ქვეყანაში ერთი წელია პანდემიაა. უამრავი ადამიანი უმუშევარი და შემოსავლების გარეშე დარჩა. თითქმის ოჯახი არ არის საქართველოში, ვისაც ბანკში სესხი არ აქვს, ან ქონია. იმის მიუხედავად, რომ პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს სესხის გადახდა უჭირთ, საბანკო სისტემა დათმობაზე არ მიდის და პროცენტს პროცენტზე ამატებს. როგორც for.ge-თან ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის დამფუძნებელმა და ადვოკატმა ოთარ კაჭკაჭაშვილმა გვითხრა, პანდემიის დროს ბანკებმა ე.წ. სამთვიანი შეღავათის პერიოდში, პირიქით სამმაგი მოგება ნახეს.
მოქალაქებს კი ძველი სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებითაც აქვთ პრობლემები და ამ ვალების დასაფარად მათ ე.წ. ამომღები კომპანიები ურეკავენ და ვალის დასაფარად აშანტაჟებენ კიდეც.
როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ამ შემთხვევაში, რა ბერკეტებით უნდა იმოქმედოს და როგორ იცავს მას კანონი, სასესხო ვალდებულებასთან დაკავშირებულ ამ კითხვებზე ადვოკატი ოთარ კაჭკაჭაშვილი გვესაუბრა.
ე.წ სესხების ამომღები კომპანიები 2018 წელს „ფონდი ქართუს“ მიერ განულებულ სესხებს მოქალაქეებს კვლავ სთხოვენ, რა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ მოსახლეობამ თავი დაიცვას?
- თქვენი კითხვა რამდენიმე ნაწილად უნდა დავყო და ისე უნდა გაგცეთ პასუხი. 1. განულებული სესხების სამართლებრივად როგორ მოხდა, ერთი საკითხი ეს არის. 2. მოქალაქე ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს და 3. რამდენად სწორია ამომღები კომპანიების ქმედებები და რამდენად ჯდება სამართლებრივ ჭრილში.
დავიწყოთ პირველით - შეიქმნა პორტალი vali.ge, სადაც გარკვეული დავალიანებების მქონე ადამანების ვალების ჩამოწერა მოხდა. სიმართლე გითხრათ, ბოლომდე არ მაქვს ინფორმაცია, რა სახით მოხდა განულება - ამ ორგანიზაციამ ბანკებს გადაუხადა დავალიანება, ანუ მოხდა მესამე პირთა მიმართ დავალიაების დაფარვა, თუ თავად ბანკებმა ფონდთან მოლაპარაკების შედეგად ადამიანებს აპატიეს დავალიანება. ეს ჩემთვის ბუნდოვანია და არ ვიცი. თუმცა, ორივე შემთხვევას განვმარტავ. თუ მოხდა განულება ან მესამე პირის მიერ პატიება, მაშინ გამოდის, რომ ერთიც და მეორეც მომხმარებლისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო - რაიმე შეთანხმების, წერილის საფუძველზე. ეს ერთგვარად აღმოფხვრიდა გაურკვევლობას, რომელიც მომხმარებლებში არსებობს და იმ შეღავათებთან წვდომა ექნებოდა. ყოველ შემთხვევაში, მომხმარებელს რომელსაც დავალიანება ჰქონდა, ცალსახად ეცოდინებოდა, რომ მის მიმართ ამ გზით ვალის პატიება მოხდა. მაგალითად, ფონდმა „ქართუმ“ „თიბისი ბანკს“ დავალიანება გადაუხდა, შესაბამისად, მას წერილი აქვს და თუკი ვინმე გამოჩნდება და მას ახლიდან მოსთხოვს დავალიანების დაფარვას, მას შეუძლია დოკუმენტი წარუდგინოს. ან, ბანკისგან ექნებოდა წერილი, რომ მას დავალიანება აპატია. შესაბამისად, ამ დოკუმენტების არქონამ გამოიწვია ის გაუგებრობა, რაც ახლა სახეზე გვაქვს. ჩვენთან მომართვიანობა ძალიან ხშირია, როდესაც მოქალაქეები ამ კითხვით რეკავენ, თუ როგორ შეამოწმონ მათი დავალიანება არსებობს თუ არა. ეს საიტი დღეისათვის აღარ ფუნქციონირებს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ კონკრეტულმა პირმა უნდა მიწეროს ფონდ „ქართუს“ ან კონკრეტულ ბანკს თუ მიკროსაფინანსოს კითხვით: „ხომ არ მოხდა მათი დავალიანების განულება, ან დაფარვა“. კონკრეტული პასუხის მიღების შემდეგ, იმოქმედოს ადეკვატურად. თუ ბანკმა ინფორმაცია არ მიაწოდა, მაშინ რეგულაცია მოქმედებს ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელიც ბანკს ავალდებულებს, რომ მოქალაქესთან სწორი კომუნიკაცია ჰქონდეს. თუ ბანკსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაცია არ შედგა, მაშინ ეს სუბიექტი დაჯარიმდება. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც ეროვნული ბანკის მხრიდან ლიცენზირებულები არ იყვნენ და მათ სესხების გაცემის უფლება ჰქონდათ.
