„ქართული ოცნება“ ასეც და ისეც ზღვარს მარტივად გადალახავს. ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი. კარს მომდგარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შეგვიძლია როგორც ერთი, ასევე მეორე ზღვარი აბსოლუტურად თავისუფლად გადავლახოთ და ამაში საზოგადოება თავად დარწმუნდება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბრიუსელში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მადლობა გადაუხადა შარლ მიშელსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მათი ჩართულობისთვის, რომელიც ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებებში გამოიხატა.
„მათ ძალიან დიდი ენერგია, ძალისხმევა დახარჯეს, რათა ეს შეთანხმება მიღწეულიყო. ჩვენ მათთან ძალიან მჭიდრო კოორდინაცია გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში, ეს პროცესი წარმატებით დასრულდა, რაშიც ვფიქრობთ, „ქართულმა ოცნებამ“ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. რამდენიმე დღის წინ ჩვენ საჯარო განცხადება გავაკეთეთ, რომ დანიელსონის, ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ჩვენ სრულად ვაწერდით ხელს. ამის შემდეგ დამატებით დოკუმენტი წარმოდგენილი იყო მცირე კორექტივები და ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებითაც გამოვხატეთ, რასაც აფასებენ როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი კოლეგები.
რაც შეეხება 43%-ს, თავისთავად ლოგიკას 43% არ ეფუძნება. თავის დროზე ჩვენს პარტნიორებსა და ოპოზიციას შევთავაზეთ 40%-იანი ზღვარი, რაზეც გასულ წელს ვიყავით შეთანხმებული, თუმცა როგორც ჩანს, ოპოზიციასთან დამატებით სასაუბროდ საჭირო გახდა ჩვენი ევროპელი მეგობრებისთვის ზღვრის ოდნავ აწევა. ჩვენთვის არსებითად ეს არაფერს ცვლის. ერთადერთი მნიშვნელოვანი იყო, ზღვარი რაღაც ლოგიკას დაფუძნებოდა.
„ქართული ოცნება“ ასეც და ისეც ზღვარს მარტივად გადალახავს. ჩვენთვის არც 40%-იანი ზღვარია პრინციპული და არც 43%-იანი. შეგვიძლია როგორც ერთი, ასევე მეორე ზღვარი აბსოლუტურად თავისუფლად გადავლახოთ კარს მომდგარ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და ამაში საზოგადოება თავად დარწმუნდება“, - განაცხადა კობახიძემ.