სავალუტო ბაზარზე მეტად უცნაური შემთხვევები დაფიქსირდა. კურსი მაღლა მიიწევს, შემდეგ ეროვნულ ბანკს 40 მლნ დოლარი გასაყიდად გამოაქვს, რომლის ნახევარი ძლივს იყიდება და კურსი მაინც არ მყარდება. როცა სებ-ის მიერ გამოტანილ ვალუტას არ ყიდულობენ, ეს ნიშნავს, რომ დოლარზე მოთხოვნა არ არის. ასეთ შემთხვევაში კურსი მკვეთრად უნდა მყარდებოდეს, მაგრამ რატომღაც ეს არ ხდება. ასეთ პრეცედენტთან გვქონდა საქმე 2 კვირის წინათაც და 15 აპრილსაც.
ბოლო სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის რიგით მეექვსე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად 40 მილიონი დოლარი გამოიტანა. აღნიშნული თანხიდან ბაზარზე მხოლოდ 25.4 მილიონი დოლარი გაიყიდა. ამ სავალუტო აუქციონის შედეგად, ლარი უმნიშვნელოდ გამყარდა. 2 კვირის წინანდელი აუქციონის შემდეგ კი (როდესაც მსგავსი შემთხვევა დაფიქისრდა) ეროვნული ვალუტა საერთოდ არ გამყარებულა და 2-3 დღის შემდეგ კი გაუფასურება განაგრძო.
სპეციალისტებიც ადასტურებენ, რომ უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა აღარ არის, რის გამოც ეროვნული ბანკის ინტერვენციები შედარებით მოკრძალებულია. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი აღნიშნავს, ქართული ფული არასტაბილურობით გამოირჩევა, თუმცა ეროვნულ ბანკს რეზერვები წელს იშვიათად გამოაქვს.
„კომერციულ ბანკებს, გარდა ეროვნული ბანკისგან იყიდონ დოლარი, კიდევ სხვა წყარო აქვთ უცხოურ ვალუტაში სესხის აღებისთვის. რა თანაფარდობით მიმდინარეობს ეს პროცესი, თქმა ჯერჯერობით ძალიან ძნელია. თუმცა არავინ არის დაინტერესებული, ნაკლები იყიდოს, როცა მოთხოვნა მეტია ან კიდევ, ადგილი ჰქონდეს კურსით მანიპულირებას კომერციული ბანკების მხრიდან. მათ გაცილებით ნაკლები დოლარი გასცეს სესხების სახით, ვიდრე ეროვნული ბანკი ფიქრობდა, რომ გაყიდდა.
სიმართლე გითხრათ, ახლა ისეთი სიტუაციაა, როცა ვერავინ ივარაუდებს, რა იქნება ხვალ, რამე განსაზღვრული დასკვნა გააკეთო ეროვნული ბანკის საქმიანობიდან, ყოვლად შეუძლებელია. თუმცა ფაქტია, რომ ნებისმიერი „სიურპრიზისთვის“ უნდა ვიყოთ მზად უახლოეს პერიოდშიც. ვგულისხმობ ეკონომიკის ჩავარდნას, იმპორტის გააქტიურებას, ადამიანების, ბაზრის აგენტების მოლოდინს და სხვა - ეს ყველაფერი მოქმედებს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ გაურკვევლობისთვის რამე გამოკვეთილი ფაქტორია. ადრე გაურკვევლობა იყო საშუალოვადიან პერიოდთან დაკავშირებით, ეს ნეგატივი ახლა უკვე მოკლევადიან პერიოდში გადმოვიდა“, - განუცხადა „რეპორტს“ თოქმაზიშვილმა.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი კი ამბობს, რომ ლარი ხელში გვადნება. რაც ახლა ეროვნულ ვალუტას სჭირს, არის გამოხატულება იმისა, რაც ეკონომიკას სჭირს და ბიზნესს.
„ლარი მეთოდურად, სისტემურად და ნელ-ნელა უფასურდებოდა ამ ხნის განმავლობაში. ამას მოკლევადიანი ფაქტორებიც ემატება, რაც არის პოლიტიკური კრიზისი ქვეყანაში, არის სიჯიუტე ხელისუფლების, რომ არ განიხილოს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გზები, რაც არის ვადამდელი არჩევნები. ამ ყველაფრის ფონზე სულ არ არის გასაკვირი, რომ ლარი ხელში გვადნება.
ამ ყველაფერში ეროვნულ ბანკს თავისი წილი პასუხისმგებლობა ნამდვილად აქვს. გაუმართლებელია თუნდაც ლარის მასის ასეთი ზრდა, მაგრამ მეორე მხრივ ეროვნული ბანკის მთელი პოლიტიკა, მათ შორის ლარიზაციის, ვითომ მიმართული იყო იქით, რომ ლარის ნდობა გამყარებულიყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ამან მოიტანა საპირისპირო შედეგი, ლარის მიმართ ნდობა შემცირდა“, - განაცხადა ბედინეიშვილმა.
დევალვაციასთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ბოლოდროინდელი გაუფასურება თურქული ლირის მკვეთრ ვარდნას უკავშირდება. სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება.