„გამყრელიძეს და მის ამფსონებს ჰგონით, რომ ჩაკეტვაა გამოსავალი“ - საითკენ გადაიხრება მთავრობა?

„გამყრელიძეს და მის ამფსონებს ჰგონით, რომ ჩაკეტვაა გამოსავალი“ - საითკენ გადაიხრება მთავრობა?

მოსალოდნელია თუ არა ახლო დღეებში „ლოქდაუნის“ გამოცხადება, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ყველას აღელვებს. მთავრობას ეს სულაც არ სურს, თუმცა სხვა არის რეალური ვითარება. ბიზნესმენების აზრით, რესურსი რომ არსებობდეს, უკვე დაკეტავდნენ კიდევ ქვეყანას, მაგრამ მთავრობა თავადაც გამოუვალ მდგომარეობაშია.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით „ლოქდაუნზე“ და გაფართოებულ შეზღუდვებზე მსჯელობა არ არის.

„დღეს რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ისევ და ისევ აქტიური ტესტირების რეჟიმში პრევენციული ღონისძიებების კიდევ უფრო მეტად გამკაცრება და გაფართოება, რათა შევძლოთ ის, რომ შეზღუდვებს არ დავუბრუნდეთ. დღეს განიხილება აქტიური ტესტირების პროგრამის გაფართოება მაღალი რისკის ჯგუფებში, ეს არის დღეს ჩვენი ფოკუსი, თუმცა თუ შემთხვევების რაოდენობა დრამატულად გაიზრდება, შემდეგ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების თემაზე ისევ მსჯელობა.

დღევანდელი მდგომარეობით ტოტალურ „ლოქდაუნზე“ და გაფართოებულ შეზღუდვებზე საუბარი არ არის. ჩვენთვის მთავარი აქცენტი არის ის, რომ თავიდან ავიცილოთ „ლოქდაუნამდე“ მიმავალი გართულებები“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მორიგი „ლოქდაუნი“ თუკი გამოცხადდება, ასეთ შემთხვევაში საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს კაპიტალური ხარჯების შემცირებისკენ მოუწოდებს. საქართველოში ფონდის მუდმივი წარმომადგენელის სელიმ ჩაქირის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანაში პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე კრიზისი გამწვავდება, სახელმწიფომ გადასახადების გაზრდის ნაცვლად, ბიუჯეტის კაპიტალური ხარჯები უნდა შეამციროს და დაზოგილი თანხით მიზნობრივი სოციალური დახმარებები გასცეს.

„კიდევ ერთი „ლოქდაუნი“ ნიშნავს, რომ დღის წესრიგში აუცილებლად დადგება ოჯახებისა და ბიზნესების მხარდაჭერის აუცილებლობა. ამ სცენარში პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს ხარჯების ოპტიმიზაცია და არა გადასახადების გაზრდა. კაპიტალური ხარჯების ბიუჯეტი ბოლო 8 წლის განმავლობაში მშპ-ის დაახლოებით 8% იყო - ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი სცენარის შემთხვევაში, აუცილებელი იქნება კაპიტალური ხარჯების შეკვეცა და მისი მიმართვა მიზნობრივი ფულადი დახმარებებისკენ“, - განაცხადა გადაცემა „ანალიტიკაში“ სელიმ ჩაქირმა.

გასულ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.3%-დან 3.5%-მდე შეამცირა. ჩაქირი განმარტავს, რომ ფონდი საქართველოში თავდაპირველთან შედარებით უფრო ნელ აღდგენას ვარაუდობს. ამასთან 3.5%-იანი ზრდის პროგნოზი „ლოქდაუნის“ სცენარს არ ითვალისწინებს, შესაბამისად, ახალი მკაცრი შეზღუდვის პირობებში, ზრდა უფრო დაბალი იქნება.

რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზდენტი შოთა ბურჯანაძე ხსნას ვაქცინაციაში ხედავს და ეს რომ ვერ ხორციელდება, სრულად ეპიდემიოლოგიური გუნდის პასუხისმგებლობაზე საუბრობს.

„ადრეც ვთქვი, რომ ქართული მოვლენაა დემაგოგია, სოფიზმი და უპასუხისმგებლობა. ბევრი ადამიანი ამბობს, რომ იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ რაში გამოიხატება ეს? ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილება ქაოსურად, ლოგიკის გარეშე მიიღება. ძალიან მარტივი მაგალითია - მელიქიშვილის გამზირზე არის ერთი კლუბი, რომელიც რამდენჯერმე დაჯარიმდა ერთ ლოკაციაზე, მაგრამ დამჯარიმებელს ყოველ მისვლაზე სხვადასხვა შპს ხვდებოდა. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ დაკეტვები და გახსნები არ არის გამოსავალი.

წარმოდგენაც კი, უბრალოდ, შეუძლებელია, რომ ქვეყანა კიდევ ერთხელ ჩაიკეტოს. ამას ვერ გადაიტანს ეკონომიკა. მეტი ვალის აღების შესაძლებლობაც კი არ გვაქვს. გამყრელიძეს და მის ამფსონებს ჰგონით, რომ ჩაკეტვაა გამოსავალი. რესურსი რომ არსებობდეს, უკვე დაგვკეტავდნენ. დღეს, სამწუხაროდ, ამ ვირუსს მართავენ საბჭოთა ცნობიერების ადამიანები.

კითხვა მაქვს, რატომ არ ცხადდება დღეს საყოველთაო ვაქცინაცია? - იმიტომ, რომ არ გვაქვს ვაქცინები. როცა ეს ვერ უზრუნველყვეს, ხომ შეიძლება დაიხურონ ქუდი და წავიდნენ სახლში. ახლა ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა, თუმცა ეს ვერ ხერხდება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.