მსახიობმა, ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის შემდეგ გადაცემა „ფარულ კონვერტში“ აღიარა, რომ მასზე მისი ყოფილი მეუღლე ბესო ზანგური ფიზიკურად ძალადობდა. მაყაშვილის ეს აღიარება რეზონანსულ საქმედ იქცა.
საქმე იმდენად აქტუალური გახდა, რომ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ ბესო ზანგური თეატრიდან დაეთხოვათ. თეატრის ხელმძღვანელობამ კი ზანგური ყველა იმ სპექტაკლიდან მოხსნა, რომელშიც ის თამაშობდა.
კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური სასწრაფოდ დატოვებს თეატრს, მოწოდების გარდა, არაფრის გაკეთება არ შემიძლია. ძალადობაზე საუბარი არასდროს არაა გვიან. შედარებაც კი არ შეიძლება რამდენად ღიად საუბრობენ ქალები ახლა. ნინუცა მაყაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ იყო მიწვეული საგამოძიებო ორგანოში, ის ჯერ კიდევ არ მისულა. იმედი მაქვს, რომ უარს არ აცხადებს, რადგან თუნდაც ის ფიქრობდეს 11 წლის მერე გვიანია საგამოძიებო ორგანოში სიარული, მე მინდა მას ვუთხრა, ითანამშრომლოს საგამოძიებო ორგანოებთან, ვინაიდან ეს სხვა ქალების უფლებების დაცვისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
აღნიშნულ ფაქტს პროტესტიც მოჰყვა. მსახიობები პაატა გულიაშვილი და გოგა ბარბაქაძე თვლიან, რომ ბესო ზანგური სპექტაკლებიდან არ უნდა მოეხსნათ.
For.ge შეეცადა ორივე მსახიობთან დაკავშირებას, მაგრამ პაატა გულიაშვილს ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ხოლო გოგა ბარბაქაძემ რეპეტიცია მოიმიზეზა და კომენტარზე უარი განაცხადა. ამიტომ მხოლოდ იმ კომენტარებით შემოვიფარგლებით, რომელიც ბარბაქაძემ აქციის დროს გააკეთა.
„ვერ გაუშვებენ თეატრიდან, იურიდიულად ვერ მოხდება ეს. რაც შეეხება იმ განცხადებას, რომ კულტურის მინისტრის შემდეგ მოხდა ეს, არ არის მართალი ესეც. თეატრი არის იურიდიული სტრუქტურა, მას ჰყავს თავისი იურისტი. მან უნდა გაიაროს ყველა ნაბიჯი, რომ არ დაარღვიოს კანონი. უბრალოდ, ქალბატონი თეა წულუკიანის განცხადებას დაემთხვა ეს. თეატრიდან ვერ გავუშვებთ ამ ადამიანს, შეიძლება ერთი იყოს ის, რომ ჩაიხსნას სპექტაკლებიდან“, - ამბობს მსახიობი გოგა ბარბაქაძე.
For.ge ნინუცა მაყაშვილსაც დაუკავშირდა. მას კომენტარის გაკეთება გაუჭირდა რუსთაველის თეატრის გადაწყვეტილებაზე, ბესო ზანგური უნდა გაეთავისუფლებინათ თუ არა თეატრიდან. თუმცა, ისაუბრა თუ რატომ გაამხილა ძალადობის ფაქტი 11 წლის შემდეგ.
„რუსთაველის თეატრში განვითარებულ მოვლენებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც შეეხება, რატომ ვაღიარე ძალადობა 11 წლის შემდეგ? - თუ ამას არ გამოცდი, ვერ გაიგებ რატომ ვთქვი ეს 11 წლის შემდეგ, ან თუნდაც 20 წლის შემდეგ. მსგავს რაღაცას ვინც თავი დააღწია, შესაძლოა, აღნიშნული ამბავი საფლავშიც კი ჩაიტანოს. ძალიან მეცინება რაღაც სისულეებს რომ ვკითხულობ, რადგან მესმის კიდეც, რომ „სხვა სხვის ომში ბრძენია“, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემი მიზანი საერთოდ არ ყოფილა, რომ ბესო დამედანაშაულებინა. ჩემი მიზანი უბრალოდ სულ სხვა რამ იყო. უბრალოდ, როგორც ამ ქვეყანაში ხდება, ყველამ კუდი გამოაბა. ახლა ეს ყველაფერი მე მეწერება. თუ ადამიანი პირდაპირ გაიგებს, რაც ვისაუბრე, საზოგადოების ნაწილმა გადასარევად გაიგო“, - გვითხრა ნინუცა მაყაშვილმა და არნიშნავს, რომ მისი მიზანი არაა, ბესო ზანგურის დაკავება.