თუ ამ მიკროსაფინანსოებს ეროვნულ ბანკში ლიცენზია არ ჰქონდათ, როგორ გასცემდნენ სესხებს?
- იმ დროს არსებული კანონმდებლობა იძლეოდა საშუალებას, რომ სესხის გაცემის უფლება ჰქონდა არასპეციალიზირებულ საფინანსო ორგანიზაციას. დღეს ასეთი კანონი არ არსებობს. დღეს ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს, უნდა გაიაროს სპეციალური ლიცენზირება და ეროვნული ბანკის მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს.
მესამე საკითხი იყო, როგორ ვიმოქმედოთ, როდესაც გაურკვეველი ობიექტები ინტენსიურად რეკავენ ახლობლების ნომრებზე და შანტაჟს ახორციელებენ? ამ დროს მომხმარებელმა საგამოძიებო ორგანოს უნდა მიმართოს და დაიწყოს მინიმუმ მუქარისა და შანტაჟის კუთხით გამოძიება. ასევე პერსონალური ინფორმაციების გაცემის კუთხით მოქალაქემ უნდა მიმართოს პერსონალური დაცვის ინსპექციას. ერთხელ და სამუდამოდ სახელმწიფომ ამდაგვარი ქმედებები აღმოფხვრას.
ამ სესხების ამომღებ კომპანიებს ვინმე აკონტროლებს, რაიმე რეგულაციები მოქმედებს?
- აქაც სამოქალაქო კანონმდებლობა აწესებს დაშვებას, რომ ერთმა პირმა შეიძლება მეორე პირს მიყიდოს აქტივები და ეს აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა. თუმცა, არაა ნორმალური მოვლენა, როდესაც ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც რეკავენ მეზობლებთან, ნათესავებთან, იწერებიან სოციალურ ქსელში და საუბრობენ იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც მსესხებელსა და კომპანიას შორის არის დადებული. თუმცა, ვალის გაყიდვა, გადაკისრება ნორმალურია და სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს.
არის მიკროსაფინანსოები, რომლებიც ეროვნულ ბანკში აღარ არიან რეგისტრირებულები. ეროვნულმა ბანკმა ჩვენ მოგვწერა, რომ ასეთია „ვივუსი“ და „ნეტკრედიტი“. გასაგებია, რომ აქტივების გაყიდვა დასაშვებია, მაგრამ ამომღებ კომპანიებს აქვთ უფლება, რომ არარსებულ მიკროსაფინანსოების სესხები მოითხოვონ?
- არარსებული კომპანია, ასეთი ტერმინი არ არსებობს. შეიძლება გადაკეთდა, ან სახელწოდება შეიცვალა. თუმცა, ნებისმიერ კომპანიას გარკვეული პერიოდში დაგროვილი აქტივები, რომელიც მესამე პირის მიმართ აქვს მოთხოვნად, აქტივებად ითვლება. უბრალოდ, რეკონსტრუქცია მოახდინა და სხვა კომპანიას გადასცა. უბრალოდ, ეროვნული ბანკი ახლა უკრძალავს ახალი სესხების გაცემას, მაგრამ აქტივების სახით რაც დააგროვა კომპანიამ, იმის ამოღების უფლება არ წაურთმევია.
