ხელნაწერები ვილაიეთიდან

ხელნაწერები ვილაიეთიდან

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში აკადემიკოს სერგი ჯიქიასა და პროფესორ ნოდარ შენგელიას წიგნის “1728 წლის თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი" (II ტომი) პრეზენტაცია გაიმართა.


 


“თბილისის ვილაიეთის დიდი დავთარი" ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა აღმოსავლეთ საქართველოსა და საერთოდ, ამიერკავკასიის ხალხთა ისტორიის შესასწავლად. იგი შეიქმნა ოსმალეთის იმპერიის მიერ თბილისის დაპყრობის (1723 წ.) შემდეგ. დავთარს, როგორც წყაროს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის, ონომასტიკის, საისტორიო გეოგრაფიისა და სხვა საკითხების შესასწავლად.


 


თბილისის ვილაიეთის 1728 წლის დიდი დავთარი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ისტორიის შესახებ ძალზე საინტერესო მონაცემებს.


 


თბილისის ვილაიეთის დავთრის ორივე ტომი იძლევა ცნობებს ოსმალური გადასახადების შესახებ. წყარო ერთ-ერთი საუკეთესო მასალაა ოსმალური გადასახადებისა და საგადასახადო სისტემის მთელი რიგი საკითხების შესასწავლად.


დავთარში დასახელებულია 1000-ზე მეტი სოფელი. მას იქვე აქვს მიწერილი თითოეული სოფლისთვის დაწესებული გადასახადების რაოდენობა. დავთრების გამოქვეყნებით ქართულ ისტორიოგრაფიაში მრავალ საინტერესო საკითხს გაეცემა პასუხი.


 


ფართო საზოგადოების წინაშე ვილაიეთის დიდი დავთრის პირველი ტომის პრეზენტაცია ერთი წლის წინ შედგა.  გამოცემის პრეზენტაციაზე პროფესორმა ნოდარ შენგელიამ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადასცა თურქეთში დაცული ხელნაწერების ასლი.