„ჯერ არავის დავუკითხივარ და არც პოლიციაში არ ვყოფილვარ. საჯაროდ ვთქვი, რომ საქმის აღძვრა არ მინდა. შესაბამისად, ასევე საჯაროდ დავაფიქსირე რატომ არ მსურს ჩვენების მიცემა. ჩემი მიზანი ეს არ ყოფილა“, - გვითხრა მსახიობმა, რომელიც ყოფილ მეუღლეს ძალადობაში ადანაშუალებს.
ნინუცას მეგობარს, ზურა გორგაძეს მეგობრის მიერ საჯაროდ აღიარების სჯერა, მას მხარდაჭერას აღუთქვამს და ყველანაირ ძალადობას გმობს. თუმცა, როგორც მსახიობმა და ტელეწამყვანმა for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, იმ ადამიანებისაც ესმის, რომლებიც ბესო ზანგურს მხარს უჭერენ.
„ზოგადად, ყოველთვის ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ამაზე მგონი ყველა ვთანხმდებით. რაც შეეხება რუსთაველის თეატრთან გამართულ აქციებს, სიმართლე გითხრათ, თვალი არ მიდევნებია, ამიტომ არ ვიცი, რა და როგორ ხდებოდა. თავისთავად ძალიან ცუდია ნებისმიერი ადამიანისთვის და ჩემი კოლეგებისთვის, რაც ხდება. ამ ამბის გამო ქარ-ცეცხლში მოექცნენ, რადგან ორ ცნობილ ადამიანზეა საუბარი. როდესაც მსგავსი თემა გასკდება ხოლმე, შემდეგ ინტერესის სფერო ხდება. მე მესმის იმ მსახიობების აღელვების. სიმართლე გითხრათ, ცოტა არაპროგნოზირებულად განვითარდა მოვლენები. თავად ნინუცაც არ ელოდა, რომ ამხელა რეზონანსი მოჰყვებოდა. უბრალოდ, ნინუცა გამოვიდა და თავისი გასაჭირი თქვა, რაც შიგნით ჰქონდა დაგროვილი, ის გაგვიზიარა“, - განუცხადა for.ge-ს ზურა გორგაძემ.
გორგაძე მოსახლეობის იმ ნაწილსაც პასუხობს, რომლებიც ნინუცა მაყაშვილს აკრიტიკებენ, თუ რატომ აღიარა ძალადობა 11 წლის შემდეგ.
„თუ რატომ ისაუბრა ნინუცამ ძალადობაზე 11 წლის შემდეგ, ამაზე კონკრეტული პასუხი მაქვს. ზოგადად, ოჯახური ძალადობა სპეციფიკური თემაა. უბრალოდ, არ არის აუცილებელი, რომ მსგავსი რამ რომელიმე ჩვენთაგანს შეემთხვას. ალბათ საჭიროცაა, თუმცა, ღმერთმა ყველა დაიფაროს, მაგრამ მაინცდამაინც საკუთარ თავებზე უნდა გამოვცადოთ, რომ შემდეგ ვიგრძნოთ, თუ რატომ ვერ საუბრობდა ნინუცა ამ ამბავზე?! საერთოდ, დროს რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტებზე თუა საუბარი, ერთი თვის შემდეგ, რომ ეთქვა, ხომ მაშინაც ფაქტები დასჭირდებოდა. არადა ამ დროს ადამიანი არ ფიქრობს იმაზე, რომ ან ჩაიწეროს, ან გადაიღოს - რეალურად, ემოციურად და მორალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. პირადად მე იგივე განცდა მექნებოდა ერთი თვის შემდეგაც რომ ეთქვა. ადამიანს, როდესაც ძალა აღმოაჩნდა, მაშინ თქვა. აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანებისაც, რომლებიც იძახიან, რომ დამნაშავე მაშინ გამოიკვეთება, როდესაც მას სამართალდამცველი უწყებები გამოიკვლევენ და შემდეგ, მოსამართლის მიერ დადგინდება ვინ არის დამნაშავე. შემდეგ, შეგვიძლია მოვნათლოთ ადამიანი მოძალადედ, მაგრამ პირადად ჩემს სუბიექტურ აზრს ვამბობ, ასეთ შემთხვევაში, რადგან ნინუცა ჩემი მეგობარია. მორალურად პასუხისმგებელიც ვარ, რომ მას გვერდში დავუდგე“, - გვითხრა მსახიობმა.
