წინა კვირას ლონდონის „ჩელსის“ ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გუნდს გამოეთხოვება. ბენიტესმა მოვლენებს დაასწრო, რადგან საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რომან აბრამოვიჩი მის მოხსნას ისედაც აპირებდა.
ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტების ვარაუდით, ლონდონურ გუნდს პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო ან იტალიელი ლუჩანო სპალეტი ჩაიბარებს. ზემოთდასახელებულ მწვრთნელებს გუშინ ჰოლანდიელი გუუს ჰიდინკიც შეუერთდა.
მახაჩკალის „ანჟის“ ამჟამინდელი დამრიგებელი გამოცემა „Goal.com“-ს ესაუბრა და „ჩელსიში“ მუშაობის სურვილი გამოთქვა.
„მიმდინარე წლის შემოდგომაზე 67 წელი შემისრულდება და სამწვრთნელო კარიერის დასრულებას ვაპირებ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ რომან აბრამოვიჩი თავისი გუნდისთვის ახალ მწვრთნელს აქტიურად ეძებს. იმ შემთხვევაში თუ გამიხსენებს და „ჩელსის“ ჩამაბარებს, ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილებას ერთი წლით გადავდებ.
ლონდონში 2009 წელს ვმუშაობდი და იმ პერიოდიდან საუკეთესო მოგონებები დამრჩა. ერთადერთი ფეხბურთის სპეციალისტი გახლავართ, რომელიც ჩუკოტკის ყოფილმა გუბერნატორმა თანამდებობიდან არ მოხსნა.
ჩემი მუშაობის დროს ინგლისის თასი მოვიგეთ და პრემიერ ლიგაშიც მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით. „ჩელსის“ მოთამაშეებთან შესანიშნავი ურთიერთობა გამაჩნდა და ამ გუნდში დაბრუნებაზე ვოცნებობ.“ - განაცხადა გუუს ჰიდინკმა.