ლარის კურსის პროგნოზირება, მით უმეტეს გრძელვადიან პერსპექტივაში, ძალიან ბუნდოვანი საქმეა. თანაც მაშინ, როცა სულ ახლახან ეროვნულმა ვალუტამ მორიგი ნახტომი გააკეთა და ბოლო რამდენიმე კვირაა ვერც ძველი ნიშნულისკენ აიღო გეზი და ვერც ახალ პოზიციაზე დასტაბილურდა. მიუხედავად ამისა, 2021 წლის სავალუტო ბაზრის ტენდენციები მაინც გამოიკვეთა, თუმცა ისიც ქართული ვალუტასავით მყიფეა.
„გალტ ენდ თაგარტის“ პოზიტიური სცენარი წლის მეორე ნახევარში ლარის კურსის ცვლილება 3.25-3.50 ფარგლებში იქნება. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ბოლო პერიოდში ლარი მკვეთრად უფასურდება და ეროვნული ვალუტის დაღმასვლის რამდენიმე მიზეზს ასახელებს. „გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ლარის გაუფასურებას უპირველესად პოლიტიკურ კრიზისს და ეკონომიკის ჩაკეტვას უკავშირებს.
„ახლაც მოქმედებს პოლიტიკური არასტაბილურობა, მესამე ტალღის მოლოდინი და თურქული ლირის გაუფასურებიდან წარმოქმნილი ნეგატიური მოლოდინები. ჩვენი რეალური კურსი ლირის მიმართ გაუფასურებულია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს უპირატესობა და არა პირიქით. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი მოლოდინია, რომ ლარი 3.40-3.50-ის ფარგლებში იქნება მერყევი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ტურიზმი აღდგა წლის მეორე ნახევარში და არსებულ მოლოდინზე პოზიტიური სცენარი განვითარდა, მაშინ 3.25-3.40 ფარგლებში უნდა ველოდოთ ლარის კურსის ცვლილებას“, - აღნიშნა ქავთარაძემ.
ლარის კურსის მოსათოკად, ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის 15 აპრილს სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, თუმცა 25 400 000 აშშ დოლარი გაიყიდა. საქართველოს სავალუტო ინტერვენციების გაგრძელებას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ურჩევს.
ლარის გასამყარებლად მთავრობას პრივატიზაციის იმედი აქვს. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია“. მინისტრის მტკიცებით, ერთადერთი, რაც ლარის კურსს შემდგომი რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის“ გამგეობის წევრი შოთა გულბანის აზრით კი, ლარის სტაბილურობას მრავალი ფაქტორის ერთობლიობა განსაზღვრავს. მათ შორისაა არა მხოლოდ საქართველოში არსებული საკითხები, არამედ საერთაშორისო ტენდენციები, რომელიც ჩვენგან დამოუიკდებლად ვითარდება და გავლენას ახდენს საქართველოზე გაცილებით ძლიერ ქვეყნებზე.
როგორც გულბანი აღნიშნვს, დოლარმა პოზიციები გაიმყარა არა მარტო ქართულ ლართან მიმართებით, არამე გაცილებით უფრო ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეროვნულ ვალუტებთან მიმართებითაც.
„ბოლო 3 თვის განმავლობაში დოლარის ინდექსის გარკვეული აღმასვლა დაფიქსირდა. 2021 წლის დასაწყისიდან 3 აპრილის ჩათვლით დოლარის ინდექსმა, დაახლოებით, 3,5%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ დოლარმა პოზიციები გაიმყარა არა მარტო ქართულ ლართან მიმართებით, არამედ გაცილებით ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ეროვნულ ვალუტებთან მიმართებით. ამ ტენდენციას კი ვერაფრით გავექცევით“, - განაცხადა გულბანმა.
ვალუტის კურის ფორმირების პროცესში ქვეყანაში შემომავალი უცხოური ვალუტის წყაროებია მნიშვნელოვანი. სწორედ ამ მხრივ არის საქმე განსაკუთრებით რთულად.
„მოგეხსენებათ, უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზირისით, 3 ძირითადი წყარო არსებობს: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ტურიზმის სექტორი და საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემაულეების მიერ განხორციელებული ფულადი ტრანსფერები. ტურიზმში პანდემიამ სრულად გააჩერა და დანაკლისი 100%-ს შეადგენს, რაც ციფრებში გამოხატული 3 მლრდ დოლარიანი დანაკლისია. ინვესტიციების არხით დაგვაკლდა 693 მილიონი დოლარი, ფულად გზავნილებში მცირედი ზრდა გვაქვს, თუმცა ეს არაფერია იმ დანაკლისთან შედარებით, რაც ჩვენმა ეკონომიკამ 2020 წლის განმავლობაში იწვნია.
უმნიშვნელოვანესია პანდემიის შედეგად გამოწვეული გლობალური ეკონომიკური კრიზისი და, აქედან გამომდინარე, ჩვენს საქართველოში გაჩენილი პრობლემები. ასეთ სიტუაციებში, როგორც წესი, არსებულ რეალობასთან მიმართებით ეროვნული ვალუტა უფრო მგრძნობიარე ხდება. ამიტომაც საჭიროა მთავრობის მხრიდან სწრაფი ეკონომიკური აღდგენის გეგმა, რაც, როგორც წესი, პოზიტიურად აისახება სავალუტო ბირჟებზე არსებულ განწყობასა და მოლოდინზე“, - აღნიშნა შოთა გულბანმა.