კაკა „რეალის“ დატოვებას აპირებს

კაკა „რეალის“ დატოვებას აპირებს

დღეს დილით ესპანურმა გამოცემამ „As“ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

აღმოჩნდა, რომ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ლეგიონერი კაკა ამჟამინდელი კლუბის დატოვებაზე ოცნებობს.

ბრაზილიის ეროვნული გუნდის ყოფილი წევრი „რეალში“ 2009 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. იმ დღიდან მოყოლებული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.

2009 წლის შემდეგ, „სამეფო გუნდში“ პელეს თანამემამულეს ესპანეთის ეროვნულ პირველობაზე მხოლოდ 76 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ეს მოთამაშე „რეალს“ თავის დროზე საკმაოდ ძვირი დაუჯდა - მადრიდელებმა კაკაში 68 მილიონი ევრო გადაიხადეს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხრეთ ამერიკელს ამჟამინდელი გუნდის გამოცვლა უნდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდის. მისი თავიდან მოშორების სანაცვლოდ, „რეალს“ დიდი თანხის აღება სურს.

კაკას შეძენა ფრანგულ „პარი სენ ჟერმენსა“ და იტალიურ „მილანს“ სურდათ, მაგრამ ესპანელების მიერ მოთხოვნილი თანხა ვერ გადაიხადეს. სამწუხაროდ, სათადარიგოთა სკამის უცვლელი ბინადარი კაკა, მსოფლიოს ძვირადღირებულ მოთამაშეთა რიცხვში შედის.

გამოცემა „As”-ის მტკიცებით, მიმდინარე წლის ზაფხულში კაკა „რეალის“ დატოვებას უპირობოდ აპირებს.

ფეხბურთელს 2014 წლის მსოფლიო პირველობაზე ასპარეზობა სურს. ამ მიზნის მისაღწევად ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება და რომელიმე ძლიერ ბრაზილიურ გუნდში ჩარიცხვაზე ოცნებობს. კაკა მზად არის, რომ „თავისუფლების“ სანაცვლოდ „რეალს“ საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხა გადაუხადოს.