გერმანიისა და ისრაელის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს სამუშაოს საფრანგეთიც შესთავაზებს

გერმანიისა და ისრაელის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს სამუშაოს საფრანგეთიც შესთავაზებს

გერმანიაში დროებით დასაქმების მსურველთა პირველი ჯგუფი საქართველოდან დღეს გაემგზავრა. 20-კაციანი ჯგუფის წევრები გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე, სამი თვით დასაქმდება. ამასობაში იხსნება სხვა ქვეყნების კარებიც. ისრაელის შესახებ ინფორმაცია უკვე ცნობილია და ახლა უკვე საფრანგეთმაც გამოთქვა ქართველების ლეგალურად დასაქმების სურვილი.

ოცი მოქალაქე, რომლებიც საქართველოდან გაგზავნილი აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ გერმანელმა დამსაქმებელმა შეარჩია, ბრანდენბურგის რეგიონში სამი თვით მიემგზავრება და ბოსტნეულის აღებით, დახარისხებით, დაბინავება-დასაწყობებით დაკავდება.

„პროცესის სამართლებრივ მხარეზე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ იზრუნა - გაფორმებულია კონტრაქტები, გერმანიიდან გამოგზავნილია შრომითი ნებართვები, რომლებიც შერჩეულ პირებს გამგზავრების წინ ოფიციალურად გადაეცათ.

ჯგუფის წევრებმა გამგზავრებამდე პისიარტესტირებაც გაიარეს, მათ ასევე საორიენტაციო ტრენინგიც ჩაუტარდათ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით. მოქალაქეები სრულყოფილად არიან ინფორმირებული შრომის, საყოფაცხოვრებო პირობების შესახებ, რომლებიც გერმანული კანონმდებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს“, - განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორი ნინო ველთაური აღნიშნავს, რომ უწყება ჯგუფის წევრებთან კომუნიკაციას და მათ მხარდაჭერას განაგრძობს.

„ვიმედოვნებთ, მათი გამოცდილება, რასაც ისინი მიიღებენ მუშაობის პერიოდში გერმანიაში, გამოადგებათ სამომავლოდ საკუთარ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იქნებიან იქ ჩასულ შრომით მიგრანტებთან, გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მუდმივად ვიქნებით მათთან კომუნიკაციაში და მივეხმარებით ყველა ასეთი დეტალის მოგვარებაში“, - განაცხადა ველთაურმა.

ამასობაში გერმანიისა და ისრაელის კავლდაკვალ საფრანგეთში დასაქმების კონტურებიც გამოიკვეთა. უკვე მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის საფუძველზეც საქართველოს მოქალაქეებს ამ ქვეყნაში დროებით ლეგალურად დასაქმება შეეძლებათ.

შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსის გიორგი ბუნტურის თქმით, ეს საკითხი არ არის დამოკიდებული მხოლოდ საქართველოზე. ბევრად მეტია ფრანგულ მხარეზე, თუ რამდენად სწრაფად დაასრულებს ვალდებულებებს.

„საფრანგეთთან ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს, რომელიც ძალაშია უკვე შესული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ, შევიმუშაოთ შესაბამისი სქემა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უკვე ასევე ლეგალურად შეეძლებათ საფრანგეთში დროებით დასაქმება.

იმედი გვაქვს, წლის ბოლომდე დასაქმების პროგრამა საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება, თუმცა ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, უფრო მეტად ფრანგულ მხარეზე - რამდენად სწრაფად დაასრულებენ ვალდებულებებს, რათა მივიდეთ სასურველ წერტილამდე, რასაც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება ჰქვია“, - განაცხადა ბუნტურმა.

საფრანგეთში დასაქმებას 50-მდე პროფესიის ადამიანები შეძლებენ. იქ უკვე უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებზეა გათვლა. მაგალითად, მოთხოვნილი პროფესიებია მომსახურების სფერო, ბარმენები, სასტუმროს სერვისი, ასევე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, მზარეულები და ა.შ. როგორც პროფესიული, ისე უმაღლესი განათლების კუთხით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები.