქალაქო დავისა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია იხილავს გიორგი უდესიანის (ამჟამინდელი ერთ-ერთი „მესაკუთრე“) სისხლის სამართლის საქმეს. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 144 პრიმა მუხლის (წამება) მეორე ნაწილის „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით და 181-ე მუხლის (გამოძალვა) მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
ბესარიონ ხარძიანის მიმართ 2015 წელს განხორციელებული შეკვეთილი მკვლელობა, პირდაპირ კავშირშია კუს ტბის დავასთან.
სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ კუს ტბის რეაბილიტაციის პროექტზე საუბრისას, ახსენებთ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებულ „მესაკუთრეს“. ბესარიონ ხარძიანის ყველაზე დიდი ოცნება იყო კუს ტბის განვითარება, დღემდე არსებული ინფრასტრუქტურა, სწორედ მისი მფლობელობის დროსაა გაკეთებული. 2011 წლის შემდეგ, ამჟამინდელ „მესაკუთრეს“ არაფერი გაუკეთებია კუს ტბისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ინიციატივაა მისი რეაბილიტაცია და ჩვენი ერთადერთი სურვილი მისი განვითარება და კეთილმოწყობაა, თუმცა 10 წელია ვიბრძვით სამართლიანობის აღდგენისთვის და იძულებით დათმობილი ქონების დასაბრუნებლად.
კუს ტბას სიცოცხლის ფასად შეეწირა ბესარიონ ხარძიანი, თქვენ კიდევ მოლაპარაკებას მართავთ მის უკანონო მესაკუთრესთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ თქვენთვის, ზემოთ ხსენებული ფაქტების თაობაზე უცნობი იყო, რაც ასევე ძალიან სამწუხაროა, გაცნობებთ, რომ კუს ტბის 43%-იან წილზე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა, ამიტომ უკანონო მესაკუთრეებთან კუს ტბის განვითარებაზე მსჯელობა ვფიქრობთ, რომ ამორალურია“, - ნათქვამია მოკლული ბიზნესმენის შვილის განცხადებაში.
როგორც უმცროსმა ბესო ხარძიანმა For.ge -ს განუცხადა, კუს ტბის განვითარების საკითხთან დაკავშირებით განცხადებით მერიას მიმართა და შეახსენა, რომ მერია სადაც რეკრიაციული ზონის მოწყობას აპირებს, მის ოჯახს ეკუთვნის. მისივე თქმით, მისი მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ მერიას ხარძიანების ოჯახის პოზიცია სცოდნოდა.
„გულწრფელად რომ გითხრათ, ამ ეტაპზე, ყველაფერი იმ განცხადებაში წერია რისი თქმაც მინდოდა. დასამატებელი არაფერია და ვფიქრობ, რომ ადრესატამდეც მივიდა ის, რაც დავწერე და მერიაშიც ჩავაბარე განცხადება. პასუხისგან თავს არ ვირიდებ, უბრალოდ საკმარისი მგონია ამ მომენტისთვის ის, რაც დავწერე, დანარჩენი გამოჩნდება. ჩემთვის მთავარია სამომავლოდ რაღაცეები გაითვალისწინონ. მთავარი მიზანი ოჯახის პოზიციის ადრესატამდე მისვლა იყო და დანარჩენი მერიაზეა დამოკიდებული რამდენად გაითვალისწინებენ ოჯახის პოზიციას“, - განუცხადა უმცროსმა ბესო ხარძიანმა for.ge-ს.
ჩვენ დავინტერედით თბილისის მერიაში ხარძიანების ოჯახის განცხადებაზე რა პასუხი აქვთ. როგორც დედაქალაქის მთავრობაში for.ge-ს განუცხადეს, მერია კუს ტბის საკუთრების საკითხს არ იხილავს და მისი ფუნქცია სწორი გეგმარებაა და აღნიშნულ დავასთან კავშირი არ აქვს.
„თბილისის მერია კუს ტბის საკუთრების საკითხს არ იხილავს. მუნიციპალიტეტის მიზანია ქალაქის ამ უმნიშვნელოვანესი რეკრიაციული სივრცის რეკონსტრუქცია და მისი სათანადო გეგმარება. მუნიციპალიტეტის ფუნქცია სწორი გეგმარებაა, რასაც აღნიშნულ დავასთან კავშირი არა აქვს. თბილისის მერია პატივს სცემს დავის მონაწილეთა სამართლებრივ ინტერესებს და რასაკვირველია, მხედველობაში მიიღებს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ კუს ტბის კეთილმოწყობის გეგმარება ხდება თბილისელებისთვის და ამასთან ამ გეგმარების შედეგად მეპატრონეებისთვისაც ქონებას ფასი ემატება. შესაბამისად, როგორც უნდა დასრულდეს კუს ტბის შესახებ ქონებრივი დავა, საბოლოოდ მეპატრონეებს დარჩებათ უფრო ძვირადღირებული ქონება, ხოლო დედაქალაქის მაცხოვრებლებს კი სწორად დაგეგმარებული კუს ტბა, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება“, - განუცხადეს for.ge-ს თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობას იწყებს და ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება დაავალა.
„არავის მოგვწონდა ის, რაც წინა წლებში ხდებოდა - მიზანმიმართული განადგურება რეკრეაციული სივრცეების, სპორტული მოედნების, რომლის გამოყენება შემდეგ სამშენებლო მიმართულებით ხდებოდა. ქალაქში გვაქვს კუს ტბა და მიმდებარე ტერიტორია, რომლითაც ძალიან ბევრი თბილისელი სარგებლობს, თუმცა, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ იქ არსებული მდგომარეობა სახარბიელო არაა. ჩვენ, მუნიციპალიტეტმა და თბილისის საკრებულომ დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით. იცით, რომ ტერიტორიას ჰყავს კერძო მფლობელი. გვქონდა კომუნიკაცია, რომ ამ ტერიტორიის განახლება და მოწესრიგება მოხდეს, რათა უფრო მიმზიდველი იყოს და სასიამოვნო გარემო შევქმნათ. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ტერიტორია ამ კომპანიაზე საკუთრების უფლებით გადაცემულია ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როდესაც ზოგადად, ქვეყანაში პრივატიზაციის პროცესი დაიწყო“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში მოკლული ბიზნესმენი იხსენებს, როგორ წაართვეს მას კუს ტბის წილები.
„2011 წლის 16 თებერვალს დამაკავეს გმირთა მოედანზე, ჩამიდეს ნარკოტიკული საშუალება, პირშიც
ჩამაყარეს ნარკოტიკი და გლდანის ციხეში გამამწესეს. ჩემი სიცოცხლისა და თავისუფლების სანაცვლოდ, ჩემს ოჯახს წილის დათმობა აიძულეს (მინდობილობა ოჯახის წევრებზე მქონდა გაფორმებული). წინა ხელისუფლების მთავარი ზონდერი გია უდესიანი ჩემს დას 5-6-ჯერ შეხვდა, ჩემს ძმას კი სცემა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ციხეში ჩემზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზემოქმედება. მოკლედ, იძულებით დამათმობინეს კომპლექს „კუს ტბის“ აქციები. რა თქმა უნდა, მომატყუეს, არ გამათავისუფლეს და 2 წელი გავატარე პატიმრობაში. რომ არა ახალი ხელისუფლება, ალბათ, ცოცხალიც არ ვიქნებოდი. დათა ახალაია-გია უდესიანის ბინძურ ტანდემს შევეწირე და დღეს „კუს ტბის“ აქციების 43% ბადრი ქურასბედიანისა და გია უდესიანის ხელშია. ეს ადამიანები ამოეფარნენ კომპანიას ოფშორში, რომელიც „უოლმილ სერვისის“ სახელით არის დარეგისტრირებული. სანამ ეს ამბები მოხდებოდა, 5 მილიონი გადამახდევინეს, იმ პირობით, რომ „კუს ტბის“ თაობაზე არ შემეხებოდნენ. ასევე, შემომთავაზეს პარლამენტარობა და მთხოვეს კენჭი მეყარა, რაზეც უარი ვუთხარი. ასევე, მთავაზობდნენ სხვისთვის წართმეულ ბიზნესებს, მაგ. „ჟინვალჰესი“ უნდა წაერთმიათ ბიზნესმენ ჭიჭინაძისთვის და ჩემთვის გადმოეცათ, ამაზეც არ დავთანხმდი. მოკლედ, არ ვიყავი „მათიანი“ და ამიტომაც დამსაჯეს“, - ნათქვამია ინტერვიუში.
ხოლო, 2015 წლის მარტში ბესარიონ ხარძიანს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოსთან ესროლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული 4 ჭრილობის შედეგად, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
....და თან რამდენია ასეთი?? ........აუუუუუუუ................. რა ჩამოთვლის
ჰოოოდა იმიტომაც ვაგინებ ბიძინას ხოლმე, ამისთანა ამბები რომ გააატარა ......
ეხლაც ეგე 20 ივნისი, 20 ივნისიო რომ სპეკულიანტობენ............ იმ ელჩს პირში ბურთს ვერ ჩათხრიააან?? ვერჩასტხრიააან??
რატო არ ეუბნებიან თქ.იმათ% ხალხი დახოცეს თეტერ სახლზე სეტევის დროს და ამათ მელიას დაწირის გამო მსოფლიო უჩივის
....და თან რამდენია ასეთი?? ........აუუუუუუუ................. რა ჩამოთვლის
ჰოოოდა იმიტომაც ვაგინებ ბიძინას ხოლმე, ამისთანა ამბები რომ გააატარა ......
ეხლაც ეგე 20 ივნისი, 20 ივნისიო რომ სპეკულიანტობენ............ იმ ელჩს პირში ბურთს ვერ ჩათხრიააან?? ვერჩასტხრიააან??
რატო არ ეუბნებიან თქ.იმათ% ხალხი დახოცეს თეტერ სახლზე სეტევის დროს და ამათ მელიას დაწირის გამო მსოფლიო უჩივის