სპეციალისტების შეფასებით, წელს ქვეყანაში მოსალოდნელია მაღალი ინფლაცია, რის ნიშნებიც წინა თვეშიც გამოჩნდა კიდეც, როდესაც 7.2%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი რამდენიმე თვე სურსათის თვალსაზრისით შედარებითი სიიაფის პერიოდია, ფასების ინდექსის ზრდას მაინც ვერაფერი შეაჩერებს. საინვესტიციო ბანკი „გალტ ენდ თაგარტი“ ნეგატიური სცენარისკენ იხრება და საშუალო ინფლაციას 7%-ის ფარგლებში ვარაუდობენ.
„ჩვენ ინფლაციის პროგნოზი შევცვალეთ და 4.5%-იდან, საშუალო ინფლაციას 7%-ზე ვვარაუდობთ. ასევე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასაც ველოდებით და ეს, შესაძლოა, 28 აპრილის სხდომაზე მოხდეს“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილი.
ინფლაციის და კურსის არასტაბილურობის მხრივ საქართველოს პოზიციები რეგიონში საკმაოდ არასახარბიელოა. ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია აცხადებს, რომ ინფლაცია წელს აუცილებლად მიზნობრივზე მაღალი იქნება და შესაძლოა, მისი საბოლოო მაჩვენებელი 5-6%-ს ასცდეს.
„ჩვენ დამოკიდებული ვართ რამდენიმე ფაქტორზე. პირველი – გაცვლითი კურსი, რომელიც უარესდება და ის აისახება ინფლაციაზე; მეორე – დაწესებული შეზღუდვები და პერიოდული ლოქდაუნი. რაც უფრო მეტად ჩაიკეტება ეკონომიკა, მეტი იქნება პროდუქციის დეფიციტი, რაც გამოიწვევს გაძვირებას და მაღალ ინფლაციას. წლის ბოლოს, ამ ორ ფაქტორზე ვიქნებით დამოკიდებული, მაგრამ მიზნობრივ 3%-ს ყველა ვარიანტში გადავაჭარბებთ. ეს შეიძლება იყოს 5% ან მასზე ცოტა მეტი. სურსათის და ჯანდაცვის ჯგუფში ყველა შემთხვევაში გვექნება მაღალი ინფლაცია. აქ ფასების 6%-იანი ზრდა გვაქვს და ეს შენარჩუნდება“, - განაცხადა მაკალათიამ.
ლარის კურსის ვარდნა და ინფლაცია აძლიერებენ ნეგატიურ მოლოდინს და არასტაბილურობის განცდას. ერთადერთი, რაც შეიძლება ამ დროს ეროვნულმა ბანკმა გააკეთოს, რეფინანსირების განაკვეთის ზრდაა.
ანალიტიკოს ნიკა შენგელიას ვარაუდით, სებ-ს მოუწევს ამ ნაბიჯის გადადგმა, რაც სესხებსა და ფასებზე იმოქმედებს.
„მაღალი ინფლაციაა და ველოდებით, რომ წლის განმავლობაში კიდევ გაიზრდება. ეს საბოლოოდ უარყოფით პროცესებს გამოიწვევს, პირველ რიგში, რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, რადგან მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკა 9,5%-მდეც ავიდეს. ეს იქნება ძალიან ნეგატიური შედეგის მომტანი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ უფრო გაუძვირებს სესხს ბიზნესს და გარკვეულწილად იმოქმედებს ფასებზე.
მძიმე მდგომარეობაშია ხალხი, პროდუქტის ყიდვა ისედაც უჭირთ და მომავალში მეტი პრობლემა შეექმნებათ. ამიტომ ვამბობდი ასე დაჟინებით, რომ ინტერვენციები უნდა დაჩქარდეს, ახლა უკვე დაგვიანებულია, ვინაიდან კურსიც და ინფლაციაც შორს წავიდა, ფსიქოლოგიური ფაქტორია ჩართული“, - განაცხადა შენგელიამ.
პრობლემებს არ მალავენ სავაჭრო ქსელების წარმომდაგენლებიც. „რითეილ“ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის, მირანდა მანჯგალაძის თქმით, პროდუქტებზე ფასების ცვლილება იმდენად ხშირია, რომ დახლზე მისი დროული ასახვა ვერ ესწრება. ამაზე გავლენას, ერთი მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ვითარება და ლარის გაცვლითი კურსი, მეორე მხრივ კი, ადგილობრივ ბაზარზე ბიზნესის გაზრდილი ხარჯი ახდენს.
„იზრდება იმპორტული პროდუქციის ღირებულება, ასევე საწვავის თემაა წამყვანი, ლოგისტიკურად ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან მოსულ პროდუქტს, რომელიც უკვე გაძვირებულია, ვახვედრებთ მაღალ კომუნალურ ხარჯებს და ეს საბოლოო ჯამში აისახება კიდეც სარეალიზაციო ფასზე. პროდუქტებზე ფასების ცვლილება იმდენად გახშირდა, რომ დახლზე მისი დროული ასახვა ვერ ესწრება“, - განაცხადა მანჯგალაძემ.