კანონპროექტის თანახმად, 2012 წლის 1-ელ იანვრამდე უნდა მოხდეს იმ უძრავი ქონების ლეგალიზება, რომლის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები კანონდარღვევით არის შედგენილი 2007 წლის 1-ელ იანვრამდე.
კერძოდ, კანონდარღვევით უნდა იყოს შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა, მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
კანონში ცვლილების დამტკიცების შემდეგ, მესაკუთრეც და ლეგალიზაციის განმახორციელებლი პირიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან. ასევე, შეწყდება დაწყებული სისხლის სამართლებრვი დევნა უძრავი ნივთის მესაკუთრისა და ლეგალიზაციის განმახორციელებელი პირის მიმართ.
კანონპროექტი, რომლის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ლაშა თორდია, ანდრო ალავიძე და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან, ორი მოსმენით უკვე არის მიღებული, მაგრამ მესამე მოსმენის წინ მთავრობამ აღმოაჩინა, რომ, თურმე ამის მიღება არ აწყობს.
მართალია, პროექტის განხილვის გადადების არგუმენტად „კონსულტაციები“ დასახელდა და სხვა არანაირი განმარტება არ კეთდება, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლები პირად საუბრებში ამბობენ, რომ ეს ინიციატივა ბიუჯეტს დააზარალებს და მის გატანას არ დათანხმდებიან. თუმცა, ოპოზიციას საპარლამენტო უმრავლესობის კეთილი განზრახვის არ სჯერა.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილებების მიზანი არის „უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და ამ ურთიერთობებში მონაწილე სუბიექტების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვისთვის დამატებითი გარანტიების შექმნა.“
როგორც „მრეწველების“ ლიდერი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, უკანონო უძრავი ქონების დაკანონება, რა თქმა უნდა, შეუწყობს ხელს ბაზრის განვითარებასაც და საკუთრების უფლებების დაცვასაც. თუმცა, პრობლემა არის ის, თუ რა ქონებაზეა
ლაპარაკი და რატომ არის ეს ქონება უკანონო.
პრობლემას სწორედ ამაში ხედავს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილიც.
„შეიძლება ერთი შეხედვით ეს ინიციატივა მართლაც კარგი ჩანდეს. აბა, რა სჯობს, ადამიანებს თუ საკუთრება დაუკანონდებათ და ამის გამო შექმნილი პრობლემები მოეხსნებათ. თუმცა, მაინტერესებს, რატომ დადგა ასე უცებ ხელისუფლება ასეთ კეთილშობილურ განწყობაზე, რომ ასეთ დათმობაზე მიდის? არჩევნების წინა პერიოდი რომ იყოს, კიდევ რაღაცას იფიქრება ადამიანი, მაგრამ ახლა ამის გაკეთება ძალიან ბევრ კითხვას ჰბადებს.
პირველ რიგში კი იმას, თუ საბუთი არის უკანონოდ გაცემული, ხომ უნდა მოიძებნოს ის, ვინც ეს უკანონოდ გასცა და დამნაშავე დაისაჯოს, მაგრამ ხელისუფლება ამაზე უარს ამბობს და დააკვირდით, ეს ეხება 2007 წლამდე პერიოდს, ანუ იმ პერიოდს, როდესაც ამ საბუთებს თავადვე გასცემდნენ და ახლა უნდათ, რომ ეს ადამიანები პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლონ. რაც მთავარია მოქალაქეების ხარჯზე, ვინაიდან მათ მოუწევთ გარკვეული თანხის გადახდა.
გარდა ამისა, როგორც ჩანს, ვიღაცის ხელში ძალიან ბევრი ასეთი ქონებაა მოხვედრილი და ახლა ამის დაკანონება უნდა. მე ამ ინიციატივაში სხვა მიზანს ვერ ვხედავ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
ამასთან, იგი აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ აქ უკვე მთავრობის და პარლამენტის ინტერესები იკვეთება და ადვილი მისახვედრია, ეს ინიციატივა რიგითი მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად რამდენად იყო მიმართული.
„ფაქტია, რომ ერთმანეთში ვერ რიგდებიან. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ადამიანებს კი უნდა დაუკანონო, რა თქმა უნდა, თუ ისევ პარლამენტის წევრებს არა აქვთ მისაკუთრებული საუკეთესო მიწის ნაკვეთები, მაგრამ ამაზე მთავრობამაც უნდა აგოს პასუხი და პარლამენტმაც, თუ როგორ მოხდა ყალბი დოკუმენტების გაცემა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.