პოლიტიკური „გაყრიდან“ მეორე დღეს, „გახარიას ექვსეული“ მანდატების დატოვებას არ აპირებს. ისინი თვლიან, რომ მაჟორიტარულ ოლქებში მათ გამარჯვებაში „ოცნების“ სახელი ნაკლებად ფიგურირებდა.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ინტერვიუს დროს, გახარიას „ექვსეულს“ ურჩევს, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვან, რადგან ეს კარგი იქნებოდა თავად ექს-პრემიერისთვის და გამარჯვების შემთხვევაში, მის ახალ პარტიას ავტორიტეტს შესძენდა.
პარლამენტში გახარიას „ექვსეული“ შეიქმნა. როგორ აფასებთ ფაქტს, როცა ეს ექვსი დეპუტატი პარლამენტში „ქართული ოცნების“ კვოტით მოხვდნენ, დღეს უკვე ექს-პრემიერის ბანაკში გადავიდნენ?
- დავიწყოთ იმით, რომ თავად გიორგი გახარიასგან ჯერ არ გაგვიგია ახალი პარტიის პრეზენტაციის თარიღი, ახალი სახელი და არც ამ პარტიის პროგრამა - არაფერი გაგვიგია. მოვლენები ცოტა უცნაურად წარიმართა - ანუ, ჯერ გუნდის გარკვეული წევრების პრეზენტაცია მოხდა, რომლებსაც თავადაც არ აქვთ პასუხები, ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩამოვთვალე. ამიტომ, მათი პოლიტიკური კრედოს კომენტარი ამ ეტაპზე გამიჭირდება.
არის მოსალოდნელი, რომ გიორგი გახარიამ „ქართული ოცნებიდან“ კიდევ სხვებიც გადაიბიროს?
- რაზე გვაქვს ლაპარაკი, გახარიაზე, რომელიც ქმნის რაღაცა სამეგობრო წრეს, თუ გახარიაზე, როგორც პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელზე, რომლის შესახებაც ჯერჯერობით საზოგადოებამ არაფერი იცის?
იქნებ ეს გიორგი გახარიას სტრატეგიაა, რომ ჯერ გუნდის წევრებს ასახელებს და შემდეგ უკვე პარტიის პრეზენტაცია წარადგინოს?
- მოდით, დეპუტატები ცოტა ხანი გვერდით გავწიოთ და რიგით ამომრჩეველზე ვისაუბროთ. ხომ შეიძლება,როგორც რიგით ამომრჩეველი მომხიბლოს ამ ახალი პარტიის პოლიტიკურმა მიმართულებამ, იდეოლოგიამ, რათა მეც დავუკავშირო ჩემი სამომავლო თეზები, ჩემი პოლიტიკური სიმპათიები და სურვილი გამიჩნდეს, რათა გავწევრიანდე. მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ გახარია პირადად არ მიცნობს და არც მე ვიცნობ ისე, როგორც ის 6 დეპუტატი იცნობს, ანუ, მე, საერთოდ, გზა გადაკეტილი მაქვს იმისთვის, რომ ამ ახალ პოლიტიკურ ძალას შევუერთდე. ამიტომ ვამბობ, რომ აქ საუბარი მიდის იმ თემაზე, რომ გარკვეულმა ვიწრო ჯგუფმა იცის რას ქმნიან, სად მიდიან და ვისთან ერთად მიდიან. ამიტომ, ჯერჯერობით, ამ ჯგუფის იდუმალ გეგმებზე და ზრახვებზე, ჩემთვის, როგორც კომენტატორისთვის, ძნელია რაიმე დამოკიდებულება ჩამოვაყალიბო.
როგორ ფიქრობთ, რატომ წამოიწყო გიორგი გახარიამ იდუმალი თამაში?
