ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილის განცხადებით, იმდენად მაღალია მადესტაბილიზირებელი ფაქტორები, რომ ცალსახად ჩანს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საკამოდ აქტიური სადაზვერვო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე. მისი თქმით, ეს არის უწყვეტი ქმედება და ამან არ შეიძლება საბოლოო ჯამში წონასწორობა არ დააკარგვინოს საქართველოს.
for.ge დავით კუხალაშვილს ესაუბრა.
ოპოზიცია, რომელიც უარს ამბობს ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს, როგორ ფიქრობთ, მიზნად ხომ არ ისახავს პროცესების რადიკალიზაციას რისთვისაც ყველაფერს გააკეთებს?
დავით კუხალაშვილი: მოვლენათა განვითარება აჩვენებს, რომ სახელმწიფოებრივი მიდგომის ძალიან დიდი ნაკლებობა არსებობს. შესაბამისად, ოპოზიციის ყველა ქმედება მიმართულია არსებული ხელისუფლების კომპრომენტაციისა და ქვეყანაში დესტაბილიზაციის მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდისაკენ.
ერთია, ხელისუფლების კომპრომენტაცია და მეორეა დესტაბილიზაციის მცდელობა, რამდენად მიღწევადია პროცესების რადიკალიზაცია იმ ოპოზიციის მიერ, რომელიც სულ უფრო კარგავს დასავლეთის და ქართული საზოგადოების მხარდაჭერას?
– ისევ ანალოგიებს და 1918–21 წლებს შევეხები, როდესაც ქართველი ბოლშევიკები ძალიან ახლო და მჭიდრო კავშირში იმყოფებოდნენ რუსეთის სადაზვერვო ცენტრთან და პოლიტიკური დაზვერვის კუთხით კიდევ უფრო მძიმე აქტივობებს სჩადიოდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. საბოლოო ჯამში, საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. ასე რომ, თუ ამ ძალებს არ აქვთ დასავლეთის მხარდაჭერა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და არ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ მათ შესაძლებელია, სწორედ, იმ ქვეყნის დახმარება ჰქონდეთ, რომელზეც ევროპა მიანიშნებს – „თქვენ რუსეთის თამაშს თამაშობთ“.
ოპოზიციის ქმედებაში რეალურად იკითხება რუსული გავლენა?
– ზოგადად, ჩვენ სახელმწიფოში გვაქვს მძიმე ოპერატიული ვითარება. იქიდან გამომდინარე, რომ ორი ტერიტორია ფაქტიური კონტროლის გარეშე გვაქვს, სადაც განთავსებულია რუსული სამხედრო ძალები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მადესტაბილიზირებელი ძალების თავმოყრა ფიქსირდება დედაქალაქის გარეთაც, ასევე ჩვენს სამეზობლოში. გარდა ამ ძალებისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიარაღებული ძალების საქართველოს სახელმწიფო საზღვრებთან მობილიზების თვალსაზრისით, რუსეთს დღესაც აქვს საშუალება, რომ კონკრეტული აუცილებლობის შემთხვევაში, დესტაბილიზაციის გასაღრმავებლად იმოქმედოს საკმაოდ სწრაფად.
იმდენად მაღალია მადესტაბილიზირებელი ფაქტორები, რომ ცალსახად ჩანს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საკმაოდ აქტიური სადაზვერვო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე. პრაქტიკულად, ეს არის უწყვეტი ქმედებები და აქტიური საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე, ამან არ შეიძლება საბოლოო ჯამში წონასწორობა არ დააკარგვინოს საქართველოს.
როდესაც ვსაუბრობთ რუსეთის ინტერესებზე, რა ნაწილში ჩანს რუსეთის ფედერაციის მხრიდან სადაზვერვო საქმიანობა და რა არის მადესტაბილიზირებელი ფაქტორები?
– როდესაც ვსაუბრობ ოპოზიციაზე, არ შემიძლია ცალსახად არ ვთქვა, რომ მაღალი ალბათობით, ამ მასაში, მათ შორის ლიდერების სახით, არსებობენ კონკრეტული პირები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ემსახურებიან. ამ ჯგუფში მოქმედებს გარკვეული წრე და ისინი წარმოადგენენ იმ ქვეყნის ინტერესს, რომელზედაც საუბრობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები. ის განცხადებები, რომელიც ევროპიდან მოდის, არის ჩემი გამოთქმული მოსაზრებების გამყარების საფუძველი და პირდაპირი მინიშნება. შესაბამისად, არ მაქვს უფლება, ასეთ მინიშნებას არ ვენდო.
გულისხმობთ იმ განცხადებას, როდესაც ევროპა ღიად ამბობს, რომ ოპოზიცია აკეთებს რუსეთის საქმეს?
– მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ პროცესები, რომელიც ვითარდება საქართველოში და პროცესებს, რომელსაც ავითარებს ოპოზიცია, ეს არის რუსეთის ფედერაციის ინტერესების შესაბამისი. ეს არის უფრო ლამაზად და ტექნიკურად ნათქვამი ფრაზა. მე, ჩემი პროფილური ცოდნიდან გამომდინარე, გეუბნებით, რომ ეს არის წმინდა სადაზვერვო მოქმედება საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და რუსეთის ფედერაციის ინტერესების სასარგებლოდ.
რას გულისხმობთ?
– სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება ამ წუთში გვერდზე გადავდოთ, აქ მთავარია გარკვეული პრობლემები შეიქმნას მმართველობით სისტემაში და საერთაშორისო ასპარეზზე მოახდინონ ქვეყნის ხელისუფლების კომპრომენტაცია. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელსაც ოპოზიცია წარმატებით ასრულებს სხვადასხვა ქმედებებით. ძალიან რთული პროცესების წინაშე ვდგავართ. გვინდა-არ გვინდა, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი აზროვნება და გალაშქრება საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
ამაზე საუბრობენ საქართველოში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ექსპერტები. ის, რომ ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა, ეს არაა გამოსავალი. მე, ვთვლი, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან დაინტერესებული სახელმწიფოს მხრიდან ეს ძალა ნებისმიერ დროს შეიძლება იქნას გამოყენებული საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. პირდაპირი და ფარული მესიჯები მიდის იმ ქვეყნის მიმართულებით, რომელიც დაინტერესებულია, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს დესტაბილიზაცია და ჩვენ ვერ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც დაგვაახლოვებს ევროპასა და ნატოს. ამიტომ, შეიძლება ჩავთავლოთ, რომ ეს არის პოლიტიკური დაზვერვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ისინი საკმაოდ კარგად მუშაობენ როგორც პროპაგანდისტები, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის ფედერაციის სადაზვერვო ინტერესებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტო რუსეთი არ არის დაინტერესებული დესტაბილიზაციით საქართველოში და რუსეთს საკმაოდ კარგი დამოკიდებულება აქვს ჩვენს სამეზობლო წრეებთან. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული გადათამაშება მოხდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს რელიგიური და ეთნიკური ფაქტორი, რომელიც საკმაოდ ძლიერია საქართველოში და რომლის გამოყენების პრაქტიკა არსებობს არა მარტო ჩვენთან მიმართებაში, არამედ მთელს მსოფლიოში, როცა ასეთ ჯგუფებს იყენებენ სხვადასხვა მადესტაბილიზებელი ქმედებისათვის. ამიტომ, ჩვენ ძირითადად ფოკუსირებული ვართ პოლიტიკურ პარტიებზე, მაგრამ არსებობს გარკვეული ალტერნატივები, რომლებიც შესაძლებელია კოორდინირებულად ამუშავდეს საქართველოს ინტერესების საზიანოდ.
