ალბათ, ცოტამ თუ იცის, რომ ცნობილი ქართველი პოეტი, იოსებ გრიშაშვილი, თეატრში მოკარნახედ მუშაობდა.
მას მსახიობისთვის უნდა ეკარნახა არა მარტო მისთვის განკუთვნილი სიტყვები, არამედ რემარკებიც: ადექი, დაჯექი, მიდი, მოდი, გადი, წადი, აკოცე, გაიცინე და ასე შემდეგ. ამის გამო, ბატონ სოსოს მრავალი კურიოზი გადახდენია თავს. აი, როგორ იხსენებდა იგი ერთ-ერთ მათგანს:
„ვთამაშობდით ვალერიან გუნიას ისტორიულ პიესას „და-ძმა“. სცენა წარმოადგენდა ციხეს. ტყვეებს ეძინათ, მათ შორის იყო მარინეს ძმა, გაიოზიც.
შემოდის აღელვებული და თმაგაწეწილი მარინე (აფხაზიშვილი). ყურები ჩამოყრილი თმებით აქვს დაფარული, ღელავს, ვკარნახობ სიტყვებს, მაგრამ არ ესმის. ის გაფაციცებით დარბის სცენაზე. პატიმრებს შორის დაეძებს თავის ძმას, რომ ციხიდან ჩუმად გააპაროს.
მარინე მალიმალ ფეხებს მიაბაკუნებს. ეს ნიშნავს, არ მესმის და სიტყვები ხმამაღლა მითხარიო. ხმამაღლა რომ ვუკარნახო, საზოგადოება მიწყრება: „სუფლიორ, ტიშე!“. ის კვლავ განაგრძობს ფეხების ბაკუნს.
ბოლოს გაბრაზებულმა მივაძახე: „გადაიწიე ეგ თმები და გაიგებ, რაღა!“ მარინეს ეს ფრაზა პიესიდან ეგონა და მძინარე გაიოზს მიმართა: „გაიოზ, გაიოზ, გადაიწიე ეგ თმები და გაიგებ, რაღა!“