„ჩვენ და უკრაინამ უნდა ვიცოდეთ, საბოლოო ჯამში, რა შედეგს მივიღებთ სამხედრო ბლოკთან ურთიერთობის კუთხით, არსებობს ზღვარი მოთმინების და ფიზიკური არსებობის“

„ჩვენ და უკრაინამ უნდა ვიცოდეთ, საბოლოო ჯამში, რა შედეგს მივიღებთ სამხედრო ბლოკთან ურთიერთობის კუთხით, არსებობს ზღვარი მოთმინების და ფიზიკური არსებობის“

 საქართველომ ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მხარდაჭერა ვაშინგტონიდან მიიღო. აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონ ბლინკენმა, საქართველო–ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკვანძო საკითხები განიხილა დავით ზალკალიანთან გამართულ სატელეფონო საუბრისას. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სატელეფონო საუბარი ბრიუსელიდან გაიმართა, სადაც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი იმყოფება ვიზიტით და შეხვედრას მართავს ნატოს ხელმძღვანელობასთან და ევროპელ პარტნიორებთან.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ ვაშინგტონის მხარდაჭერა ნატოში ინტეგრაციის მისწრაფების მიმართ. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული პროგრესი ითარგმნება კონკრეტულ გადაწყვეტილებებში ალიანსის მხრიდან“, – აცხადებს დავით ზალკალიანი.

სატელეფონო საუბრისას განიხილეს უკრაინაში შექმნილი ვითარებაც. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, საქართველო იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციის მიმართულებით.

საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს ნატო–ს ნიკოლოზ სამხარაძე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის სხდომაზე უკრაინაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინაში საკმაოდ სახიფათო მოვლენები მიმდინარეობს, რაც რუსეთის ფედერაციის პროვოკაციული ქმედებებით არის განპირობებული. როგორც დეპუტატი ამბობს, რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაცია, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და დამანგრეველი შედეგები ყოველდღიურობად იქცა როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის.

„რუსეთის პოლიტიკა მეზობლების მიმართ საფრთხის შემცველია არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონისთვის, არამედ მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ურთიერთობების გაღრმავებას ნატო–სა და უკრაინას შორის და ვემხრობით შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელიც მშვიდობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტად მიგვაჩნია.

ასევე, მოვუწოდებთ ნატო–ს, დააჩქაროს საქართველოს და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი. უკრაინა მარტო არ უნდა დარჩეს რუსეთის აგრესიის პირისპირ. შესაბამისად, მოვუწოდებთ საერთაშორისიო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინასა და საქართველოში მშვიდობისა და სუვერენიტეტის ქმედითი მხარდაჭერა, რაც უმნიშვნელოვანესია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც ცნობილია, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო–ს წევრების მიერ მიღებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები. თუმცა, ეს დაპირება, ამ დრომდე დაპირებად რჩება. ნატო–ს შტაბბინაში ნატო–ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი კულებამ აღნიშნა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო–მ უკრაინას და საქართველოს პირობა მისცა. უკრაინელი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ალიანსი დაპირებებს ასრულებს.

„2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო–მ უკრაინას და საქართველოს პირობა მისცა. ჩვენ გვჯერა, რომ ალიანსი არის ინსტიტუტი, რომლის ნდობა შეიძლება და რომელიც დაპირებებს ასრულებს. ჩვენთვის უკრაინის ნატო–ში გაწევრიანება დროის საკითხია. არ არსებობს სხვა კრიტერიუმები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობებს ეხება. ნატო–ს მოკავშირეებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი და დაეხმარნენ უკრაინას, შეეჩერებინათ რუსეთი იქ, სადაც ახლა იმყოფება. მოსკოვის თავდაპირველი გეგმა უკრაინის შუაზე გახლეჩა იყო. ასე რომ, როდესაც მეკითხებიან, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს რუსეთი, ჩემი პასუხია, რომ ვერაფერს გამოვრიცხავ, თუმცა კვლავ მჯერა, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომია ყველა ინსტრუმენტი არა მხოლოდ რუსეთის ნაბიჯების პრევენციისთვის, არამედ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მის გასაყვანად. უკრაინა აღადგენს თავის სუვერენიტეტსა და შესაბამისად, ევროატლანტიკური რეგიონის ამ ნაწილში უსაფრთხოება გაძლიერდება“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ.

იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში ვითარება გამწვავებულია და საომარი მოქმედების განახლების საფრთხის წინაშე დგას, რუსთთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო, რომლის ორი რეგიონი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული აქვს, ასევე გრძელდება მცოცავი ანექსია, ამ ფონზე ანალიტიკოსების შეფასებით, დადგა ის ეტაპი, რომ ალიანსმა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ნატო–ში გაწევრიანების შესახებ, რადგან ორივე ქვეყანა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მსხვერპლია.

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ დაპირებები, რომელიც საქართველომ 2008 წელს ბუქარესტის ნატო–ს სამიტზე მიიღო, 20 წელზე მეტია ჟღერს და ხშირ შემთხვევაში ეს ემსახურება ჩვენნაირი ქვეყნების შეგულიანებას, ადრესატი რეალურად რუსეთია, რომელიც ამ ყველაფერზე ღიზიანდება.

„ჩვენ ვიცით, რომ ნატოს ევროპული ქვეყნები არ იზიარებენ ამ მოსაზრებას, რაც არაერთხელ უთქვამს გერმანიის კანცლერს, იგივე საფრანგეთის პრეზიდენტს და პრემიერ–მინისტრს, ამიტომ ეს საკითხი პირველ რიგში ნატოს ევროპულ ქვეყნებში უნდა მოგვარდეს. მათი პოზიცია ჯერჯერობით უცვლელია. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში ჩაიწერა, რომ უკრაინა და საქართველო გახდებიან ალიანსის წევრები, საბოლოოდ, რამდენიმე თვეში მივიღეთ ომი. დავკარგეთ კიდევ მეტი ტერიტორია“, – აცხადებს ირაკლი გოგავა.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, თუკი ფუჭი რიტორიკისთვის კეთდება მსგავსი განცხადებები, ეს მხოლოდ დესტრუქციის მომტანია და რეალური შედეგი საქართველოსთვის არ არის.

„თუ ვინმე დაარწმუნებს წევრ ქვეყნებს, მერე უნდა ვილაპარაკოთ. როგორც 2008 წელს მოხდა ჩვენი შეგულიანება, ასე ხდება უკრაინის შეგულიანება და ამაზე მტკივნეულად რეაგირებს რუსეთი. ტექნოლოგია ერთი და იგივეა. ნატოში გაწევრიანებაზე გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. ასეთი კონსენსუსი დღეს არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ კონსენსუსი უახლოეს დროში შედეგს. თუმცა პოლიტიკაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი გოგავამ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებეში, რუსუდან თევზაძე თვლის, რომ საქართველო შესაძლებელია 2008 წლის მდგომარეობაში კვლავ ავღმოჩნდეს, ახლა კი, უკრაინა დგას იგივე პრობლემის წინაშე. რაც შეეხება გაწევრიანების დაჩქარებას, მისი თქმით, სასურველია და ამავე დროს სასარგებლოც, რომ ნატომ მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების შესახებ.

„ღიად ჩანს, რომ რუსეთი არაფრად აგდებს საერთაშორისო ურთიერთობებს, პატივს არ სცემს დიპლომატიურ ურთიერთობებს, მათთვის მიუღებელია პოლიტკორექტულობა პოლიტიკის წარმოებაში. ძალიან მარტივად შეუძლიათ დაარღვიონ და გააკეთონ ის, რაც მხოლოდ მათ იმპერიალისტურ სურვილს ეხმიანება. აქედან გამომდინარე, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცლილებელია ჩვენი გაწვერიანება და რატომ? იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საქართველოში და უკრაინაში მსოფლიოს უნდა აწყობდეს მშვიდობა და სტაბილურობა. იმიტომ, რომ ორივე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია“, – აღნიშნა რუსუდან თევზაძემ.

თუმცა, როგორც ექსპერტი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, არის მესამე პუნქტი – ნატოში გაწევრიანებისათვის აუცილებელია ქვეყანა აკმაყოფილებდეს გარკვეული ტიპის კრიტერიუმებს. მისი თქმით, ერთ–ერთი კრიტერიუმია რეგიონში მეტ–ნაკლები მშვიდობა იყოს.

