იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა „იუვენტუსს“ უახლოვდება. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ ფეხბურთელის აგენტთან, მინო რაიოლასთან მუდმივ კონტაქტზეა და ოთხშაბათს, მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა შედგა.
„იუვე“ მზადაა დონარუმას მოთხოვნილი ხელფასი (10 მილიონ ევროზე მეტი) გადაიხადოს. 21 წლის კიპერს „როსონერისთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მის განახლებაზე უარს ამბობს, რადგან ლომბარდიული გრანდი ხელფასის სახით მაქსიმუმ 8 მილიონ ევროს სთავაზობს, რაზეც ჯიჯო თანხმა არაა.
ასე რომ, თუ ხელშეკრულება არ განახლდება, დონარუმა ზუსტად 2 თვეში თავისუფალი აგენტი გახდება და „იუვენტუსიც“ ამიტომ აქტიურობს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსფერზე წინასწარი შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია, კვლავ არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები.
პირველი ის არის, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის საგზური აუცილებლად უნდა მოიპოვოს, რაც კლუბს დამატებით 80 მილიონი ევროს შემოსავალს მოუტანს და ეს აუცილებელი პირობაა მეკარის ხელფასის ასანაზღაურებლად. გარდა ამისა, დონარუმასაც ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რადგან ამ ტურნირზე აქამდე ერთხელაც არ უთამაშია. სხვათა შორის, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის სწორედ „მილანის“ კონკურენტია და ორივე გუნდს 66 ქულა აქვთ, ხოლო 9 მაისს ტურინში ხვდებიან და ბევრი რამ იმ მატჩში გადაწყდება.
მეორე დაბრკოლება ვოიცეხ შჩესნია. პოლონელი მეკარე ტურნელებმა აუცილებლად უნდა გაყიდონ და ამ ეტაპზე არსებობს პრემიერლიგური ვარიანტები. შჩესნი „იუვენტუსში“ 7 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ცხადია, პიემონტელებს არ სურთ, რომ დონარუმას დამატების შემთხვევაში სათადარიგო კიპერს ასეთი გასამრჯელო უხადონ. შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმას „მილანში“ დებიუტი 2015 წელს ჰქონდა და მას შემდეგ შავ-წითელთა რიგებში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.