"ავღანეთში, ISAF-ის მისიის დაწყებიდან 12 წლის შემდეგ NATO იწყებს ფიქრს, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს დასავლეთის თანამშრომლობა ქაბულის ხელისუფლებასთან.
ISAF-ის მისია 2014 წელს შეწყვეტს ფუნქციონირებას. რა იქნება შემდეგ ეს მარტო ბრიუსელში კი არა, თბილისშიც ძალიან აინტერესებთ, რადგან დღეს ავღანეთში ISAF-ის ფარგლებში საქართველოდან გაგზავნილი თითქმის 1600-კაციანი სამხედრო კონტინგენტი ყველაზე მრავალრიცხოვანია ავღანეთში მყოფ NATO-ს არაწევრი ქვეყნების კონტინგენტებს შორის. ბრიუსელში, NATO-ს მინისტერიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთვის (რომელიც NATO-ს ასპირანტი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი გახლდათ) ეს პირველი ამ დონის მნიშვნელოვანი ოფიციალური ღონისძიება იყო, რომელშიც ის თავდაცვის მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მონაწილეობდა. მისი განცხადებით, მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე გადაწყდა, რომ ISAF-ის მისიის დამთავრების შემდეგ ავღანელი სამხედროები საქართველოში გაივლიან წვრთნას და მიიღებენ განათლებას, ასევე ქართველი სამხედრო ინსტრუქტორები უშუალოდ ავღანეთშიც გააგრძელებენ ადგილობრივი სამხედრო კადრების გადამზადებას", - წერს სამზედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "ავღანელებს მალე საქართველოშიც მოამზადებენ".
"საქართველოში შედარებით ნაკლებადაა ცნობილი, რომ ძირითადი ქართული სამხედრო კონტინგენტის გარდა (ჰილმენდის პროვინციაში და ქაბულთან) რამდენიმე ათეული ქართველი სამხედრო ინსტრუქტორი მონაცვლეობით ამზადებს ადგილობრივ სამხედროებს ავღანეთის სხვადასხვა პროვინციაში. ესენი ძირითადად ქართველი არტილერისტები არიან, რომლებიც ფრანგ კოლეგებთან ერთად ავღანელ სამხედროებს ასწავლიან საბჭოთა წარმოების Д-30 ტიპის ჰაუბიცების, ასევე 82 და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნების საბრძოლო გამოყენებას. რაც შეეხება ავღანელი სამხედროების მომზადებას საქართველოში, რომელიც პოსტ-ISAF-ის პერიოდიდან, ანუ დაახლოებით ორი წლის შემდეგ შეიძლება დაიწყოს, იგი, სავარაუდოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სასწავლო ცენტრში განხორციელდება", - აღნიშნავს გამოცემა.
"ქართული არმიის გაერთიანებული შტაბის განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში შედის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, ეროვნული სასწავლო ცენტრი "კრწანისი", სერჟანტთა მომზადების სკოლა და ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრი. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია საჩხერის სამთო მომზადების სკოლა, რომელსაც NATO-სგან მიღებული აქვს PfP _ "პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის მომზადებისა და განათლების ცენტრის სტატუსი და რამდენიმე წელი ამზადებს როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნების სამხედროებს. გამომდინარე იქიდან, რომ ავღანეთი მთაგორიანი რელიეფის ქვეყანაა, ავღანეთის ხელისუფლება დაინტერესებული უნდა იყოს სპეცდანიშნულების ძალების ოფიცრების სამთო მომზადებით NATO-ს სტანდარტების მიხედვით. თუკი ასეთი პროგრამა მართლაც დაიწყება და ავღანელი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სწავლისთვის NATO საქართველოს ფინანსურ დახმარებასაც გაუწევს, ეს მისაღებია ქართული მხარისთვის", - წერს სტატიის ავტორი.
"თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოილაპარაკებენ ერთმანეთში NATO-ს ხელმძღვანელობა და ოფიციალური ქაბული, რადგან პრეზიდენტ ყარზაის თანხმობის გარეშე ISAF-ის მისიის დამთავრების შემდეგ შეიძლება სულაც შეწყდეს დასავლეთის მჭიდრო თანამშრომლობა ავღანეთთან. სიტუაცია არცთუ ისე სახარბიელოა, რაზეც მიანიშნებს ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. მაგალითად, 24 თებერვალს პრეზიდენტმა ყარზაიმ გასცა განკარგულება, რომ ვარდაქის პროვინციიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა გაყვანონ აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანაყოფები. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ამერიკელ სპეცრაზმელებთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობა წამებასა და მკვლელობაში მონაწილეობს. ავღანეთის ხელისუფლების მტკიცებით, მათ მიმართეს ISAF-ის სარდლობას, რომ გამოძიებულიყო ეს დანაშაულები, თუმცა ამან ნაყოფი არ გამოიღო. ვარდაქის პროვინცია ქაბულის სამხრეთ-დასავლეთითაა და იქიდან ISAF-ის ყველაზე ბრძოლისუნარიანი, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფების გაყვანა, ექსპერტთა აზრით, გაზრდის საშიშროებას ამ მიმართულებიდან თალიბების მიერ ავღანეთის დედაქალაქზე იერიშის მისატანად. ISAF-ის სარდლობა და ავღანეთის ხელისუფლება ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობს, თუმცა მათი ურთიერთობა იდეალურიდან ძალიან შორს არის, რაც სხვადასხვა ობიექტური და სუბიექტური მიზეზითაა განპირობებული. საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქართული სამხედრო კონტინგენტი არსებული შემადგენლობით ISAF-ის მისიის ბოლომდე დარჩება ავღანეთში და ამერიკულ, ბრიტანულ და ავსტრალიურ მხარეებთან ერთად ამ ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების ჩატარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად", - დასძენს სტატიის ავტორი.