„თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ 43%-ს, შესაძლოა, ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებამ შეუწყოს ხელი“

„თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ 43%-ს, შესაძლოა, ოპოზიციის შიგნით დაპირისპირებამ შეუწყოს ხელი“

რაზე და რა გარემოებებზე იქნება დამოკიდებული „ქართული ოცნების“ 43%, რომელიც მან თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა აიღოს? ხელისუფლებამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით დადო პირობა, რომ თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტს ვერ აიღებს თვითმმართველობის არჩევნებზე 2022 წელს, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვალდებულებას იღებს.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლებაში არსებული მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სადაც შესაძლოა პარტიის რღვევის პროცესი გაგრძელდეს, „ოცნება“ 43%-ს ვერ აიღებს. ასევე თუკი მათი ნომერ პირველი და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და ადგილობრივ არჩევნებში ჩაება, მაშინ ის ხელისუფლების მხარდამჭერების ხმებს წაიღებს.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერებს არ ეტყვის, რომ 43%-ზე ნაკლებ მხარდაჭერაზე ვიბრძოლებთ. იმის მიუხედავად, რომ 40%-იანი ზღვარი არის კონსტიტუციით გათვალისწინებული, რაც თავად ოპოზიციასთან იყო შეთანხმებული 8 მარტის დოკუმენტით, ოპოზიცია იყო არათანმიმდევრული და მან მოითხოვა ამ ზღვრის გაზრდა. ალბათ, ისინი ფიქრობდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს საკმარისი თვითშეფასება და რესურსი იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მოიპოვოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და დასძინა, რომ საკუთარ მხარდამჭერებსა და მოქალაქეებს უნდა აჩვენონ, თუ რაოდენ არათანმიმდევრულია ოპოზიცია, როცა ამ ზღვარის გაზრდაზე საუბრობდა. „პრაქტიკულად, წარმოუდგენელია ასეთი მოთხოვნის დაყენება და ეს კარგად იციან ევროპელმა კოლეგებმაც, ჩვენ პირველ რიგში დავაყენეთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესები. ეს უთანხმოება უნდა დასრულდეს და „ქართული ოცნება“ თავის მხარდამჭერებს არ ეტყვის, რომ 43 პროცენტზე ნაკლებ მხარდაჭერაზე ვიბრძოლებთ, ჩვენ გაცილებით მაღალ მხარდაჭერაზე ვიბრძოლებთ და დარწმუნებული ვარ, კარგი კამპანიის შემდეგ ასეთ შედეგს მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, გიორგი გახარია და კახა კალაძე როგორ იმოქმედებენ და ადგილობრივ არჩევნებში რა ფორმით ჩაერთვებიან. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ კალაძემ ჟურნალისტებს უკვე ნათლად განუმარტა, სხვის გუნდში ყოფნა არ სჭირდება. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ „ოცნებიდან“ სამი თავიც კი ამოიზარდოს. ერთი ეს იყოს გახარია, მეორე კალაძე და მესამე კობახიძე-თალაკვაძე.

„თუ კალაძე გახარიასთან იქნება, ორივე ნამდვილად გაძლიერდება, თუ კობახიძესთან იქნება, თავად ჩაიძირება. ხოლო მესამე ძალად თუ მარტო გამოეყოფა, აქ უკვე წაგებული „ოცნებაა“, რადგანაც ისინი ერთმანეთის ელექტორატს და ხმებს გაიყოფენ. კალაძეც არაა ასე ხელწამოსაკრავი ლიდერი, ის ცალკე პოლიტიკური ფიგურაა და ქალაქის არჩეული მერია. გახარიასგან განსხვავებით, როცა მის რეიტინგზე კითხვები ჩნდება, კალაძემ ეს უკვე მერიის არჩევნებში დაამტკიცა.

მან ივანიშვილის გარეშე სუფთა მოგებაც კი აიღო. ამიტომ ბევრი რამეა ახალა განმსაზღვრელი „ოცნება“ დათქმულ 43%-ს აიღებს თუ არა. თუ სამთავიანი იქნება „ქართული ოცნება“, მაშინ 43%-ს ნამდვილად ვერ აიღებს. ასევე ბევრი რამე ოპოზიციის შეცდომებზეც იქნება დამოკიდებული, როგორ შესრულდება შარლ მიშელის დოკუმენტი და დასავლეთის მხარდაჭერა ვისკენ იქნება გადახრილი. ხელისუფლება კი ამის პარალელურად ბევრ მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ პროექტებს გაატარებს და ხალხის გულის მოგებასაც შეეცდება“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ 43%-ის აღება თვითმმართველობის არჩევნებზე არ გაუჭირდება, რადგანაც ოპოზიციის შიგნით ისეთი დაპირისპირება შეიძლება გაჩაღდეს, რომ ამან ხელისუფლებას გამარჯვებაში ხელი შეუწყოს. მისი აზრით, თუკი ნაციონალები დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ და ქუჩაში დარჩებიან, ეს „ოცნების“ გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი იქნება. კვლევებმაც და ამ 6 თვემაც აჩვენა, რომ მოსახლეობის დაკვეთა ქუჩის აქციები არ არის, ამიტომაც ადგილობრივი არჩევნებისთვის ოპოზიციური ამომრჩეველი, თუ პარტიები პარლამენტში არ შევლენ, ამომრჩეველს რიგგარეშე არჩევნებზე ყუთთან ვეღარ მიიყვანენ. ეს კი მათი მარგინალიზებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.

„ოცნებას“ მართალია ბევრი სამუშაო ექნება იმისთვის, რათა დაამტკიცოს, რომ 43%-ის აღების ღირსია. თუმცა მგონია, რომ ოპოზიციაში თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა და არ ჩამოყალიბდნენ პარლამენტში შევიდნენ თუ რას აკეთებენ, წაგებულები ისევ თავად იქნებიან. კვლევებმა და ამ 6-მა თვემაც აჩვენა, რომ მოსახლეობის მოთხოვნა ქუჩის პოლიტიკა არ არის. ამიტომაც ვინც ქუჩაში დარჩენას გადაწყვეტს, მისი მარგინალიზაციის პროცესი დაიწყება. სააკაშვილი უკვე მერამდენედ ამბობს, რომ ბრუნდება, ესეც ხომ უკვე დაუჯერებელი ამბავი გახდა, ამიტომაც მათ ამომრჩეველსაც მოსწყინდება საბოლოოდ და იმ 27%-იდან 12%-მდე ჩამოვლენ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას ფაქტორს, რა თქმა უნდა, მის ირგვლივ გარკვეული მოლოდინი არსებობს, მაგრამ ეს არის ჯერჯერობით მოლოდინი და არა რეალური სტატისტიკა. ამ მონაცემების გამართლება დამოკიდებულია, როგორც გუნდზე, ასევე მის გეგმაზე, რომლითაც ის პოლიტიკაში შემოვა. კი ბატონო, „ოცნების“ ამომრჩევლის რაღაცა ნაწილს წაიღებს, მაგრამ 5%-დან 7%-მდე აიღებს. ბევრი რამ მასზეც არის დამოკიდებული და ასევე იმაზე თუ „ოცნებაში“ რა სახის პროცესები განვითარდება“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.