ზაფხული კარზეა მომდგარი და ტურიზმის აღდგენის პერსპექტივა ქვეყანაში ძალიან ბუნდოვანია. მესამე ტალღის შიშმა და ვაქცინაციის დაბალმა მაჩვენებელმა ვითარება გაააუარესა. არც ის არის გამორიცხული, რომ ყველაზე აქტიური საკურორტო სეზონი კიდევ ერთხელ ჩავარდეს.
ეკონომიკისა და ტურიზმის ტრენდის ანალიზზე დაყრდნობით, Colliers georgia-მ მოამზადა ტურიზმის სექტორის შემოსავლების აღდგენის პროგნოზი. მათი მოდელის მიხედვით, პანდემიის მიერ გამოწვეული კრიზისის ნეგატიური ეფექტი გასტანს დაახლოებით 4-5 წელს, თუმცა აღდგენა ეტაპობრივად მოხდება და 2019 წლის შედეგები მიღწეული იქნება 2024 წლისთვის.
„2020 წლის საქართველოს ტურიზმის მონაცემები გვაჩვენებს, რომ საერთაშორისო ტურიზმი, 2019 წელთან შედარებით, 79%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი ტურიზმი შემცირდა 10%-ით (საქსტატი). სავარაუდოა, რომ საერთაშორისო ტურიზმის დაბალი აქტივობა 2021 წელსაც გასტანს. საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის დაბალ ტრენდზე იმოქმედებს ვაქცინაციის დაბალი ტემპი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში.
ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 70% ვაქცინირებული უნდა იყოს 2021 წლის ზაფხულისთვის, საკმაოდ იმედისმომცემია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებსაც აქვთ ვაქცინაციის გეგმები, თუმცა ნაკლებად ამბიციური. მიუხედავად ამისა, თუ გადავხედავთ ვაქცინაციის მიმდინარე ტემპს ტურიზმის სამიზნე ქვეყნებში, შეიძლება ითქვას, რომ პროცედურა გაგრძელდება არანაკლებ 2021 წლის ბოლომდე.
საქართველოში ვაქცინაცია დაწყებულია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები ხელმისაწვდომია ამ ეტაპისთვის ვაქცინის პირველი დოზა მიიღო 35 000-მა ადამიანმა, რაც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების აზრით, გვიან შემოდგომაზე მოსალოდნელია პანდემიის მორიგი ტალღის განვითარება, რაც თავის მხრივ, გამოიწვევს დამატებით შეზღუდვებს ეკონომიკურ აქტივობასა და გადაადგილებაში.
ამ არგუმენტზე დაყრდნობით, ჩვენი აზრით, საერთაშორისო ტურიზმი 2019 წელთან შედარებით აღდგება 30%-ით, რაც მოხდება ზაფხულის სეზონის ხარჯზე. 2022 წელს მოსალოდნელია ტურიზმის აღდგენის უფრო მაღალი მაჩვენებელი, ვინაიდან ამ დროისთვის მეტი ადამიანი იქნება აცრილი. 2022 წელს საერთაშორისო ტურიზმი მიაღწევს 2019 წლის მაჩვენებლის 60%-ს. საერთაშორისო ტურიზმი 2019 წლის შედეგს მიუახლოვდება 2023 წელს და ამ მონაცემს გადააჭარბებს 2024 წელს“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.
საქართველოში ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან შემოდიან. ტურისტების რაოდენობით წამყვანი ქვეყნებია: რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და ევროკავშირის ქვეყნები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მეზობელი ქვეყნებისთვის (და არამარტო მათთვის) საჰაერო საზღვრების ოფიციალურად გახსნაზე, ერთის მხრივ, შესაძლოა, შვების მომტანი იყოს ტურიზმის სექტორისთვის, თუმცა მეორე მხრივ ახალი რისკის წინაპირობად შეიძლება იქცეს.
ავიაციის ექსპერტის, იასე ზაუტაშვილის განცხადებით, ტურისტული სექტორის განვითარებას ეპიდემია განსაზღვრავს. თუ მთავრობა „ლოქდაუნებს“ მოუხშირებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ზაფხულის სეზონი ჩავარდება.
„ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება კორონავირუსის მხრივ. მთელი ტურისტული სექტორი, მათ შორის -სამგზავრო გადაზიდვები, აბსოლუტურად მიბმულია კორონავირუსზე. თუ ჩვენთან მხოლოდ და მხოლოდ „პისიარ“ ტესტით ექნებათ საშუალება მგზავრებს, იმოძრაონ, მაშინ, რასაკვირველია, არის პერსპექტივა იმისა, რომ მგზავრთა ნაკადი გაიზარდოს და ზაფხულის სეზონი წარმატებით ჩატარდეს. თუ ჩვენი მთავრობა „ლოქდაუნებს“ მოუხშირებს და ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო დაწესდება შეზღუდვები, მაშინ, რა თქმა უნდა, სეზონი ჩავარდება, როგორც მოხდა შარშან.
ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის პროცესის ეფექტიან ჩატარებასთან. მაგალითად, ისრაელში აცრილი მოსახლეობის პროცენტულმა მაჩვენებელმა 64%-ს გადააჭარბა და იქ ტურზმის სექტორი უკვე განვითარდა, ჩვენთან კი ვითარება კატასტროფულია, ნელი ტემპით მიდის ვაქცინაციის პროცესი, პერსპექტივა ნაკლებია“, - აღნიშნა ზაუტაშვილმა.