- ეს ჩემშიც ბევრ კითხვას იწვევს. პირველი დღე გავარჩიოთ - ანუ, ექვსმა დეპუტატმა გვამცნო, რომ ისინი „ქართული ოცნებიდან“ გადიან. ამას მოჰყვა ჩემთვის ცოტა გაუგებარი განცხადებები. ამ განცადებების შესახებ გიორგი გახარია ჯერჯერობით დუმს. იმედია, ეს განცხადებები ექს-პრემიერთან შეთანხმებულია, რადგან საუბარი ეხებოდა ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მხრიდან რაღაც დაშვებულ შეცდომებს.
თუმცა არ დაუკონკრეტებიათ რა შეცდომებზეა საუბარი...
- რა თქმა უნდა, მეც და საზოგადოებასაც ახლა ზუსტად ის გვაინტერესებს, თუ რა შეცდომებზეა საუბარი. როდესაც ამ შეცდომებზე ლაპარკობენ ყოფილი ეკონომიკის მინისტრის, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ყოფილი პრემიერ მინისტრის გუნდის წევრები, რომელთა შემადგენლობაში შედის შიდა ქართლის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორები, გაუგებარია, რადგან თითქოს, მათი თანამდებობრივი წინსვლა „ქართული ოცნების“ წიაღში ერთი გზით მიდიოდა და პარალელური გზით ხდებოდა შეცდომების დაშვება - ეს გზები არ იკვეთებოდა. ახლა, როცა სხვა პარტიაში გადაწყვიტეს გადასვლა, მათ აეხილათ თვალი იმაზე, რის შესახებაც აქამდე არ უსაუბრიათ და რის შესახებაა ეს შეცდომები მე დღესაც მაინტერესებს.
გახარიამ წასვლის მიზეზად ნიკა მელიას დაკავება დაასახელა. თქვენი აზრით, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ისინი ამას ხელისუფლების ერთ-ერთ შეცდომად მიიჩნევენ?
- მე მგონია, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი მიზეზი. რაღაც ხომ უნდა დაესახელებინათ იმის მიზეზად, თუ რატომ დატოვეს „ოცნება“. მე მიჭირს ეს მიზეზი დავინახო, თუ რაღაცას არ გამოიგონებ, ან რაღაცა უმნიშვნელო პრობლემას არ გააბუქებ. რას ჰქვია მელიას დაკავების გამო პოსტი დათმო პრემიერ-მინისტმა და უცბად გადაწყვიტო ახალი პარტიის შექმნა, შემდეგ ამ სულისკვეთებით, პარტიული ნიშნით გარკვეული ადამიანების რაოდენობა გავაერთიანო, მათ შორის პარლამენტში და პარლამენტის მიღმაც. ეს ხომ ცოტა არასერიოზული მიდგმაა?! ახალი პარტიის შექმნას, ახალი ოპოზიციური მუხტის შემოტანას მივესალმები, მაგრამ შეიძლება ამის მამოძრავებელი ძალა მელიას დაკავება იყოს? ჩემთვის ეს არასერიოზულია.
მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები. გახარიას გუნდში სამი ექს-გუბერნატორია, რომლებიც კარგად ერკვევიან თუ რა ხდება იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობდნენ. ექს-პრემიერის მხრიდან სტრატეგიულად გათვლილი ხომ არ არის, რომ ყოფილი გუბერნატორები თვითმმართველობის არჩევნებისთვის გამოიყენოს?
- თუ არ ვცდები, გიორგი ხოჯევანიშვილმა არ გამორიცხა, რომ ვადამდელ არჩევნებზე თუ დადგება საკითხი, ის პირადად მხარს დაუჭერდა. მე მინდა გიორგი ხოჯევანიშვილს ვკითხო, ნიშნავს ეს თუ არა, რომ კონკრეტულად გიორგი ხოჯევანიშვილის გამარჯვების შემთხვევაში გორის, ხაშურისა და კასპის მაჟორიტარულ ოლქებში ხომ არ მოხდა არჩევნების გაყალბების ფაქტები? წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პოზიცია ჩემთვის გაუგებარია.
თუმცა, მმართველმა გუნდმაც წამოწია არჩევნების საკითხი წინ და აცხადებენ, რომ ამ დეპუტატებმა მაჟორიტარობაზე უარი უნდა თქვან...
- ეს უკვე მეორე საკითხია. „ქართულ ოცნებას“ ეს საკითხი ულტიმატუმის ტონით არ დაუყენებია, რომ გინდა თუ არა მორალური უფლება აღარ გაქვთ იმ თქვენი მაჟორიტარულ ოლქების დეპუტატების წოდება გქონდეთ, გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ავტორიტეტის ხარჯზე გაიმარჯვეთო. უბრალოდ, შეთავაზება იყო. სხვათა შორის, ამ ადამიანებისთვის კარგი სტარტაპი და კარგი პიარი იქნებოდა მანდატებზე უარის თქმა, რადგან არ იქნებოდნენ მუდმივ წნეხის ქვეშ - თქვენ კი არ გაიმარჯვეთ, არამედ ბიძინა იანიშვილის ავტორიტეტმა გაგამარჯვებინათო.
ის დეპუტატები დარწმუნებულები არიან, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში გიროგი გახარიას ფაქტორი გაცილებით მეტი იყო.
- კი, ბატონო. თუნდაც - ამასაც დაამტკიცებდნენ. საუბარი მეც აქეთკენ მიმყავს. ამიტომ იქნებოდა ამ ადამინებისთვისაც კარგი და თავად გახარიასთვისაც კარგი იქნებოდა, რომ მათ ახლა სადეპუტატო მანდატებზე უარი ეთქვათ. შემდეგ, უკვე, კვლავ მიიღონ მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში და თუ გაიმარჯვეენ, წარმოიდგინეთ, ახალ პარტიას რამხელა ავტორიტეტს შესძენენ.
ბატონო დავით გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, გიორგი გახარიას მიერ ახალი პარტიის შექმნა ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით ხდება და ის დგას გახარიას უკან. თქვენ ამ მოსაზრებას რამდენად ეთანხმებით?
- ბიძინა ივანიშვილის სახელი ოპოზიციას 2011 წლიდან პირზე აკერია. ეს ალბათ მათი არასრულფასოვნების კომპლექსია. არა და ეს ოპოზიციაა მართლაც ერთ კონკრეტულ ბელადზე მიბმული, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და საქართველოშიც არ არის, მაგრამ მისი კარნახის გარეშე, ესენი ერთ ნაბიჯსაც კი ვერ დგამენ. ელემენტარულად, არ შეუძლიათ პარლამენტში შევიდნენ და ამომრჩეველს პატივი სცენ. ამიტომ, მათი მხრიდან მსჯელობა არასერიოზულია. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ რა ქნას? მან განაცხადა, რომ წავიდა და აღარ ერევა პოლიტიკაში. თუმცა, ოპოზიციას ამ ადამიანის აჩრდილი მაინც აწუხებს.
ასევე საუბარი არის, რომ „ქართულ ოცნებაში“ რღვევებია. გაძლიერდა ირაკლი ღარიბაშვილის ძალა და დასუსტდა კახა კალაძე. ამიტომ, შესაძლოა, კალაძე გახარიასთან გაერთიანდეს და თვითმმართველობის არჩევნების დროს ერთად მოვიდნენ. ამაზე რას ფიქრობთ?
- კალაძისა და ღარიბაშვილის კონკურენციას „ქართული ოცნების“ წიაღში ვერც ადრე ვხედავდი და ვერც ახლა ვხედავ. კალაძე ერთ-ერთი წარმატებული ქალაქის მერია, ხოლო ღარიბაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია და ორგზის პრემიერ-მინისტრია. მათი კონკურენცია არსად არ იკვეთება. კალაძე იმდენად წარმატებული ფეხბურთელი იყო და იმდენად წარმატებული კაცია, რომ შეიძლება სამომავლოდ ან ბიზნეს დაუბრუნდეს ან დროებით დაისვენოს. შეიძლება უფრო ის დავიჯერო, რომ პოლიტიკით გადაღლილმა კალაძემ დროებით მიატოვოს პოლტიკური ველი, ვიდრე ის, რომ განუდგეს ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ და გიორგი გახარიას ბანაკში გადავიდეს - ამას გამოვრიცხავ.