რუსეთის ქმედებები და ყოფნა რეგიონში საფრთხეს რომ უქმნის რეგიონულ სტაბილურობას და საქართველოს უსაფრთხოებას, ეს ფაქტია და ამის ფონზე, რამდენად პრობლემურია ის ფაქტი, რომ ქვეყანას არ ჰყავს დაზვერვის ხელმძღვანელი?
– დაზვერევის პირველი პირი არ არის დანიშნული, თორემ დაზვერვის სამსახურს ხელმძღვანელები ჰყავს, რომლებიც თავიანთ უფლებამოვალეობას ასრულებენ. რა თქმა უნდა, უკეთესია, თუ დაჩქარდება და საქართველოს დაზვერვას ეყოლება პირველი პირი.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, სადაც გაიმართა დაზვერვის სამსახურის მოსმენა, აღინიშნა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ცალკეული ტელეკომპანიების მიერ სადაზვერვო საქმიანობის არასათანადო პრიორიტეტულობასთან დაკავშირებით გაკეთებული სუბიექტური, ვიწროპარტიულ ინტერესებზე დაფუძნებული შეფასებები. ოპოზიციური მედია მიზანმიმართულად ავრცელებს იმ სახის დეზინფორმაციას, რაც რუსეთის ინტერესებში შედის?
– პოლიტიკური ძალები გამოიყენებიან სადაზვერვო პროპაგანდისათვის. შესაბამისად, მასმედიის საშუალებები, როგორც პოლიტიკური ძალების დეზინფორმაციის გამავრცელებლები, არის ყველაზე მოწყვლადი სექტორი, საიდანაც პრაქტიკულად ხდება სიცრუის ტირაჟება. მასმედია არის ერთ–ერთი ხელსაყრელი მიმართულება, საიდანაც დეზინფორმაციული ნაკადების განვრცობა ხორციელდება და ეს იწვევს ხელისუფლების კომპრომეტაციას, რათა საბოლოო ჯამში, მიღწეული იქნას დესტაბილიზაცია ქვეყანაში.
როდესაც ვსაუბრობ დესტაბილიზაციაზე, ამ შემთხვევაში არ შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ სამოქალაქო ომზე. როგორ წარმოგიდგენიათ, თუ პროპაგანდა და დეზინფორმაციული სივრცე თავის შედეგს გამოიღებს, ქვეყანაში დადგება ეკონომიკური პრობლემები, ინვესტიცები შეწყდება, ახლის მოზიდვა არ მოხდება იმიტომ, რომ ჩაითვლება არახელსაყრელი ვითარებაა, საბოლოო ჯამში ეს მიგვიყვანს სოციალურ დესტაბილიზაციამდე? თუ სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე, უმეტეს შემთხვევაში, ეს პროცესები ყოველთვის მთავრდება არსებული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობით.
უნდა ვიცოდეთ, რომ ოპოზიციის პროპაგანდას ჰყავს თავისი მომხრეები, არსებობენ ღია და ფარული მომხრეები. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს კიდევ ერთი მომენტი, საქართველოდან გასული პროფესიონალები, რომლებსაც სპეცსამსახურებში, თავდაცვის უწყებაში და პოლიციაში მუშაობის გამოცდილება აქვთ. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ საბოლოო ჯამში, ეს ძალებიც გამოყენებული იქნას საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. განსაკუთრებით ვასუბრობ უკრაინის მიმართულებაზე, საიდანაც მუდმივად მოდის მადესტაბილიზირებელი მუხტი.
სააკაშვილის ფაქტორს გულისხმობთ?
– ჩემთვის წარმოუდგენელია, ქვეყანა, რომელთანაც ვიმყოფებით სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობაში, გარდა პოლიტიკურისა, უკრაინისთვის საქართველო ეკონომიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანაა, წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო იერარქიაში ჰყავდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც მოუწოდებდეს ქვეყნის ოპოზიციურ ძალებს ძალადობრივად დაამხონ ქვეყნის ხელისუფლება. ასეთი ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არ უნდა არსებობდეს.