„უნივერსალური მშვიდობა რუსეთის ხელში ვერც საქართველოში იქნება და ვერც უკრაინაში, ასევე რუსეთისთვის სამიზნე ქვეყნებში. ამიტომ, ნატომ რაღაცა ხედვა და რაკურსი გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნდა შეცვალოს, ალბათ - დააჩქაროს. ნატოში არიან ქვეყნები, რომლებიც მხარს არ გვიჭერენ, მაგრამ ეს არის მათი სამუშაო ველი, მათი ვალდებულებებია.

ისე უნდა განსაზღვრონ ეს სამუშაოები, რომ შედეგზე იყოს ორიენტირებული - რა თქმა უნდა, ადვოკატირება და პოპულარიზება იმისა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი და უნდა გაძლიერდეს. მოწინააღმდეგე ქვეყნების შემეცნება უნდა მოხდეს, რომ ჩვენს გეოგრაფიულ სივრცეში არსებული პრობლემა, ეს არაა მხოლო ჩვენი ლოკალური პრობლემა, ისევე როგორც უკრაინის. ეს არის მსოფლიო პრობლემა, რომელიც შესაძლებელია სხვა ქვეყნებსაც შეეხოს. ეს უნდა იყოს მთავარი ამოსავალი გაწევრიანების პროცესში, რომ ეს რეგიონალური პრობლემები არის მსოფლიო პრობლემები. ამიტომ აუცილებელია ჩვენი მოწინააღმდეგე ქვეყნები, რომლებიც მხარს არ გვიჭერენ, გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადონ“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას რუსუდან თევზაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი თვლის, რომ სიტუაციების შეფასებისას, ყველაზე კარგი მაგალითი ანალოგიებია. მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა პერიოდი, როცა ერთალიგაში არ მიგვიღეს და ამას ძალიან მცირე დროის გასვლის შემდეგ მოჰყვა საქართველოს ანექსია.

„ძალიან ცუდი პოზიცია დაიკავეს ევროპულმა სახელმწიფოებმა. მაშინ აშშ–ს ჰქონდა ყველა მონაცემები საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და პერსპექტივების შესახებ და თავი აარიდა ამ პროცესებში ჩართვას. ზოგადად, ერთხელ და სამუდამომ, თუ ნატომ არ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, ვფიქრობ, რომ ის თავის არა მარტო ავტორიტეტს, არამედ საბოლოო ჯამში გავლენასაც დაკარგავს.

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობაში აქტიური როლი შევასრულოთ. ჩვენი მოქალაქეები თავის სიცოცხლის ფასად საერთაშორისო ასპარეზზე იცავენ ქვეყნის ინტერესებს. ამის სანაცვლოდ ქვეყანას უფრო მეტი სარგებელი უნდა ჰქონდეს“, – ამბობს დავით კუხალაშვილი.

მისი თქმით, აუცილებლად, ნატო უნდა გააქტიურდეს და მიიღოს გაწევრიანების გადაწყვეტილება, წინააღმდეგ შემთხვევაში იმდენად მაღალია მადესტაბილიზირებელი ფაქტორები, რომ ცალსახად ჩანს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საკამოდ აქტიური სადაზვერვო ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე.

„პრაქტიკულად, ეს არის უწყვეტი ქმედება და ამან არ შეიძლება საბოლოო ჯამში წონასწორობა არ დააკარგვინოს საქართველოს. შეიძლება იმ დონეზე დაიძაბოს ოპერატიული ვითარება, რომ სხვადასხვა სახის საბრძოლო მოქმედებები მოხდეს, მათ შორის არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს სამოქალაქო ომი, ან სხვა სახის კონფლიქტი, მათ შორის ოკუპირებეულ ტერიტორიებზე, ან ახალი ტერიტორიების გააქტიურება, რომ ანალოგიური ვითარება გამოიწვიონ ერთადერთი მიზეზით, რომ ხელისუფლება შეიძლება ძალადობრივად ჩაანაცვლონ.

ამის ყველა ნიშანი არსებობს. პოლიტიკური, თუ არაპოლიტიკური ძალებისგან ასეთი მინიშნებები ღიად ჟღერდება. ამიტომ ვფიქრობ, რომ ნატოს აქტიურობა დასკვნით ფაზაზე უნდა გადავიდეს. ჩვენ და უკრაინამ უნდა ვიცოდეთ საბოლოო ჯამში რა შედეგს მივიღებთ სამხედრო ბლოკთან ურთიერთობის კუთხით. არსებობს ზღვარი მოთმინების და არსებობს ზღვარი ფიზიკური არსებობის, რამდენად შევძლებთ ყველაფრის გამკლავებას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ვფიქრობ, რომ ამ კუთხით სახელმწიფოს უჭირს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას დავით კუხალაშვილი.

