„როდესაც იდეა ჩნდება, მისი განხორციელების გზაც ჩნდება, ესებუას მაგალითი ბევრს წაახალისებდა, თუმცა ესებუა სულ არ არის აუცილებელი, რომ ადამიანებს ასეთი იდეები გაუჩნდეთ“

„როდესაც იდეა ჩნდება, მისი განხორციელების გზაც ჩნდება, ესებუას მაგალითი ბევრს წაახალისებდა, თუმცა ესებუა სულ არ არის აუცილებელი, რომ ადამიანებს ასეთი იდეები გაუჩნდეთ“

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმებმა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იმატა. გუშინ, თბილისში, ავლაბარში მდებარე „საქართველოს ექსპრეს ბანკში“ მძარცველი იარაღით შევიდა და მძევალი აიყვანა. საბედნიეროდ, ცნობილი მძარცველის, ბადრი ესებუასგან განსხვავებით, თბილისელ მძარცველს გეგმები ჩაეშალა. სამართალდამცველებმა ძარცვის მცდელობა აღკვეთეს და მძარცველი, 1993 წელს დაბადებული ნ.წ. კი რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული ნ.წ. თბილისში, დუშეთის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღის პირველ ნახევარში შეიჭრა და 7 ადამიანი მძევლად აიყვანა. ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ნ.წ. ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

For.ge დაინტერესდა, ბანკებზე მძარცველების მხრიდან ცნობილ მძარცველზე, ბადრი ესებუას მიმართ რამდენად აქვს მიმბაძველობას ადგილი.

ექსპერტ-ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ბადრი ესებუას მაგალითი, სხვა მძარცველებმაც გაიზიარეს.

„ბადრი ესებუამ ყველას აჯობა. მან წაიღო საკმაოდ დიდი თანხა და თან შერჩა. როგორც ჩანს, იმის გამოცდილება სხვა მძარცველებმაც გაიზიარეს. ამასთან კითხვაც ისმევა - გასაჭირი ხომ არ უბიძგებს მძარცველებს?! თუმცა ფილმებიდან ყველას გვინახავს, რომ ის ხალხი სრულიად არ იყო გაჭირვებული, რომლებიც ბანკებზე თავდასხმას ახორციელებდნენ. როგორც ფსიქოლოგი ასე გიპასუხებთ, როდესაც იდეა ჩნდება, რომ რაღაც უნდა გააკეთოს ადამიანმა, ეს იდეა შეიძლება გაჩნდეს ნაწერიდან, ფილმიდან, წყარო იდეების ძალიან ბევრია. ასეთი იდეა როდესაც ჩნდება, მისი განხორციელების გზაც ჩნდება. იმის არ იყოს „სპექტაკლში თოფი თუ დასაწყისში ჰკიდია, ბოლოში გაისვრის“. ამიტომ, რაღაც ვერსია თუ არსებობს, რომ ბანკიდან თანხის გატაცება შესაძლებელია, რატომ არ აიტაცებს ამ იდეას ის ადამიანი, რომლისთვისაც სხვისი თანხის მითვისება მიუღებლობას არ წარმოადგენს?! ამიტომ, ესებუას მაგალითი ბევრს წაახალისებდა. თუმცა, უცხოური მაგალითებიც ბევრი გვაქვს. სიმართლე გითხრათ, ესებუას შემთხვევა კარგად არ მესმის და ვფიქრობ, იქ ბევრი ბნელით მოცული დეტალია. ისე, ესებუა სულ არ არის აუცილებელი, რომ ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ასეთი იდეები გაუჩნდეთ“, - განუცხადა რამაზ საყვარელიძემ  და თავდამსხმელების ფსიქოპორტრეტს შემდეგნაირად აღწერს: „საერთოდ, ვინც დანაშაულზე მიდის, ძალიან გაბედულია. თავის დროზე ზღვის მეკობრეები იყვნენ ასეთნი. შემდეგ ისინი ცნობილები გახდნენ ისეთ მოგზაურებად, რომლებმაც დედამიწას შემოუარეს. როგორც წესი, ასეთი ადამიანები გაბედულები არიან და ამ გაბედულობას საით მიმართავენ, ეგ უკვე ცხოვრებაზეა დამოკიდებული - საითაც ცხოვრება მიუთითებს, იქითკენ მიმართავენ თავის გამბედაობას. შეიძლება ერთ შემთხვევაში ცუდ ამბებში გამოავლინონ გამბედაობა, მეორე შემთხვევაში კი არც ისაა გამორიცხული, რომ თავისი გაბედულობით გმირობის ტოლფასი საქციელი ჩაიდინონ. ამიტომ, ადამიანის განსჯა ადვილი არაა“.

ფსიქლოგი ნანა ჩაჩუა კი for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მძარცველებს კანონის არ ეშინიათ და ამიტომაც მოხშირდა ბანკებისა თუ სხვა ორგანიზაციების დაყაჩაღების ფაქტები.

„მძარცველების ასეთ გამრავლება კანონის უპატივცემულობამ გამოიწვია. საერთოდ, ქვეყანაში არის კანონის უპატივცემულობა. ბადრი ესებუას ფაქტიც კანონის უპატივცემულობაა. კანონისადმი საერთოდ არის არაადამიანური დამოკიდებულება. ერთი ჭკვიანი ადამიანის ნათქვამია: „დღეს განხორციელებული უკანონობა, ხვალ უკანონობის განხორციელების დაკანონებაა“, - გვითხრა ფსიქოლოგმა.

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმას სოციალურ ქსელში, პარლამენტარი კახი კახიშვილი გამოეხმაურა. ისნის მაჟორიტარი დეპუტატი სამართალდამცველებს მადლობას უხდის, რათა ოპერაცია უმსხვერპლოდ დასრულდა და მძარცველის დაკავება შეძლეს.

კახი კახიშვილის განცხადებით, ბანკებისა და სავალუტო ჯიხურების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს.

„სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები გახშირდა. მიმაჩნია, რომ ბანკების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და სხვა რისკის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი ახლებურად უნდა დარეგულირდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს ძირითადად, ბანკების დაცვას მათ მიერვე შექმნილი დაცვის სამსახურის წარმომადგენლები ან კერძო დაცვის სტრუქტურები ახორციელებენ. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ამ ადამიანებს არც ჰქონდეთ მსგავს ფაქტებზე ეფექტიანი და ოპერატიული რეაგირების სათანადო უნარ-ჩვევები.

ჩემი აზრით, ვფიქრობ, შესაძლებელია, საკითხი დარეგულირდეს ორი მიმართულებით: პირველი - ან მსგავსი ობიექტების დაცვის თანამშრომლებმა სავალდებულო სწავლება უნდა გაიარონ შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიაში და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცეთ აღნიშნულ ობიექტებზე მუშაობის უფლება, ან მეორე - თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფებმა უზრუნველყონ აღნიშნული ობიექტების დაცვა, რადგან საბოლოოდ, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სწორედ პოლიციას ეკისრება. ამასთან, სათანადო სწავლება გავლილი უნდა ჰქონდეთ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ოპერატორებს, თუ როგორ მოახდინონ დროული რეაგირება საეჭვო ფაქტების დაფიქსირების შემთხვევაში და ასევე, მკაცრად დაიცვან ინსტრუქციები, რომელიც ობიექტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - წერს კახი კახიშვილი.

ცნობისთვის, გასული წლის 20 ოქტომბერს, ზუგდიდში არსებულ „საქართველოს ბანკში“ ერთი პირი შეიჭრა. ეს პიროვნება ბადრი ესებუა იყო, რომელიც ახლა ტერორიზმის მუხლით არის ძებნილი. ესებუამ ბანკში მძევლები აიყვანა და ნახევარი მილიონი დოლარი მოითხოვა. ვიდრე თანხა არ აიღო ესებუამ მძევლები არ გამოუშვა, თანხის აღების შემდეგ, მან მიმალვა მოახერხა.

ამის შემდეგ, ზუსტად ერთ თვეში, თბილისში ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ახალგაზრდა ბიჭი შევიდა. ესებუას მსგავსად მანაც მძევლები აიყვანა, თუმცა ზუგდიდელი მძარცველისგან განსხვავებით, მას სულ სხვა მოთხოვნები ჰქონდა. სამართალდამცველებმა თბილისელი „ტერორისტის“ დაკავება შეძლეს.