ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. 22 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაახლოებით ანალოგიური ვითარება იყო 21 აპრილის მდგომარეობით - კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, სპეციალისტების ნაწილი კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ ე.წ. მესამე ტალღაზე, რაც მსოფლიო მაშტაბით უკვე დაწყებულია.
შესაბამისად, კიდევ ერთხელ ისმის მოწოდება საზოგადოების მისამართით, დაიცვან რეკომენდაციები და წესები იმისათვის, რომ საფრთხე, რომელიც საკმაოდ ახლოსაა, თავიდან იქნას აცილებული. თუმცა, სპეციალისტების ეს ნაწილი იმასაც აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი მესამე ტალღა მეორე ტალღის მსგავსი არ იქნება და ის შესაძლოა უფრო მარტივად იქნას გადალახული.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე For.ge-სთან საუბრისას არ გამორიცხავს, მორიგ „ლოკდაუნს“ და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ე.წ. მესამე ტალღა უკვე დაიწყო.
„პრაქტიკულად დაწყებულია მესამე ტალღა, 1000-ზე მეტი უკვე ძალიან მაღალი მაჩვენებელია, სტაციონარები გადატვირთულია და თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, სხვა გამოსავალი არ დარჩება სახელმწიფოს, რომ გამოაცხადოს „ლოკდაუნი“. თუმცა, არ მგონია ინფიცირების ისევ ისეთი მაღალი მაჩვენებელი იყოს, როგორიც მეორე ტალღის დასაწყისში გვქონდა“, - თქვა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა For.ge-სთან ამბობს, რომ ე.წ. მესამე ტალღის დაწყებასთან ძალიან ახლოს ვართ. მისთვის მიუღებელია კიდევ ერთხელ „ლოკდაუნის“ გამოცხადება და იგი საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს, რაც მისი თქმით, ქვეყნის „ჩაკეტვის“ თავიდან აცილების საფუძველი გახდება.
„მესამე ტალღის დაწყების შესაძლებლობა უნდა შეფასდეს უახლოესი 10 დღის მონაცემებით. თუ ჩვენ გადავხედავთ ორი კვირის მონაცემებს, რა თქმა უნდა, ამის რისკები თანდათან იზრდება, რადგან არის ახალი შემთხვევების მატება და ქვეყანაში თანდათან ფართომასშტაბიანი გავრცელება შეინიშნება, რაც შემდეგ შეიძლება შეფასდეს „მესამე ტალღად.“
სხვა ქვეყნების მაგალითებს თუ გავითვალისწინებთ, სადაც „მესამე ტალღა“ დაწყებულია, დაახლოებით მსგავსი დინამიკით წავიდა ეპიდსიტუაცია და შემდეგ უკვე გადავიდა ფართომასშტაბიან გავრცელებაზე, უკონტროლო ეპიდსიტუაცია შეიქმნა სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენთანაც არის ამის რისკები, რომ კიდევ უფრო გაუარესდეს ეპიდსიტუაცია. მნიშნელოვანია, სწორი და ადეკვატური ღონისძიებები იქნეს გატარებული და საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციები იქნას დაცული, რომ მეტ-ნაკლებად მშვიდობიანად გადავაგოროთ ეს გაუარესებული ეპიდსიტუაცია, ის პერიოდი, როდესაც ვიქნებით პიკში.
შეიძლება პირდაპირ „ლოკდაუნის“ სახით არ მოხდეს და ვთვლი, რომ არ უნდა მოხდეს „ლოკდაუნის“ გამოცხადება ამ ეტაპზე, მაგრამ გარკვეული რეგულაციები უნდა გამკაცრდეს. ამასთან, დღესასწაულებზე მობილობის შემცირება უნდა მოხდეს იმისთვის, რომ კიდევ უფრო არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია. რაღაც ღონისძინება ალბათ იქნება გატარებული, არ ვიცი დამატებით ახალ რეგულაციას შემოიღებენ თუ არა, მაგრამ უფრო მნიშვენლოვანია საზოგადოების ქცევა. რეკომენდაციებს თუ საზოგადოება არ გაითვალისწინებს და არ შეასრულებს, იქნება უეფექტო. ამიტომ, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ის საფრთხე, რომელიც არსებობს და დავიცვათ წესები“, - თქვა ალექსანდრე გოგინავამ For.ge-სთან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს“. მისივე თქმით, საზოგადოებაში უკვე არსებობს გარკვეული იმუნიტეტი და ამბობს, რომ სხვადასხვა კვლევით ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს კოვიდ-19 გადატანილი აქვს.
„ასეთი დრამატული პიკი, როგორიც გვქონდა ნოემბერსა და დეკემბერში, არ გვექნება მრავალი ფაქტორის გამო. პირველი, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გადატანილი აქვს და „ჰელს მეტრიკის“ გათვლებით, ასეთი დაახლოებით 600 000-650 000-მდე ადამიანია. ოფიციალურად, დღეს დადასტურებული შემთხვევა გვაქვს 299 ათასი, მაგრამ ვანგარიშიბთ ორჯერ მეტს, ანუ 600 ათასამდე ადამიანს ქვეყანაში გადატანილი აქვს კორონავირუსი უსიმპტომოდ ან მცირედი სიმპტომებით და მათში არსებობს გარკვეული ანტისხეულები.
თუმცა ეს არ არის საკმარისი ე.წ. საზოგადოებრივი იმუნიტეტისთვის. ამავე დროს, ძალიან ცოტა ადამიანი უკვე აიცრა. მესამე ფაქტორი არის ის, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით აღმავალ ტალღზე ცივ პერიოდში, რომელიც არის რესპირაციული ვირუსებითვის ძალიან კომფორტული პერიოდი და ახლა შევდივართ თბილ პერიოდში. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მოქმედების მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს. ველოდებით, რომ ეს პიკი შეიძლება იყოს უფრო რბილი და არა ისეთი დამანგრეველი“, - თქვა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში ვითარება მძიმდება.
„სიტუაცია, სამწუხაროდ, ქვეყანაში მძიმდება. დადებითობის მაჩვენებელი, ისევე როგორც სხვა მაჩვენებელი უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის ინციდენტობა 100 000-ს მოსახლეზე, ყოველდღიური შემთხვევები და ყველა მაჩვენებელი. ერთი და ორკვირიანი მონაცემები არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რეპროდუქციის ინდექსი. ყველა ეს მონაცემი, სამწუხაროდ, უარესდება. თუ პირბადეების ტარების მაჩვენებელი არ მოიმატებს, თუ ისევ იქნება დიდი სუფრები, რა თქმა უნდა, სიტუაცია გაუარესდება და სახელმწიფო იძულებული იქნება დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.