ზურა გორგაძე მიიჩნევს, რომ ნინუცა მაყაშვილის გადასაწყვეტია ბესო ზანგურის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს თუ არა.
„ნინუცას გადასაწყვეტია სარჩელს შეიტანს თუ სამართალდამცველებთან ითანამშრომლებს. მეგობრები მას ვერ დავაძალებთ რამის გაკეთებას. არც ეს იყო მეგობრების გადაწყვეტილება, რომ გამოსულიყო და ესაუბრა. ნებისმიერი ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია“, - განუცხადა for.ge-ს ზურა გორგაძემ.
იქნება თუ არა სხვა ქალბატონებისთვის ნინუცა მაყაშვილის აღიარება მაგალითი, მსახიობი ზურა გორგაძე ასე გვპასუხობს: „იმისდა მიხედვით, რაც სოციალურ ქსელში მოხდა, იმდენად დიდი თანადგომა წამოვიდა ნინუცას მიმართ, რა თქმა უნდა, სიგნალია იმ ქალებისთვის, რომლებიც შეიძლება, სავარაუდოდ, ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. მსხვერპლებისთვის კარგი მაგალითია: „იცი რა, ხალხო, შეხედეთ, მე ხმა ამოვიღე და საზოგადოებისგან მხარდაჭერა ვიგრძენი“. დღეს, საზოგადოება ამ თემების მიმართ ჯანსაღად არის ინფორმირებული. რა თქმა უნდა, დიდი სტიმულია ყველა იმ ქალისთვის და კაცისთვის, ყველა ადამიანისთვის. მსგავსი გახმაურებული შემთხვევები ყოველთვის სტიმულია, რათა ხმა ამოიღონ და გარემოების მსხვერპლნი არ გახდნენ. საერთოდ, ეს ისეთი შეკრული წრეა, მსხვერპლი მოძალადის ჯაჭვის ქვეშ ექცევა, შემდეგ ეჩვევა ამ ძალადობას და ბევრი ადამიანი ეგუება კიდეც. შემდეგ, ფიქრობენ, რომ ბედმა ეს არგუნათ და ხმას არ იღებენ. რაღაც გამოსაფხიზლებლად ასეთი ამბები კარგია. ყველა დანაშაული მას შემდეგ შეირაცხება დანაშაულად, რაც უწყებების მიერ იქნება დამტკიცებული. თუმცა, ჩემი როგორც ნინუცას მეგობარი, ვგმობ ძალადობას და მხარდაჭერას ვუცხადებ მას“.
ძალადობას გმობს პარლამენტის კულტურის კომიტეტის წევრი ქეთევან დუმბაძეც.
„ძალადობა ძალადობაა და როგორ შეიძლება, რომ ამას ვინმე მიემხროს და ეს ფაქტი არ დაგმოს, ეს წარმოუდგენელია. რაც შეეხება, თუ რატომ მოიხსნა ბესო ზანგური სპექტაკლებიდან? - თეატრმა საჭიროდ ასე ჩათვალა. ასევე, მეორე მხარე არსებობს, რომელიც ამბობს, რომ მარტო კი არ უნდა მოიხსნას, არამედ უნდა დაისაჯოს კიდეც. საერთოდ, სამართალდამცველების გადასაწყვეტია, თუ დაადგინეს, რომ ძალადობის ფაქტი იყო, რა თქმა, უნდა ეს ადამიანი უნდა დაისაჯოს კიდეც“, - განუცხადა ქეთევან დუმბაძემ for.ge-ს.
თავად ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის გადაწყეტილებას, სადაც ის ყველა სპექტაკლებიდან მოხსნეს, სოციალური ქსელით ეხმაურება.
„როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია, მინდა, იცოდეთ… გაიხარეთ“, – წერს ბესო ზანგური.