საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს. ცამეტ ამერიკელ საზღვაო ქვეითს და ერთ მეზღვაურს უწყებრივი ჯილდო ISAF-ის მისიისათვის ქართველი სამხედროების მომზადებაში გაწეული წვლილისთვის გადაეცა. მედლები მათ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლაშა ბერიძემ, ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის უფროსმა ლევან გამყრელიძემ და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის კომენდანტის მოადგილემ, გენერალმა ჯონ პაქსტონმა გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია ერთობლივ საექპედიციო ბაზა „ფორტ სტორი“-ზე, ვირჯინიაში გაიმართა.
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედლებით დაჯილდოვდნენ: ვიცე-პოლკოვნიკი ქრისტოფერ ფელპსი, მაიორი მეთიუ ო’დონელი, კაპიტანი მაიქლ ვოლსი, კაპიტანი დევინ მაილერი, უფროსი სერჟანტი შონ ლიკი და მთავარი სერჟანტი მარკუს ჰერნანდესი. მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“ თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ჯილდოა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მედლით შესაძლებელია დაჯილდოვდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში.
მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ ასევე, დაჯილდოვდა ცხრა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. მაიორმა მეთიუ ო’დონელმა კი ავღანეთის საერთაშორისო მისიისთვის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ორივე ჯილდო მიიღო.
ISAF-ის მისიისათვის გადასროლისწინა მომზადების პროგრამა (GDP-ISAF) წვრთნისა და აღჭურვის მისიაა, რომლის ფარგლებშიც ავღანეთში გაგზავნამდე ქართული ბატალიონები მზადდებიან.