„რეალური კონტურები, რომ საქართველოს და უკრაინას ნატოში მიიღებენ, არ არსებობს“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომლის განცხადებით, ეს ნატოშიც ამაზე კარგად იციან, რადგან ჯერ ქვეყანას გაწევრიანებამდე სამოქმედო გეგმა – MAP არ მიუღია, ასევე საქართველო ჯერ არ არის კანდიდატი ქვეყანა.

„ყველა, ვინც ბოლო პერიოდში გახდა ნატოს წევრი, მათ შორის ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, მათ გაიარეს – MAP–ის გზა. ზელენსკიმ სწორად აღნიშნა, რომ ნატოს უნდა ვთხოვოთ, რომ MAP მოგვანიჭონო. სწორად დააყენა საკითხი. ნატოს წევრობის დაჩქარებას სკეპტიკურად ვუყურებ, არა ჩვენი მხრიდან, არამედ თვითონ სკეპტიკური ქვეყნებიდან. სამწუხაროდ, რეალობა სხვა არის. გასაგებია, რომ უკრაინა სამხედრო კონფლიქტის წინაშე დგას, მაგრამ ნატოს სხვა სახელმწიფოები დათანხმდებიან, რომ ეს ტვირთი აიღონ და დაჩქარებული წესით მიიღონ საქართველო და უკრაინა?

ამერიკას აქვს დიდი გავლენა, ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს ნატოში, მაგრამ იქ არის მაგალითად ისლანდია, რომელსაც საერთოდ არ ჰყავს შეიარაღებული ძალები, მაგრამ შეიძლება გაჩუმდეს და ჩაშალოს ნატოს 32 ქვეყნის კონსენსუსი, არის იგივე ჰოლანდია, ლუქსემბურქი, რომელთა ინტერესები არის აუცილებლად გასათვალისწინებელი. არის უნგრეთი, რომელიც ფლირტაობს რუსეთთან, მხოლოდ უნგრეთის უარი საკმარისია იმისათვის, რომ ნატოში მოხდეს უკრაინის და საქართველოს თემის დაბლოკვა. ამიტომ, ყველა ნიუანსი არის გასათვალისწინებელი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

trampi სამში ...............ოთხს ..................თანაც დიდზე დიდ მაპს
3 წლის უკან
DDDzia ერხევა უკრაინას.
მაკრონმა სტანოკზე დაიბარა ზელენსკი.
და ეს მას შემდეგ, რაც რუსეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ 20 დღით ადრე უკრაინაზე იმსჯელეს.
ე.ი. ამ 20 დღის განმავლობაში უკრაინა იმის ღირსადაც არ ჩათვალეს, რომ გადაეცათ მისთვის, თუ რა გადაწყვიტეს მის შესახებ.
და ახლა, 20 დღის შემდეგ მაკრონმა დაიბარა ზელენსკი. მერკელმა ხელები არ გაისვარა.
დაიბარა და გაძუყნა.
შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონი არ გამოვიდა.
არ ჩათვალა უკრაინა ღირსად, რომ პრესკონფერენციაზე ეტიკეტის გულისთვის მაინც გამოსულიყო.
ზელენსკი მარტო იდგა პრესკონფერენციაზე.
ხოლო ზელენსკის დაჟინებულ მოთხოვნას, რომ უკრაინა მიიღონ ევროკავშირში, მაკრონმა უპასუხა - გპირდებით, რომ ამ საკითხზე დავფიქრდებითო.
ეს სირცხვილიც აღარ არის.
ეს მიწასთან გასწორებაა.
ბრავო უკრაინა.
3 წლის უკან
trampi ძია
კი მაგრამ ........................ შენ რაააა ........ სხვა შედეგს საერთოდ ელოდიიიი??
უბრალოდ მაგატ ეგონათ რომ იარაღის ჟღარუნით და ხმამაღალი ლოზუნგებით პუტინს შეაშინებდნენ....პირიქით პუტინმა ოპტომ ყველა იქით
შეაშინა ...
და საერთოდ ................. მაგათი შეშინების ვარიანტი არ არსებობს .....თუ მსოფლიო საერთოდ არ ,,ჩაიძირა,,
3 წლის უკან