ბიზნესში ახალი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავენ. ისინი ამბობენ, რომ სამზადისი ამისთვის დაწყებულია კიდეც, მაგრამ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ხმაურდება. ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში აღშფოთებას იწვევს ის, რომ მუდმივად ცდილობენ ბიზნესს და ხალხს გადააბრალონ მთავრობის წარუმატებლობა.
ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდ წყაროდ რესტორნებს ასახელებენ.
„შეშინებულია ხელისუფლება, რომ 1000-ს გადასცდა ინფიცირების მაჩვენებელი, რაც ამხელა ქვეყნისთვის არ არის ის მასშტაბი, რომ ვერ მოერიონ. საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ მოემზადებინათ საავადმყოფოები, ჩაეტარებინათ ტრენინგები, შემოეტანათ ვაქცინა და ა.შ. ახლა გადაბრალება, რომ რესტორნები ვერ იცავენ წესებს, ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ არ გვაქვს გეგმა და ხელისუფლებამ არ იცის, რა არის კრიზისის მართვა“, - განაცხადა ია თაბაგარმა.
მან ასევე 4-11 მაისს გამოცხადებულ უქმეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესისთვის დიდი დარტყმა იქნება.
„ეშმაკურად არის შემოპარებული, რომ უქმე დღეები არის მხოლოდ 4-12 მაისი. საბოლოო ჯამში, დავთვლით დასვენების დღეებს და გამოვა ორი კვირა, რაც იქნება ბიზნესისთვის დამანგრეველი და რაც არასდროს არ ესმის ხელისუფლებას. მათ ჰგონიათ, რომ თუნდაც ის ორი კვირა, როდესაც არის კარგი ამინდი, ფრენები სრულდება, უამრავი ადამიანი აპირებს საქართველოში ჩამოსვლას, არ არის ბევრი.
ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია იმის უნარი, რომ მართოს სიტუაცია. ამიტომ ჩაკეტვა არის მარტივი გამოსავალი. აღშფოთებას იწვევს ისიც, რომ თავად საშვები აქვთ, გადაადგილდებიან ღამე, რესტორნებშიც დადიან, ბანკეტებსაც აწყობენ“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ თაბაგარმა.
მისივე თქმით, 320 000 ადამიანია დაზარალებული მასპინძლობის ინდუსტრიიდან. ხოლო თუ ისევ ჩაიკეტა ყველაფერი, ამას მოჰყვება დიდი პროტესტი და დაუმორჩილებლობაც კი.
მესამე შესაძლო ლოქდაუნს ბიზნესმენები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. „ალბატროსის“ დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი აღნიშნავს, რომ შეზღუდვების ახალი ტალღა მკვეთრად უარყოფით გავლენას მოახდენს ბიზნესზე, შეიძლება, უამრავმა ადამიანმა სამსახური ისევ დაკარგოს, რაც თავის მხრივ ეკონომიკურ ზრდაზეც ცუდად იმოქმედებს.
„მკაცრი შეზღუდვები გამოვიარეთ, რაც ჩვენისთანა მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის საკმაოდ დიდ პრობლემას გამოიწვევს. ლარის კურსი კატასტროფულად არის გაუფასურებული, რის გამოც ისედაც პანიკური სიტუაციაა. საბოლოო ჯამში, ზარალდება მთელი ეკონომიკა და ბიზნესი.
შეზღუდვებზე ფიქრიც კი არ შეიძლება, ამით ეკონომიკას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავაყენებთ. მთავრობა ასეთ გადაწყვეტილებას თუ მიიღებს, გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს ეკონომიკა. აქამდე „კომენდანტის საათიც“ უნდა მოეხსნათ, ახალი ტიპის შეზღუდვებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგები“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი ფიქრობს, რომ ლოქდაუნისკენ პირველი ნაბიჯები შესაძლოა, აღდგომის დღესასწაულისთვის გადაიდგას. ასეთ შემთხვევაში კი, ბიზნესის დიდი ნაწილი გაკოტრდება. საქმე ისაა, რომ კომპანიებმა, არსებული მძიმე მდგომარება ახლა უფრო იგრძნეს, ვიდრე შარშან. ახლა კი ყველაფერი თუ ისევ თავიდან დაიწყო, მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდება.