შეგახსენებთ, რომ ამნისტიაც არაა მარტივი დოკუმენტი. თუკი ამნისტირებული პირი ამნისტიის წინააღმდეგია, მას შეუძლია ამნისტია არ მიიღოს, იყოს ციხეში, დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და სასამართლოს გადაწყვეტილებით ან გამოვიდეს ან დარჩეს ციხეში. საჭიროა, ნიკა მელია საბოლოოდ დათანხმდეს ამ ამნისტიას და გამოვიდეს ციხიდან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, გუშინ გაკეთდა განმარტება, რომ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა ევროკავშირში რეგისტრირებული ორგანიზაციის მეშვეობით მოხდება.
„ამის შემდეგ ინიცირდება ამნისტიიის კანონი, რომელსაც ხელმომწერმა პარტიებმა მხარი უნდა დაუჭირონ. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ ხელმოწერის ღონისძიებას უმასპინძლა. ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ინსტიტუტი, ასეთ საკითხებში იყო ჩართული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტები დიდი ხანია გარკვეულწილად აიგნორებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პრეზიდენტის სასახლეში იყვნენ.
ჩვენ რაც გუშინ ვნახეთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" პირდაპირ, ცხადად ჩამოიხსნეს ყველანაირი ნიღაბი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ ეს ორი ძალა არის ის, რომელიც ურევს ქვეყანაში სიტუაციას და მომართული იყო, რომ ჩაეშალა შეთანხმება. გუშინ ეს პირდაპირ ღია ეთერში დავინახეთ. ისინი პირდაპირ გახდნენ ოფოციალურად რადიკალური პარტიები. მათ შორის დიახაც, რუსეთის გზაზე დადგნენ. ვნახეთ, რომ გუშინ სალომე სამადაშვილმა მოაწერა ხელი და ვნახეთ ამას „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან რა რეაქცია მოყვა.
„ნაციონალური მოძრაობა"და ნიკა მელია ცდილობს ყველანაირი ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ჩაშალოს ეს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტი და საბოტაჟი არამხოლოდ პარლამენტს გამოუცხადოს, ნიკა მელია საბოტაჟს უკვე ამ შეთანხმებას უცხადებს",- განაცხადა პაპუაშვილმა.