ხელისუფლება ადგილობრივი ხორცის ბიზნესს ვერა და ვერ ეშვება. ვითარება უკვე კაზუსამდე მივიდა. მთავრობა ერთ დღეს გამოსცემს ახალ განკარგულებას, მეორე დღეს გააუქმებს, მესამე დღეს ისევ აღადგენს და ასეთი უაზრობა გრძელდება კვირიდან კვირამდე.
საქონლის ხორცის პირველადი დამუშავების, გადაზიდვისა და ვაჭრობის პირობები მკაცრდება, რაც გულისხმობს ცხოველის დაკვლას სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოზე. ამის შემდეგ გაიცემა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაკლული ცხოველი ჯანმრთელია და ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით დაიკლა. თბილისის ტერიტორიაზე სავალდებულოა, აღნიშნული დოკუმენტი თან ახლდეს პროდუქციას გადაზიდვისა და რეალიზაციის დროსაც.
„ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, 321-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ცხოველების სახორცედ დაკვლა მათი რეალიზაციის მიზნით დაიშვება მხოლოდ ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ. ცხოველების, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების დამზადება, შენახვა, გადამუშავება, გადაზიდვა და რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ვეტერინარულ-სანიტარული უსაფრთხოების წესების დაცვით.
ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული უსაფრთხოების წესები განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.
როგორც სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენელი ვერიკო გულუა აცხადებს, აღნიშნული კანონი ძალაში რამდენიმე დღის წინ შევიდა, რომელიც გულისხმობს ცხოველის დაკვლას სპეციალურად მოწყობილ სასაკლაოზე. ამის შემდეგ გაიცემა კანონით გათვალისწინებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაკლული ცხოველი ჯანმრთელია და რომ ის ვეტერინარულ-სანიტარული წესების დაცვით დაიკლა.
არადა, ბოლო ორი თვის განმავლობაში ადგილობრივი წარმოების ხორცთან დაკავშირებით ბრძანებებს და კანონებს ისეთი სისწრაფით იღებენ და აუქმებენ, რომ ყველას თავგზა აებნა. ბოლო განკარგულება სასაკლაოებზე საქონლის დაკვლის ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებდა, რასაც სულ რამდენიმე დღის წინ სწორედ ასეთი ნორმის დაწესება უძღოდა წინ.
პირუტყვის მხოლოდ სასაკლაოზე დაკვლის ვალდებულება რომ გაუქმდა, ამის თაობაზე საზოგადოებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ალეკო ცინცაძემ პარლამენტიდან ამცნო და ემ ყველაფერი სასაკლაოების არასათანადო ინფრასტრუქტურით ახსნა.
„აღნიშნული დათქმა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შემოღებული, რაც ქვეყანაში სასაკლაოების ინფრასტრუქტურა ფართოდ განვითარდება“, - აღნიშნა ცინცაძემ.
მანამდე კი წესით უნდა ამოქმედებულიყო ვალდებულება, რომ ხორცი შესაბამისი სანიტარული ზედამხედველობის ქვეშ დამზადებულიყო. თუმცა, უცებ აღმოჩნდა, რომ სათანადო ინფრასტრუქტურა უკვე მომზადებულია. ყოველ შემთხვევაში, ამას მოწმობს ახალი კაონოის ამოქმედება, რომელიც ისე შევიდა ძალაში, არავის გაუგია.
არადა, ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით სულ 6 სასაკლაო ფუნქციობს. წესით მოკლე ხანში, კიდევ 6 უნდა გაიხსნას. ასეთი ინფორმაციის შემდეგ, ძნელი სათქმელია რამდენად გამართულად არის მოწყობილი ცინცაძის ნახსენები ინფრასტრუქტურა და რამდენად გაუძლებს დატვირთვას ნაგულისხმევი სასაკლაოები. მით უმეტეს, რომ ახალი წელი და შობა კარზეა მომდგარი და ხორცსა და ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა ელვის სისწრაფით გაიზრდება.