მაგალითად, მოქალაქემ დაახლოებით 2016 წელს რომელიმე მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან ან ბანკიდან აიღო სესხი, მაგრამ ეს ამომღები კომპანიები ახლა სთხოვენ სესხის დაფარვას. შეუძლია მოქალაქეს არ გადაიხადოს, რადგან ჩათვალოს რომ ის ხადაზმული სესხია? ამ შემთხვევაში როგორ იქცევა მსესხებელი?
- როდესაც ასეთი კითხვით არის ჩვენთან მომართვიანობა, ყოველთვის ვეუბნებით, მიუხედავად იმისა, რომ არც ბანკმა აპატია, არც ფონდი „ქართუს“ აქციაში მოხვდნენ და 3 წელზე მეტი არის გასული ვალიდან, მაშინ შეუძლია გადახდაზე უარი თქვას. ეს არ ითვლება მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. ხშირად ვაწყდებით ასეთ რამეს, მე ხომ არ მაქვს გადახდილი და შემიძლია არ გადავიხადო?! დიახ, სამოქალაქო კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ ვადის გასვლის შემდეგ, მოვალემ უარი თქვას გადახდაზე, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო - ეს არ ითვლება ან კრიმინალად, ან სხვა მოქმედებად.
ამ შემთხვევაში, თუ მსესხებელმა ხანდაზმულობის გამო გადახდაზე უარი განაცხადა, ამომღებ კომპანიებს შეუძლიათ ყადაღა დაადონ ან სასამართლოს მიმართონ?
- ხანდაზმულობის ვადა ყველა დროში ერთნაირია. სასამართლოს განხილვის დროს ის სესხი ხანდაზმულად ითვლება. თუ კომპანია ასეთ ვალზე სასამართლოს მიმართავს, სასამართლო მიიღებს წარმოებაში, დაელოდება მხარის პოზიციას, თვლის თუ არა ხანდაზმულად. სასამართლო მსესხებელს ეუბნება - თუ გინდა გადახდა, ხელს არ შეგიშლი, შეგიძლია ხანდაზმული სესხი გადაიხადო, მაგრამ თუ მოქალაქე უარს ამბობს გადახდაზე და მოსამართლესთან ამას იტყვის, ის ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებს და მხარეს ამ საფუძველზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს ეტყვის.
თუმცა, ასეთი ორგანიზაციები ხრიკს მიმართავენ. მაგალითად, მოქალაქეს ეუბნებიან, კარგი, არ გაქვთ 2 ათასი ლარის გადახდის საშუალება, მაგრამ იქნებ სიმბოლური თანხა 10 ლარი გადაიხადო. მოქალაქე თუ ამას გააკეთებს, ეს ნიშნავს, რომ ხანდაზმული ვადა ცოცხლდება და ამ ერთი გადახდით იმ მთლიანი ვალდებულების აღიარება ხდება. ამ გადახდის ქვითრით სასამართლოს მიმართავენ, როგორც უკვე არახანდაზმული დავალიანებით.
არის კიდევ ერთი საკითხი - იყო შემთხვევები, რომ ბანკებმა ან ასეთმა ორგანიზაციებმა მოტყუებით დააფიქსირებინეს თანხა. ამაზე ჩვენ გვქონდა შემთხვევები, მოქალაქეს ვალის დაფარვის განზრახვა არ ჰქონდა, მაგრამ მოხდა ავტომატურად თანხის ჩამოჭრა. მაგალითად, ხანდაზმული სესხის გამცემი ორგანიზაცია „საქართველოს ბანკია“ და ამ ბანკში მაქვს ანგარიში და ვამბობ, რომ სესხი ხანდაზმულია და არ ვიხდი. მაგრამ, ჩემმა ნათესავმა თანხა ჩამირიცხა, ბანკი ავტომატურ რეჟიმში თანხის ნაწილის ჩამოჭრას ახდენს. ანუ, თავისივე ხანდაზმული სესხის დაფარვას მიმართავს ისე, რომ მოქალაქეს არ უთანხმდება. ასეთი გადახდის წყაროთი სასამართლოში მიდის და ამბობს, რომ ვალი ცოცხალია. არადა ადამიანს არ გაუკეთებია და ეს პროგრამულად ხდება. ამ შემთხვევაში სასამართლო არ თვლის ვალდებულების გაცოცხლებას და თვლის, რომ სესხი ხანდაზმულია.
