ვაქცინაციის პროგრამა ტურიზმის გადასარჩენად, რომელზეც უკვე აზრთა სხვადასხვაობაა

ვაქცინაციის პროგრამა ტურიზმის გადასარჩენად, რომელზეც უკვე აზრთა სხვადასხვაობაა

ქვეყანაში ტურიზმი სულ უფრო იძირება. იმისთვის, რომ ზამთრის სრული კრახი ზაფხულის სეზონზეც არ განმეორდეს, მთავრობა ნაბიჯების გადადგმას იწყებს. ვაქცინაციის პრიორიტეტების ნუსხას ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმებულები დაემატნენ.

ვაქცინაციის პროცესში ეკონომიკის სამინიტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მოქმედი ასოციაციების თანამშრომლები ჩაერთვებიან. ბიზნესი იწონებს გადაწვეტილებას, თუმცა მხოლოდ ნებაყოფლობითობის გათვალისწინებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმი რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს, მსოფლიომ უნდა შეიტყოს, რომ ჩვენი ტურისტული ინდუსტრია კოვიდ-უსაფრთხოა. ეს სწრაფი ვაქცინაციის გზითაა შესაძლებელი, რადგან ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში დაგვეხმარება. აქედან გამომდინარე, სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან. რაც შეიძლება სწრაფად უნდა შედგეს რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორების თანამშრომელთა სიები და შემდეგ მოხდება მათი ნებაყოფლობითი, ორგანიზებული ვაქცინაცია, რაშიც ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ტურიზმის სექტორში მოქმედ კომპანიებს, სადაც აცრილი თანამშრომლების რაოდენობა დიდი იქნება, სახელმწიფო საერთაშორისო ასპარეზზე პოპულარიზაციაში დაეხმარება.

ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობას ბიზნესის ნაწილი მიესალმება. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ეს გარემოება ქვეყანაში ტურისტებს მოიზიდავს. შოთა ბურჯანაძის აზრით, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინაციის მოწინააღმდეგეა, რაც ამ პროცესს ხელს შეუშლის. ამიტომ პროცესის წახალისების მიზნით, დამსაქმებლებმა ვაქცინირებულ დასაქმებულებს შესაძლოა, პრივილეგიები მიანიჭონ.

„ეს დადებითი იმპულსია ტურისტებისთვის, რომლებიც ჩამოვლენ. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ სფეროს, სადაც მომსახურებას იღებენ, სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულწილად პრიორიტეტი ენიჭებოდეს. ეს პროპაგანდა ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ დადებითის მომტანია.

სახელმწიფოს მხრიდან არ არის სავადებულო ვაქცინაცია და რა თქმა უნდა, ეს ვერც დამსაქმებლის მხრიდან გახდება, მაგრამ, შესაძლებელია, დამსაქმებელმა თავად შეიმუშაოს ვაქცინირებული დასაქმებულებისთვის გარკვეული უპირატესობა. არავაქცინირებულებისთვის ვთქვათ, ბონუსი არ გამოყოს ან რაღაც ამგვარი. ამ პრიორიტეტს დამსაქმებელი თავად განსაზღვრავს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ტურიზმის ინდუსტრიაში რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრია, ამას სასტუმროების ფედერაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილიც ადასტურებს. სექტორში აზრი ორად იყოფა და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ მეტი სიცხადე არსებობდეს. ვაქცინაცია ნებაყოფლობითი უნდა იყოს და მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხო სასტუმროებისა და რესტორნების სტატუსი საერთაშორისო ასპარეზზე ტურიზმის მიმართულებით ქვეყნის იმიჯს გააუმჯობესებს, იძულებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

„სექტორში ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრი გაყოფილია, ვიღაც ვაქცინაციის მომხრეა, ვიღაც - არა. როგორც მივხვდით, ეს ჯერ იდეის დონეზეა. ამ გადაწყვეტილების შესახებ სექტორმა არაფერი იცოდა, ტელევიზორიდან გავიგეთ, რაც ჩვენთვის უცნაურია. სექტორიც უნდა მოემზადოს და ამის შემდეგ უნდა მოხდეს სიების გადაცემა.

უნდა ჩამოვყალიბდეთ, კომუნიკაცია უნდა შედგეს, პორტალი უნდა შეიქმნას სასტუმროებისთვის ცალკე, რესტორნებისთვის - ცალკე. სექტორში, ისევე როგორც ქვეყანაში, აზრი ორად არის გაყოფილი და მე პერსონალს აცრას ვერ დავაძალებ“, - განუცხადა შალვა ალავერდაშვილმა „ბიზნეს მედიას“.

ლაზი რა თქმა უნდა, ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი, მაგრამ უზრუნველყოფილი უნდა იყოს აუცილებელი სოციალური მომსახურების მიმღების უსაფრთხოება.
კერძოდ: ჯანდაცვის სისტემაში, სასწავლო დაწესებულებებში, სასტუმრო, სარესტორნო, კვების, , საზოგადოებრივი ტრანსპორტის (ტაქსების ჩათვლით) და ნებისმიერ სავაჭრო ობიექტზე (ბაზრობების ჩათვლით) სამუშაოდ უნდა დაიშვან მხოლოდ ვაქცინირებული პირები.
ეს არის, არსებულ სიტუაციაში, ერთად ერთი გამოსავალი, მაგრამ ამისათვის აუცილებელია ვაქცინის საკმარისი რაოდენობა, რაც დღეისათვის არ არსებობს. როგორც კი დაანონსებულ რაოდენობას შემოიტანენ, ამ პირობის დაწესება აუცილებლად დადგება დღის წესრიგში.
სხვანაირად ვერც ტურიზმი გამოცოცხლდება და ვერც საზღვრები გაიხსნება.
3 წლის უკან