ელექტროენერგიის იმპორტი საგანგაშოდ იზრდება და მკვეთრად მატულობს ამ მხრივ ქვეყნიდან გადინებული უცხოური ვალუტის მოცულობაც. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით 2021 წლის პირველ 3 თვეში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 41% იმპორტირებული იყო, ხოლო მის შესაძენად ქვეყნიდან 31.6 მლნ დოლარი გავიდა.
2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი 93%-ით გაიზარდა და 1.43 მილიარდი კილოვატ საათი შეადგინა. საქართველომ წელს ყველაზე მეტი ელექტროენერგია (863 მლნ კვტ/სთ) რუსეთიდან მიიღო. აზერბაიჯანიდან დენის იმპორტი 463 მლნ კვტ/სთ იყო, თურქეთიდან კი - 111 მლნ კვტ_სთ.
ყველაზე მსხვილი პირდაპირი მომხმარებელი წელს „ჯორჯიან მანგანეზია“, რომელმაც 279 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. მეორე ადგილზეა „ბი ეფ დი სი (ბიტფური), რომელმაც 86 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა. თბილისის, ანუ „თელასის“ აბონენტების ენერგომოხმარებამ 722 მლნ კვტ/სთ შეადგინა.
ყველაზე სავალალო ისაა, რომ 2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაზრდილია 8-ჯერ. პროცესი თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის ქვეყნის ენერგომოხმარების 50 პროცენტი დამოკიდებული იქნება იმპორტზე.
ამის საპრევენციოდ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, საქართველოში ძალიან ამბიციური რეფორმები მიმდინარეობს ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის არის ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკული ბირჟის განვითარება, ენერგოეფექტურობის მექანიზმების შემუშავება და დანერგვა, განახლებადი ენერგიების პროექტების მხარდაჭერა და ა.შ.
„ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაზრდა. 2010-2020 წლებში ელექტროენერგიის იმპორტის მოცულობა გაიზარდა 8-ჯერ, რაც არის ძალიან საყურადღებო მაჩვენებელი. ეს, პირველ რიგში, ხდება იმიტომ, რომ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება, რომელსაც ვერ მიჰყვება გენერაციის ობიექტების განვითარების ტემპი და იძულებულები ვართ, გავზარდოთ იმპორტი.
პროცესი თუ ასე გაგრძელდა, 2030 წლისთვის ჩვენი ენერგომოხმარების 50 პროცენტი დამოკიდებული იქნება გარე წყაროებზე და აუცილებლად საჭიროა ამის საწინააღმდეგოდ ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური და გონივრული გამოყენება - ეს არის წყლის, ქარის და მზის რესურსები, მათ შორის კაშხლიანი სადგურების მშენებლობა იმისთვის, რომ სისტემაში გვქონდეს რეზერვები და სწორედ ასეთი სადგურები გვაძლევს საშუალებას, მზის და ქარის გენერაციების პროექტების მაქსიმალური ინტეგრაცია მოხდეს ელექტროსისტემაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.
ენერგეტიკაში არსებული ვითარების სირთულეს ადასტურებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც.
„ყველაზე მთავარი უნდა იყოს სახელმწიფოებრივი ინტერესი, თუ რა სჭირდება ქვეყანას, რა სჭირდება საზოგადოებას და რაციონალური გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული. მე, როგორც მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ვხედავ ქვეყანაში ენერგიის დეფიციტს, შესაბამისად, ენერგიის დეფიციტი ივსება იმპორტით. ეს ნიშნავს, რომ სიმწრით მოგროვებული, ლარებში გადახდილი ენერგიის თანხა უნდა დახურდავდეს დოლარებში და იქნას გადახდილი იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც ვიღებთ ელექტროენერგიას. სხვა ქვეყნებში გაედინება ჩვენგან ვალუტა, რაც მაკროეკონომიკური თვალსაზრისითაც არ არის სასურველი ჩვენი ეკონომიკისთვის“, - განაცხადა ნარმანიამ.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში იმპორტირებული ელექტროენერგიის ღირებულება 9.3%-ით გაიზარდა და ელექტროენერგიის შესაძენად ქვეყნიდან 31.6 მლნ დოლარი გავიდა. (2020 წლის იანვარ-მარტი 28.9 მლნ დოლარი).
საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 2021 წლის დასაწყისში საქართველომ ელექტროენერგია 3 ქვეყნიდან შეიძინა, მათგან ყველაზე დიდი მოცულობით ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან განხორციელდა - 21 მლნ დოლარი. შემდეგ მოდიან რუსეთი - 6 მლნ დოლარი და თურქეთი - 4.5 მლნ დოლარი.
ბევრს აღარ გავაგრძელებ, მე არა მაგრამ თქვენ და თქვენი მეგობრები ნამდვილად 67-ე ადგილზე ხართ და საკმაოდ სწრაფად მიჩოჩავთ 167-ე ადგილისაკენ!
ასე,რომ მოლა ნასრედინის არ იყოს, ფადიშაჰის ვირს წიგნის კითხვას რომ ასწავლიდა და მერე დიდი კუში აიღო "ლაპარაკსაც ვასწავლი"ასე, 10 წელიწადშიო!
შვილმა კოთხა, როგორ ასწავლიო?
როგორ და 10 წელიწადში ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონიო!
ეგებ შევქმნათ სააქციო საზოგადოება, გაიანგარიშონ და დააწესონ აქციის ფასი, მოგვცენ საშუალება შევიძინოთ აქციები, ზოგი მეტს იყიდის, ზოგი ნაკლებს, გამოიტანონ დარჩენილი აქციები ბირჟაზე, ქართულ კომპანიებს, ფირმებს, საწარმოებს, მცირე ბიზნესს, ორგანიზაციებს მიცენ შესყიდვის საშუალება, სახელმწიფომაც თავისი ნაწილი შეისყიდოს და ნამანხვანჰესი ეროვნული საკუთრებად აქციონ!