„2012 წელს, როცა საარჩევნო უბნებზე იარაღებით ნიღბიანი ხალხი დარბოდა, ვისაც გამარჯვების თავი ჰქონდა და მის უკან ხალხი იდგა, იმან გაიმარჯვა“

„2012 წელს, როცა საარჩევნო უბნებზე იარაღებით ნიღბიანი ხალხი დარბოდა, ვისაც გამარჯვების თავი ჰქონდა და მის უკან ხალხი იდგა, იმან გაიმარჯვა“

შვიდთვიანი პროტესტის შემდეგ, ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ჩვიდმეტი დეპუტატი, სავარაუდოდ, საკანონდემბლო საქმიანობაში, აქტიურად სამშაბათიდან ჩაერთვება. ამით პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა იქმნება.

პირველი საკანონმდებლო ინიციატივა, რაზეც პარლამენტი სრულყოფილ რეჟიმში იმუშავებს, ამნისტიის კანონპროექტი იქნება, რომელიც პარლამენტში მომავალ კვირაში დაინიცირდება. კანონპროექტი 2019 წლის 20-12 ივნისის საქმეების ამნისტიას ითვალისწინებს.

ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილს შორის შეთანხმების მიღწევას გამოეხმაურა ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი, რომელიც for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს პარლამენტში შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“.

ნიკოლოზ მეტრეველი: „ნაციონალური მოძრაობა“ შევა თუ არ შევა პარლამენტში, ამას დიდი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შესაძელებლობა არსებობს და ყველა პარტიას ეძლევა საშუალება, თავის გეგმები განახორციელოს, საკანონმდებლო ორგანოში ბევრად ეფექტიანად იმუშაოს. ნებისმიერ ვარიანტში, ის ჩანაწერი, რომელიც 43%-ის ვერაღების შემთხვევაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნას გულისხმობს, ოქტომბრის თვეში თავისთავად საინტერესო პროცესებს გვიწინასწარმეტყველებს. ნებისმიერ ვარიანტში გენერალური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი ეტაპი, ალბათ, სწორედ შემოდგომა იქნება, როცა გამოჩნდება, რეალურად, ვის რა რესურსი აქვს და ყველა პარტიისთვის საარჩევნო გარემოც უკეთესი იქნება.

საკითხი, სადაც ყოველთვის კითხვის ნიშნები იყო, ეს არის საარჩევნო სისტემა, რაზეც დოკუმენტში არაფერია ნათქვამი. შესაბამისად, გამოდის, რომ არჩევნებს ჩაატარებს ცენტრალური საარჩევნო კომისია არსებული კანონმდებლობითა და შემადგენლობით, თუ აქამდე თამარ ჟვანიას გადადგომაში ხედავდა ოპოზიცია გამოსავალს, დღეს რატომ უვლის ამ საკითხს გვერდს?

- ვიღაცებს რატომღაც ჰქონიათ, რომ საარჩევნო სისტემას თუ შეცვლიან, ან მაჟორიტარებს გააუქმებენ, არჩევნებს ასე მოიგებენ. ეს არჩევნებში გამარჯვების მთავარი ინსტრუმენტი არაა. მთავარი ინსტრუმენტი საზოგადოების მხარდაჭერაა. მე ხშირად ვიხსენებ 2012 წელს, როცა ბევრად უარესი საარჩევნო გარემო იყო. ელემენტარულად, საარჩევნო უბნებზე იარაღებით ნიღბიანი ხალხი დარბოდა, მაგრამ ვისაც გამარჯვების თავი ჰქონდა და მის უკან ხალხი იდგა, იმან გაიმარჯვა. ამ რეალობაში, თუ ვინმეს შესაძლებლობა და უნარი ექნება, ნებისმიერ საარჩევნო სისტემაში აუცილებლად გაიმარჯვებს. რა თქმა უნდა, ეჭვი არ მეპარება, რომ ოქტომბერში დესტრუქციული ძალები კვლავ ისეთ განცხადებებს გააკეთებენ, როგორიც ამ არჩევნებზე გააკეთეს. ისევ იქნება ეუთო-ოდირ-ის სადამკვირვებლო მისია, მათი შეფასება იქნება მთავარი ამოსავალი წერტილი. ბოკერია ან ცალკეული რომელიმე პარტიის წარმომადგენელი რას იტყვის, ამას არ აქვს მნიშვნელობა.

შეთანხმების მიზეზი, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გარდა იყო კიდევ ერთი ფაქტორი - პოლიტიკურ ველზე ახალი მოთამაშეები შემოდიან, ეს არის პირველ რიგში გიორგი გახარია, რომელიც, როგორც ჩანს, ერთნაირი თავის ტკივილია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვი. ასევე არის მოლოდინი, რომ კახა კალაძეც ემზადება დამოუკიდებელი თამაშისთვის, პოლიტიკაში დაბრუნებისთვის ემზადება ექს-პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. სავარაუდო სურათი, საკმაოდ არასასურველი და კონკურენციით იქნება დატვირთული ოცნებისთვის“. ეს ყველაფერი, ორივე მხარისთვის ხომ არ იყო ამ შეთანხმების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი?

- გახარია და კალაძე სერიოზული აქტორები არიან. მათი როლი ამ პროცესში ოქტომბრის არჩევნებში მნიშვნელოვანი იქნება. მე ცალსახად არ ვიცი, ბატონი კალაძე მერის არჩევნებში თავის კანდიდატურას დააყენებს თუ არა, რა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. რაც შეეხება გახარიას, მას აქვს დაანონსებული ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ერთ-ერთი მთავარი აქტორი ის იქნება. გახარია რომ არ დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, პირდაპირ გეტყოდით, რომ „ქართული ოცნება“ უპრობლემოდ აიღებდა ამ 43 %-ს. ახლა ვთვლი, რომ მმართველ გუნდსაც ასე მშვიდად ყოფნის საშუალება არ ექნება და ეს არჩევნები მათთვისაც ძალიან სერიოზული გამოწვევა იქნება.

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბევრმა ფაქტორმა უარყოფითად იმოქმედა ხელისუფლების რეიტინგზე, პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, პოლიტიკური კრიზისი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რამდენად იქნება სამართლიანი არჩევნების პირობებში 43% მიღწევადი? ფაქტია, დრო ხელისუფლების სასარგებლოდ არ მუშაობს...

- ნამდვილად, გამოწვევები მმართველი გუნდისთვის ძალიან ბევრია. თქვენ ბევრი ფაქტორი ჩამოთვალეთ და აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან და დარწმუნებული ვარ, არანაირი ფორმით არ ჩაერევა მომავალ არჩევნებში. აქედან გამომდინარე, ესეც დიდი გამოწვევაა მმართველი გუნდისთვის. ამიტომ, მათ ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევთ რათა 43% დადონ მომავალ არჩევნებზე.

ბერი მიზეზის გათვალისწინებით და ეს არის საერთაშორისო გლობალური გამოწვევები. ის პროცესები, რაც დღეს მსოფლიოდიდ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის მიდის, ჩვენნაირი პატარა ქვეყნები ყურადღების მიღმა რჩება. ვხედავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის მთავარი ქვეყანაში ზედაპირული სიმშვიდეა და არა ღრმა დემოკრატიული პროცესები. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენთვის არ სცალიათ. ანუ, გამოდის, ქართული პოლიტიკა თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია, რამდენად გაართმევს ქვეყანა ამ გამოწვევას თავს?

- ვიღაცას ჰგონია, არჩევნები ტარდება სადღაც ჯორჯიის შტატში, რომ ერთ დღესაც დარეკავენ და ნინო ბურჯანაძეს ან შალვა ნათელაშვილს ეტყვიან - მოდით, გადაიბარეთ ხელისუფლებაო. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. მე არ ვთვლი, რომ პროცესი ვარდნაშია. პროცესი მთლიანად არის ქართველი ხალხის ხელში და ის მიიღებს გადაწყვეტილებას. როდესაც პოლიტიკურ ველს ამბობთ, ზოგიერთი პოლიტიკოსი იმყოფება ვირტუალურ სივრცეში, რეალურად ისინი არ არსებობენ. რეალურ ფაზაში არსებობს მაგალითად სამი პარტია, ეს არის: „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“, ამას დაემატება, სავარაუდოდ, „პატრიოტთა ალიანსი“. დანარჩენები არ არიან პარტიები, ვიღაც რომ საკუთარ საძინებელში ბანერს გამოაკრავს, ის არ არის პარტია. რაც შეეხება გიორგი გახარიას პარტიას, საინტერესოა, სპეციფიკაში როგორ გაიშლება რეგიონალურ ველებზე სამოქმედოდ. ასევე იქნება „ქართული ოცნება“, ვინც საბოლოოდ გადაწყვეტს ქვეყნის ბედს. საზოგადოებას ძალიან საინტერესო ნიუანსების ნახვა მოუწევს და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული დემოკრატიისკენ.