"საზენიტო C-125-ების დაჭრა შეცდომა იყო"

"საჰაერო თავდაცვის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებში დღეს ყველას ესმის. თუმცა, საქართველოს უახლეს 20-წლიან ისტორიას თუ გადავხედავთ, შეიძლება ორ პერიოდად დავყოთ: იყო ცოდნა - არ იყო საშუალება, გაჩნდა საშუალება -სადღაც გაუჩინარდა საჰაერო თავდაცვის შექმნის ცოდნა და უნარი. იმედია, დღეს, მოხერხდება ე.წ. თანაცხოვრება ამ ორ ცნებას შორის და საჰაერო თავდაცვის განვითარებისათვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დიდძალი თანხები რაციონალურად და ეფექტიანად იქნება ათვისებული. სანამ საჰაერო თავდაცვის განვითარების ასპექტებზე გადავალთ, არ შეიძლება მოკლედ არ განვიხილოთ აგვისტოს ომის გამოცდილება საჰაერო თავდაცვისა და ავიაციის გამოყენებაში. ამ 4 წლის განმავლობაში ექსპერტებისთვის ხელმიუწვდომელი იყო ყველანაირი ინფორმაცია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ღრმა და დეტალური ანალიზის გაკეთება. უნდა გვესმოდეს, რომ წარსულის გაკვეთილების სწორად გაანალიზების გარეშე წინ ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამთ", - წერს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (1-14 მარტი, 2013 წ.) სტატიაში სათაურით "საზენიტო C-125-ების დაჭრა შეცდომა იყო" / "საჰაერო თავდაცვის აქტუალურობა და განვითარების ასპექტები".

"ვერავინ დაასახელებს ვერც ერთ ომს და შეიარაღებულ კონფლიქტს, რომლებიც სრულად არ იყოს შესწავლილი. რა თქმა უნდა, ერთხანს ინფორმაცია, რომელიც ასახავს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ხარისხს, შესაძლოა დახურული იყოს ფართო მოხმარებისათვის. მაგრამ ის ინფორმაცია, რომლისთვისაც ყოველი მოქალაქე იხდის გადასახადებს, არ უნდა დაიმალოს. კერძოდ, რამდენად სწორად და ეფექტიანად იხარჯება საჰაერო თავდაცვაზე გამოყოფილი სახსრები, რამდენადაა დაცული ყოველი გადამხდელი _ ეს ის საკითხებია, რომლებზეც სრულად უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას. ამას გარდა, აუცილებელია სამხედრო მეცნიერების განვითარება, გასული ომების დროს შეიარაღებული ძალების მოქმედებების სწორი შეფასება და ანალიზი, რათა აღმოიფხვრას დაშვებული შეცდომები და, პირიქით, დაინერგოს დადებითი გამოცდილება.
აგვისტოს ომზე როგორც ქართულ, ასევე რუსულ მედიაში ბევრი ანალიტიკური სტატია დაიწერა. ჟურნალ "არსენალში" 2008 წელს მკითხველს შევთავაზეთ სტატია სათაურით "ომის შემდგომი ანალიზი და რეკომენდაციები". ამიტომ წინამდებარე სტატიაში მხოლოდ მოკლედ შევეხებით 2008 წლის ომის დეტალებს", - აღნიშნავს გამოცემა.

"ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით საჰაერო ძალების მოქმედებებში შეიძლება რამდენიმე უარყოფითი მხარე გამოვყოთ: 1. საჰაერო თავდაცვის ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის საფუძვლების უცოდინარობა ან უგულებელყოფა. ყველა დანარჩენი ნაკლოვანება პირველიდან გამომდინარე იქნება, მაგრამ მაინც განვიხილოთ. 2. რისკებისა და საფრთხეების არასწორი შეფასება. აგვისტოს ომამდე თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა დოკუმენტი "თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა" (თსმ). ომის შემდეგ თვით თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები აკრიტიკებდნენ ამ დოკუმენტს, რომ თითქოს მარცხი არასწორ შეფასებებს მოჰყვა. რა თქმა უნდა, მოკლე ვადებში ვერანაირი დოკუმენტი ზემოქმედებას ვერ მოახდენდა საჰაერო თავდაცვის მოქმედებებზე და მიუხედავად მსგავსი დოკუმენტების არსებობისა, საჰაერო თავდაცვის ხელმძღვანელობას საკუთარი გამოცდილების შესაბამისად უნდა ემოქმედათ. მიუხედავად ასეთი შეცდომებისა, საფრთხეების შეფასებაში, ვიმეორებ, საჰაერო თავდაცვის სარდლობას უნდა ემოქმედა ისე, როგორც მოითხოვს სამხედრო ხელოვნება და საჰაერო თავდაცვის საფუძვლები. 3. C-125 ტიპის კომპლექსების, ასევე ძველი რადარების შეიარაღებიდან მოხსნა და ნაწილობრივი უტილიზება. აქ აშკარად საჰაერო თავდაცვის ოპერატიული რგოლის ხელმძღვანელობის გადაცდომებთან გვაქვს საქმე. ჩვენ გვყავდა (ახლაც გვყავს) ამ ტექნიკის სპეციალისტები, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისათვის, რომ ტექნიკა შეინარჩუნო, როცა დენთის სუნი დგას და საკითხავია, მოასწრებ თუ არა ახალი ტექნიკის ათვისებას. მეორე - ძველი ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია არ მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით, არამედ ცრუპოზიციების შესაქმნელად, შენიღბვის ღონისძიებების გასატარებლად. 4. ერთდროულად 3 სხვადასხვა ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის შესყიდვა. დიდი და მდიდარი ქვეყნებისთვისაც კი, რომელთაც მრავალრიცხოვანი არმია და გაცილებით მეტი რესურსი აქვთ, პრობლემატურია გადაიარაღებისას ერთდროულად რამდენიმე ტიპის შეიარაღების ათვისება, როცა თითოეულ კომპლექსს რამდენიმე ათეული სპეციალობის მქონე ადამიანი ემსახურება. კონკრეტული ტიპის კომპლექსზე მოსამზადებულია სხვადასხვა რგოლის მეთაურები ოცეულიდან ტაქტიკური და ოპერატიული დონის მეთაურებამდე, სხვადასხვა სისტემის ინჟინრები, კავშირისა და მართვის სისტემების სპეციალისტები, საბრძოლო მანქანების ოპერატორები, გათვლების ნომრები, მძღოლ-მექანიკოსები, ტექნიკური ქვედანაყოფების (მაგალითად, რაკეტების მომზადების, შემოწმების, შენახვის და ტრანსპორტირების) სპეციალისტები და სხვ. ასეთია ერთი კომპლექსის სრულფასოვანი ათვისება-დაკომპლექტების სურათი", - ხაზგასმით აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ჩვენს შემთხვევაში კი მცირერიცხოვან საჰაერო ძალებში ასათვისებელი და დასაკომპლექტებელი იყო 3 ტიპის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფი. ამას თუ დავამატებთ საზენიტო არტილერიას, გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, რადარებისა და საკომანდო პუნქტების სპეციალისტებს, მივიღებთ საკმაოდ რთულად გადასაჭრელ პრობლემას, რომლის დაძლევასაც გამოცდილებასთან ერთად ფინანსური რესურსი და დრო სჭირდება. ამ სირთულეებისა და საჰაერო ძალების ხელმძღვანელობის არასათანადო ქმედებების გამო ვერ მოხერხდა ახალშეძენილი ტექნიკის სრულად დაკომპლექტება-ათვისება. ეს პრობლემები დღესაც ძალიან მწვავედ დგას. ამას გარდა, დიდი შეცდომა იყო საზენიტო სარაკეტო კომპლექს OCA-ს შეძენა. ეს სისტემა სსრკ-ში 60-70-იანი წლების საზენიტო კომპლექსებს შორის ყველაზე სუსტი და დაბალეფექტიანი იყო. 5. საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფების დაჯგუფების არასწორი შერჩევა. არსებობს ეჭვი, რომ საჰაერო თავდაცვის ორგანიზება წინასწარ დაგეგმილი და სათანადოდ გაფორმებული არ იყო და არც ომის მსვლელობისას შექმნილა საჭირო საბრძოლო დოკუმენტები. სხვაგვარად, რითი უნდა აიხსნას, რომ დაუცველი იყო ქვეყნის დედაქალაქი და უმაღლესი მთავარსარდლის რეზიდენცია, ასევე ქვეყნის სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები? 6. სუსტი კოორდინაცია როგორც საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფებს შორის, ასევე ჯარების სხვა სახეობებთან. კოორდინაციას სამხედრო ენაზე ურთიერთქმედება ჰქვია, რომლის ორგანიზება ერთ-ერთი რთული საკითხია არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვაში და მოითხოვს როგორც ღრმა თეორიულ ცოდნას, ასევე ქვედანაყოფების მართვის პრაქტიკულ გამოცდილებას, განსაკუთრებით რთულ ვითარებაში. ურთიერთქმედების მიზნები და ამოცანებია დაჯგუფების ეფექტიანობის გაზრდა, საჰაერო მოწინააღმდეგისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენება, მოწინააღმდეგეზე უწყვეტი საცეცხლე ზემოქმედება, ურთიერთუსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვა. 7. არასწორი საკადრო პოლიტიკა და არსებული ინტელექტუალური რესურსის გამოუყენებლობა. ეს საკითხი საკმაოდ ფაქიზი თემაა და დეტალური განხილვისგან თავის შეკავება ჯობს. ერთის თქმა შეიძლება, _ არსებული ინტელექტუალური რესურსები სრულად არ იქნა გამოყენებული. 8. საბრძოლო მომზადების დაგეგმილი წლიური ღონისძიებების არასრული შესრულება ქვედანაყოფების საბრძოლო წვრთნები მიმართული იყო ინდივიდუალურ მომზადებაზე. ომის წინა წლებში საჰაერო ძალებში არ ჩატარებულა ოპერატიული და ტაქტიკური, ერთობლივი და კომპლექსური სწავლებები საჰაერო თავდაცვის ყველა ქვედანაყოფის მონაწილეობით, საბრძოლო მოქმედებების შესაძლო სცენარების გათამაშებით. ასეთი სწავლებების გარეშე შეუძლებელია როგორც ქვედანაყოფების, ასევე მართვის ორგანოების ხარისხიანი მომზადება საბრძოლო მოქმედებებისათვის", - დასძენს გამოცემა.