ხვალ მანჩესტერის „ოლდ ტრაფორდის“ სტადიონზე ევროპის ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მერვედფინალური შეხვედრა გაიმართება.
სერ ალექს ფერგიუსონის „მანჩესტერ იუნაიტედი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს და ამ პრესტიჟული ტურნირის მეოთხედფინალში გასვლას შეეცდება.
ხვალინდელი მეტოქეების პირველი დაპირისპირება ორი კვირის წინ, მადრიდის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სპორტულ სარბიელზე გაიმართა და ფრედ - 1:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩის წინ ბრიტანელები უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ ესპანური სპორტული მას-მედიის მტკიცებით, ჟოზე მოურინიოს ბიჭები ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.
დღეს დილით გამოცემა „Sky Sports” ინგლისის ეროვნული გუნდისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელ უეინ რუნის ესაუბრა.
ბრიტანული გუნდის შემტევი დარწმუნებულია, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ ესპანელებს ნამდვილ ჯოჯოხეთს მოუწყობენ და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში აუცილებლად იასპარეზებენ.
„მადრიდში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შესანიშნავად იასპარეზა და სახელოვან მეტოქეს არაფერი დაუთმო. განმეორებითი შეხვედრის წინ მეტოქეზე უკეთეს მდგომარეობაში ვიმყოფებით.
ბოლო პერიოდში „რეალმა“ თამაში გამოასწორა და იგივე კატალონიურ „ბარსელონას“ ზედიზედ ორჯერ სძლია. ამ ფაქტორის გამო სპორტული ჟურნალისტები ფავორიტად ჟოზე მოურინიოს გუნდს მიიჩნევენ. ამ ხალხს ავიწყდება, რომ ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე პირველობას დამაჯერებლად ვატარებთ და უახლოეს მომავალში ჩემპიონობას ოფიციალურად გავიფორმებთ.
„ბარსელონასთან“ კარგი თამაშის გამო მადრიდულ გუნდს ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთ უპირობო ფავორიტად მიიჩნევენ. ძალიან მწყინს, რომ ამის თაობაზე მე და ჩემს თანაგუნდელებს არაფერს გვეკითხებიან.
ხვალ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მოთამაშეებს „რეალისთვის“ ნამდვილი ჯოჯოხეთის მოწყობა სურთ. ფაქტია, რომ ინგლისური ფეხბურთი ესპანეთისას გაცილებით სჯობია და ამ მოსაზრებას „ოლდ ტრაფორდზე“ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ“. - განაცხადა უეინ რუნიმ.