12 ბიზნესასოციაცის წარმომადგენელი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს. ისინი ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის 6-პუნქტიანი ინიციატივით მიმართავენ, რომელშიც უპირველესი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმებაა. შემდეგი მოთხოვნებია: ქვეყანაში დაიწყოს ტურისტული სეზონისათვის აქტიური მზადება, სარესტორნო ბიზნესმა დაიწყოს მუშაობა შაბათ-კვირას (რეგულაციების გათვალისწინებით), დაჩქარდეს ვაქცინაციის პროცესი, შემცირდეს საგადასახადო წნეხი მცირე და საშუალო ბიზნესზე, შეწყდეს ქვეყანაში მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციის ტირაჟირება.
დღესდღეობით, ქვეყანაში არანაირი ნიშანი არ ჩანს იმისა, რომ მდგომარეობა გამოსწორდება და ეკონომიკა გამოცოცხლებას დაიწყებს. როგორც „აისიარ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ამბობს, მესამე ტალღის მოლოდინში, წლევანდელი წელი ეკონომიკურად ბევრად რთული იქნება, ვიდრე შარშანდელი.
„წლევანდელი წელი ეკონომიკურად ბევრად უფრო რთული იქნება, ვიდრე შარშანდელი და ამ არსებულ სიტუაციაში ჩვენ პერსპექტივასაც ვერ ვხედავთ. საინტერესოა, რამდენმა კომპანიამ შეძლო ორი ლოქდაუნის გადატანა, ამ სტატისტიკას რატომ არავინ გვეუბნება? კომპანიები პანტაპუნტით იხურება და სასამართლოებში აქვთ დავა. უკვე კერძო სექტორმა დაიყო ერთმანეთში დავების განხილვა, იმიტომ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთანაც ვეღარ ჯდებიან, ყველას თავისი პრობლემა აქვს“, - განაცხადა ხაზარაძემ.
ამასობაში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-4 ეტაპის ფარგლებში ბიზნესის მხარდამჭერ პაკეტს ვადა ეწურება. უკვე ცნობილია - საგადასახადო შეღავათების გაგრძელება აღარ იგეგმება, თუმცა კერძო სექტორში მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობა ბიზნეს აღარ დაეხმარება, ეს ბაზრიდან მათ გაქრობას გამოიწვევს.
გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე რატიშვილი ადასტურებს, რომ შეღავათები შეეხო თითქმის ყველა ბიზნესს და ეს იყო სწორი ნაბიჯი, თუმცა არ არის საკმარისი. მათალია, რომ ესაა პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი, შესაბამისად ამ პრობლემის ეკონომიკური მეთოდებით მკურნალობა წარმოუდგენელია, მაგრამ ეკონომიკაში რაც შეიძლება უნდა გაკეთდეს.
„ისევ და ისევ უნდა გაგრძელდეს შეღავათები და დახმარებები. სხვა გზა არც ერთ ქვეყანას მსოფლიოში ჯერ არ მოუგონია. საქართველომაც გაიარა ეს გზა და კიდევ რაღაც პერიოდით გაგრძელდეს, სანამ ჯანდაცვა პანდემიას არ მოუვლის. არავინ იცის პანდემია როდის დამთავრდება და ჩვენ ვერ დაველოდებით ამ თარიღს. ამასობაში თუ დახმარება აღარ იქნება, ბიზნესი გაჩერდება, მოხდება კოლაფსი და მერე არც არავის დასჭირდება ეს დახმარება და მეორე მხრიდანაც რომ შევხედოთ, აღარც დასახმარებელი ფული იქნება. ვიღაცამ ხომ უნდა შეავსოს ბიუჯეტი?
ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა გიჭირდეს, უნდა გაგრძელდეს ბიზნესის დახმარება, განსაკუთრებით იმ სექტორების, რომლებიც უშუალოდ პირველ ხაზზე დგანან: ტურიზმი, სარესტორნო და სასტუმროების ბიზნესები. მათთვის დაწესებული შეღავათი არ არის საკმარისი, რადგან თუ ტურიზმი არ გაიხსნა მათ გარდა დაკეტვისა და გაკოტრებისა, სხვა გზა არ რჩებათ.
უკვე ათასობით რესტორანი გაჩერდა, დაიკეტა. მათ გახსნას არანაირი პერსპექტივა არ აქვს. არ უნდა დავუშვათ 200 000 ადამიანს, ვინც უკვე უსამსახუროდ დარჩა, კიდევ 200 000 მიემატოს“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა.