ვადასტურებთ, რომ ხუთი საკითხიდან სამზე, ჩვენ ოპოზიციური პარტიები ვთანხმდებოდით, რომ შესაძლებელი იყო ამ კონკრეტულ სამ საკითხზე ხელმოწერა, რასაც „ქართული ოცნება“ არ თანხმდებოდა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების საკითხი მოლაპარაკების მორიგ რაუნდს მოითხოვს.
„ხუთიდან სამ საკითხზე შესაძლებელია ხელმოწერა, გასავლელი დარჩა კიდევ ორი მნიშვნელოვანი თემა, ესაა პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების, რაც მოლაპარაკების მორიგ რაუნდს მოითხოვს და იქნება ძალიან სერიოზული საუბარი მხარეებს შორის. როგორც აღვნიშნე, სამ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით, ხოლო პოლიტპატიმრებისა და ვადამდელი არჩევნების თემაზე დამატებით არის სამუშაო. როგორ გგონიათ, პოლიტიკურ პატიმრებს დავთმობთ ოპოზიცია? მძევლებად დავტოვებთ რურუას და მელიას? პირდაპირ გეტყვით, რურუაზე არაფერია ამ დოკუმენტში ნათქვამი, ისევე, როგორც არაფერია ნათქვამი ვადამდელ არჩევნებზე“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.