მსახიობი ზურა ბერიკაშვილი ერთ სახალისო შემთხვევას არაერთხელ იხსენებს.
„ჩემი თანაკურსელები - გურამ ჯაში და ირაკლი კავსაძე - მოვიდნენ ჩვენთან, მამაჩემის დაბადების დღის მოსალოცად.
გივი თავის ძმაკაცებთან ერთად ქეიფობდა და გვიან დაბრუნდა სახლში.
შემოაღო დერეფნის კარი და იქვე გაშეშდა - იმდროინდელი პრეზიდენტის ხმა გაიგონა, რომელიც იუბილარს ადღეგრძელებდა:
„ჩემო საყვარელო ხალხო, შეიძლება ყველას გაგიკვირდეთ ჩემი მოულოდნელი ვიზიტი, მაგრამ აქ გასაკვირი არაფერია, მე ისე ძალიან მიყვარს ჩემი გივი ბერიკაშვილი, რომ არ შემეძლო არ მოვსულიყავი. ღმერთმა გაახაროს და ადღეგრძელოს ჩემი გივი.“
ჯერ ბახუსის, შემდეგ კი პრეზიდენტის ყურადღებით სახეგაბადრული მამაჩემი შემოვიდა ოთახში და ჩვენ შევრჩით ხელში.
მაშინ გურამ ჯაში პირველი კურსის სტუდენტი იყო და მისი პაროდისტობა არ იყო გახმაურებული ამბავი. ამიტომაც ეგონა მამაჩემს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დრო გამონახა და საყვარელ მსახიობს დაუპატიჟებლად ესტუმრა „ჭიქის ასაწევად“.