მსოფლიოს კორონავირუსის მესამე ტალღამ შეუტია. ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარება ინდოეთშია. ყოველდღიურად ინდოეთში დაახლოებით 300 ათასზე მეტი კოვიდ19-ის ახალი შემთხვა ფიქსირდება, ხოლო გარდაცვალილთა რაოდენობა 3 ათასს აღწევს. ამის გამო კრემაციისთვის განკუთვნილი ადგილები საკმარისი აღარ არის.
ასევე, კოვიდ19-ის რეკორდული მაჩვენებლის გამო, ამერიკამ, გერმანიამ, იტალიამ და ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, ინდოეთთან საზღვრები ჩაკეტა.
For.ge ინდოეთში ადგილობრივ ჟურნალისტს, რაგრავ ჩოპრას დაუკავშირდა. მისგან შევიტყვეთ თუ რა მდგომარეობაა კორონავირუსის მხრივ, როგორ ახერხებს ინდოეთის მთავრობა კრიზისის დაძლევას და მიმდინარეობს თუ არა ვაქცინაცია.
რაგრავ დიდი მადლობა,რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. მსოფლიოს კორონა ვირუსის მესამე ტალღამ შეუტია. ამ მხრივ ინდოეთი ლიდერია. შეგიძლიათ გვითხრათ ახლა როგორი მდგომარეობა არის?
- ვერ ვიტყოდი, რომ მესამე ტალღაა, რეალურად მეორე ტალღას უწოდებენ. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. თითქმის ყველაფრის დეფიციტია - დაწყებული საწოლების დეფიციტიდან, წამლებით და ჟანგბადის ნაკლებობით დასრულებული. კრემაციის ადგილები სავსეა, სამარხების ადგილები ფაქტობრივად აღარ არის.
ასეთი კრიზისი რატომ შეიქმნა?
- პირველ რიგში იმიტომ, რომ ცუდი დაგეგმარება იყო. ვაქცინაცია ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. იყო გავრცელების რამდენიმე არეალი, მაგალითად მიტინგები, რამაც გამოიწვია კოვიდინფიცირების მატება.
რეგულაციები არ მოქმედებს?
- მკაცრი რეგულაციები არ არის დაწესებული, ამიტომ მოსახლეობა მას ხშირად არღვევს. ინდოეთის მთავრობამ შექმნა ისეთი შეხედულება, რომ ყველაფერი კონტროლდება და ცხოვრება ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს, ამის გამო კი ხალხი რეგულაციებს არ იცავს.
ახლა, როდესაც კრიზისია, მთავრობა ვირუსის შესაჩერებლად რას აკეთებს?
- ამჟამად ცდილობს კრიზისის კონტროლს. პირველ რიგში, ცდილობს ჟანგბადი სწორად გაანაწილოს. სხვადასხვა ქვეყანამ ჟანგბადის მხრივ დახმარება გაგვიწია. ახლა ჟანგბადიც და საწოლებიც სწორად ნაწილდება. შემდეგი თვიდან ვაქცინაცია შეეძლება ყველა იმ მოქალაქეს, ვინც 18 წელს ზემოთ არის. მთავრობა ასევე აცხადებს, რომ ინდოეთი ძალიან მალე მიიღებს „ფაიზერისა“ და „სპუტნიკის“ ვაქცინას.
ინდოეთში კორონავირუსის გამო სიკვდილიანობა მაღალია. კრემაციის ადგილები აღარ არის და როგორ ახერხებთ ამ პრობლემის გადაჭრას?
- კრემაციისთვის დამატებითი სივრცეები იქმნება. იდეალურ შემთხვევაში საჭიროა სიკვდილიანობის შემცირება. ჟანგბადის მომარაგების განახლება ამ მხრივ პირველი ნაბიჯია.
თქვენ იღებთ ჟანგბადს სხვადასხვა ქვეყნიდან და ამხელა ქვეყნისთვის ეს საკმარისია?
- მთავრობის განცხადებით, ჟანგბადის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი იქნება.
მედ-პერსონალი საკმარისია?
- დიახ.
ცნობილია, რომ რამდენიმე ქვეყანამ ინდოეთთან საზღვრები დაკეტა, ეს ქვეყნისთვის პრობლემა არ არის?
- დიახ, არსებობს უამრავი სამგზავრო შეზღუდვა, რამაც გამოიწვია შეფერხება. არის შემთხვევები, როდესაც მოსახლეობას სამუშაოს გამო წასვლა სჭირდება, მაგრამ ამას ვერ ახერხებს. მაგალითად, ზოგიერთი უცხოელი მოთამაშე, რომელიც IPL- ში (კრიკეტის ჩემპიონატი) თამაშობდა, თავის ქვეყანაში დაბრუნდა.
ქვეყანაში, თავისთავად, ეკონომიკური კრიზისიც იქნება?
- ინდოეთი კორონავირუსის პირველი ტალღის შემდეგ ეკონომიკურ კრიზისშია. მის აღდგენას კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება. სამწუხაროდ, „ლოქდაუნებმა“ სამუშაო ადგილების დაკარგვა გამოიწვია.
მოსახლეობა როგორ შეხვდა ეკონომიკურ კრიზისს და მთავრობა რას აკეთებს მის აღმოსაფხვრელად?
- „ლოქდაუნის“ შემდეგ, ეკონომიკის აღორძინებისთვის მთავრობამ პირველი რაც გააკეთა, იყო გარკვეული შეღავათების დაწესება. თუმცა, შექმნილი ვითარების შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად მაინც მეტი ძალისხმევა იქნება საჭირო. ამასთან დაკავშირებით ნათელი წერტილი ჯერჯერობით არ არის.
ცნობილია, რომ ინდოეთში ბევრი ღარიბი ადამიანი ცხოვრობს. ამ კრიზისმა შიმშილობა და სიკვდილიანობა გაზარდა?
- შიმშილობა ნამდვილად არ არის. თუმცა, ამ ეკონომიკურმა კრიზისმა შიდა მიგრაცია გამოიწვია - მოსახლეობა ქალაქიდან სოფლებში დაბრუნდა. ამჯერად, ქვეყნის მთავრობამ ზოგიერთ მრეწველობასა და ქარხანას საშუალებას მისცა მუშაობა გააგრძელონ და ხალხი დაუბრუნდეს სამუშაოს. მეტი ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდება, როდესაც „ლოქდაუნი“ მოისხნება და ყველაფერი ნორმალურ რეჟიმში ჩადგება.
ინდოეთში ვაქცინაციის რა პროცენტია დაახლოებით გაკეთებული?
- ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ონლაინ სტრიმინგ პლატფორმაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა.
თავად თუ გაიკეთეთ ვაქცინა?
- ჯერ არა, რადგან ჯერ უფლებამოსილი არ ვარ. მაისში შევძლებ ვაქცინის გაკეთებას. ახლა მხოლოდ 45 წლის ზევით მოქალაქებს ცრიან. წლის ბოლომდე მოსახლეობის 30%-ზე მეტი უნდა იყოს ვაქცინირებული.
კოვიდის ასეთი მაღალი მაჩვენებლისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე ბოლივუდში ფილმების გადაღება თუ მიმდინარეობს?
- დიახ, გასართობი ინდუსტრია პანდემიას მოერგო. მიუხედავად იმისა, რომ კინოთეატრების დარბაზები ხალხის ნაკლებობას განიცდის, ფილმების გადაღება არ შეჩერებულა. სულ მალე ახალი ფილმის პრემიერაც იქნება.