ანუ, თუ მოქალაქე გარკვეულია და იცის საბანკო სისტემა და ასე რომ ვთქვათ, ბანკს თუ მიკროსაფინანსოს, თუ ამომღებ კომპანიას მაგრად დაუდგება და ხანდაზმულ სესხს არ გადაიხდის, ისინი შეეშვებიან?
- დიახ, შეეშვებიან. თუმცა, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც რეკავენ და მოქალაქეებს აშანტაჟებენ. მოტყუების სხვადასხვა ფორმებს მიმართავენ, რათა მოქალაქეს თანხა ჩაარიცხინონ.
ხშირად, მოქალაქეები ამბობენ, რომ ურჩევნიათ საქმე სასამართლომდე მივიდეს, ეს რამდენად სწორი მიდგომაა?
- აბსოლუტურად გამართლებული ლოგიკაა და ყველას ვურჩევ, რომ ზარების შემთხვევაში, მოქალაქემ მიმართოს სასამართლოს. სასამართლო გაცილებით კარგი რევიზორია და მოქალაქებიის უფლებების დამცველია.
თუმცა, სასამართლომდე, როგორ ახერხებენ ყადაღის დადებას?
- ვერანაირი ორგანიზაცია სასამართლომდე ვერ აყადაღებს. თუ არ გვაქვს იმ შემთხვევასთან საქმე, რომ დავალიანება იმ ბანკში გაქვს, სადაც ანგარიში, ამ შემთხვევაში კი არ აყადაღებენ, არამედ თანხის ჩამოჭრას ახდენენ. სასამართლოს გარეშე ყადაღის დადება დაუშვებელია.
რამდენად ხშირია თქვენთან ე.წ. დაზარალებული მსესხებლების მხრიდან მომართვიანობა?
- ძალიან ხშირია, მაგრამ, შეიძლება ვთქვათ, „ვივუსი“ და მსგავსი მიკროსაფინანოსების სესხებზე მომართვიანობამ ჩაიარა, მაგრამ გაზრდილია საბანკო დავალიანების კუთხით მომართვიანობა. ამ მიკროსაფინანსოებზე ხალხმაც გაიგო ხანდაზმულია და ამას მეტ-ნაკლებად აპროტესტებენ. ახლა წამოსულია ისეთი სასესხო დავალიანებებზე მომართვიანობა, რომელიც პანდემიამ გამოიწვია.
ამ პანდემიის პერიოდში ბანკები რამდენად მოდიან შეღავათებზე?
- ძალიან ცუდად. ჯერჯერობით ეს პერიოდი სასამართლმ არ შერაცხა, როგორც ფორსმაჟორული ურთიერთობები და შეიძლება ითქვას, არ გაითვალისწინა გადახდისუუნარობის საფუძვლები. მეჩვენება კიდეც, რომ თუ სასამართლო განხილვა წელიწადი გრძელდებოდა, ახლა თითქოს წარმოებები დაჩქარდა. სასამართლომ არც ერთი წარმოების დროს პანდემია არ გაითვალისწინა და არც გადაუვადა მოქალაქეს სესხი და არანაირი შეღავათები არ არის.
მაგრამ ბანკებს სამთვიანი შეღავათები რომ ჰქონდა?
- ბანკები ამ შემთხვევაშიც ცბიერები გამოდგნენ. სახელმწიფოს დაასწრეს და „იმდაგვარი შეღავათი“ შესთავაზეს მოსახლეობას, რომ პირიქით, სამმაგი მოგება ნახეს და მოქალაქეს ეს შეღავათები უფრო მძიმე ტვირთად დააწვა.