ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ეს უკვე თვიდან თვემდე შესამჩნევია. ბოლო ერთ წელიწადში უკიდურესად გაჭირვეული მოსახლეობის რიცხვმა დაახლოებით, 18%-ით მოიმატა.
სტატისტიკური მონაცემებით, 2020 წლის მარტში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 458 468-ს შეადგენდა, 2021 წლის მარტში კი 541 764 ადამიანს, რაც მთლიანი მოსახლეობის 14,5%-ს შეადგენს.
რაც შეეხება 2021 წლის თებერვალს 535 516 ადამიანი იღებდა დახმარებას, ხოლო იანვარში - 532 242.
„PMC ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრი“-ს დირექტორი გიორგი ხიშტოვანი ადასტურებს, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც ორი ფაქტორის გამოხატულებაა. ერთი ეს არის პანდემია და მასთან დაკავშირებული შეზღუდვები, რომელიც მწვავედ ურტყამს ეკონომიკას და მეორე არის ვალუტის გაუფასურება და ინფლაცია, რაც ავტომატურად მოსახლეობის იმ ნაწილს აზარალებს, რომელსაც ძალიან დაბალი შემოსავალი აქვს.
„ჩვენ გვაქვს 7% -იანი ინფლაცია, პარალელურად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის კალათა, რომლითაც ინფლაცია ითვლება, სავარაუდოდ, შეცვლილია და ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებზე შესაძლოა, რომ ინფლაცია კიდევ უფრო მაღალი იყოს. მაღალი ინფლაცია, უმუშევრობის ზრდა და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა ერთობლიობაში იწვევს იმას, რომ შემწეობის მიმღებთა რაოდენობამ ნახევარ მილიონს მიაღწია, ეს ყველაფერი არის კრიზისის ერთ-ერთი გამოხატულება“, - აღნიშნა ხიშტოვანმა.
მისი აზრით, სახელმწიფოს მიზანი ქვეყანაში დასაქმების მასშტაბის ზრდა მაქსიმალური უნდა იყოს. მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში მთავრობის საქმიანობა სწორედ იმით ფასდება, თუ რა მაჩვენებელზეა უმუშევრობა. სწორედ აღნიშნულის საფუძველზე იგებს ან აგებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია არჩევნებს.
ხალხს რომ მასობრივად გაუჭირდა, ამის ყველაზე ნათელი დადასტურებაა სავაჭრო ობიექტებში შექმნილი მდგომარეობა. თითქმის ყველა მაღაზია ადასტურებს, რომ მომხმარებელი პასიურია და ყველა გამუდმებით იაფ პროდუქტს დაეძებს. გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სუპერმარკეტის ადმინისტრატორი ლევან ფაილოძე აღნიშნავს, რომ ბიზნესიც და მოსახლეობაც კრიზისშია.
„ხშირად გვიწევს ფასების შეცვლა. მომხმარებელი ამაზე ყოველთვის უარყოფითად რეაგირებდა, ახლა თითქოს რეაქციაც აღარ აქვთ, მიეჩვია ხალხი ამ სიტუაციას. საკვებს აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით ყიდულობენ. უკვე მოსახლეობაც იშვიათად შემოდის. ყველა ცდილობს ისეთ ადგილებში სიარულს, სადაც შედარებით იაფად ექნებათ პროდუქტის ყიდვის შესაძლებლობა. ქსელური სუპერმარკეტების აქციებზე არიან ჩასაფრებული, სად რა ფასდაკლების შესახებ დაიდება ინფორმაცია.
თითქმის ყველდღე ვმსჯელობთ, რა მაჩვენებლით შევძლოთ საკვებისა და საყოფაცხოვრებო საქონლის ფასის ცვლილებას ისე, რომ არც ხალხი დავაფრთხოთ და ჩვენც არ ჩავვარდეთ ზარალში, ზომიერების დაცვაც კი გვიჭირს“, - აღნიშნა ფაილოძემ.
სავალალოა სტატისტიკური მონაცემები, რომელიც რეგიონების მიხედვით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობას ასახავს:
2021 წლის მარტში თბილისში საარსებო შემწეობას 115 355 ადამიანი იღებდა, ეს მაშინ, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში უკიდურესად გაჭირვებული 93 600 ადამიანი იყო რეგისტრირებული.
კახეთი - 2021 წლის მარტში 55 794 ადამიანი იღებდა შემწობას, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 48 020
გურიაში 2021 წლის მარტში - 22 551 ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა, 2020 წლის მარტში - 19 449
რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - მიმდინარე წლის მარტში 13 907, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 12 779
იმერეთი - მიმდინარე წლის მარტში - 69 939 ადამიანი - გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 59 849
მცხეთა-მთიანეთი - 2021 წლის მარტში - 16 407 სოციალურად დაუცველი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 14 213
სამეგრელო ზემო სვანეთი - მიმდინარე წლის მარტში 67 149 ადამიანი - გასული წლის მარტში - 59 450
სამცხე-ჯავახეთი - 2021 წლის მარტში - 14 278 ადამიანი - 2020 წლის მარტში - 11 931
ქვემო ქართლი - 2021 წლის მარტში 64 383 ადამიანი - 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 49 823
შიდა ქართლი - მიმდინარე წლის მარტში 49 455 ადამიანი - გასული წლის მარტში - 44 236
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - 2021 წლის მარტში 53 546 ადამიანი - 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში - 44 918 ადამიანი.
აღსანიშნავია, რომ ერთ მილიონს გადააჭარბა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობამაც, ანუ მათი რიცხვი, ვინც თვლის, რომ ღარიბია და დახმარებას საჭიროებს. 2020 წლის მარტში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 922 247-ს, დღეის მდგომარეობით კი ბაზაში 1 033 051 ადამიანია რეგისტრირებული.