საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ლონდონის „ჩელსის“ ამჟამინდელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი თანამდებობას გამოეთხოვება.
ბრიტანული სპორტული მას-მედიის მტკიცებით, ზაფხულში, ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორის კლუბის მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი ჟოზე მოურინიო დაინიშნება. „განსაკუთრებული“ მადრიდის „რეალში“ ბოლო თვეებს ატარებს.
დღეს დილით გამოცემამ „Football Italia” საინტერესო ცნობა გაავრცელა.
ცნობილი გახდა, რომ აბრამოვიჩი სანკტ-პეტერბურგის „ზენიტის“ ამჟამინდელ დამრიგებელ ლუჩანო სპალეტისთანაც აწარმოებს მოლაპარაკებას.
ამ ინფორმაციაში საყურადღებო ის გახლავთ, რომ სპალეტი ე. წ. „სათადარიგო ვარიანტია“. იმ შემთხვევაში თუ მოურინიოს ხელმძღვანელობით „რეალი“ ევროპის ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, „ერთადერთს“ ალბათ „სამეფო კლუბში“ დატოვებენ.
ბატონი რომანი პრაქტიკული ადამიანია და თადარიგი უკვე დაიჭირა. ჯერჯერობით უცნობია თავად სპალეტის აზრი ამ „შემოთავაზების “ შესახებ. ფაქტია, რომ ალბათ უარს განაცხადებს, რადგან სათადარიგო ვარიანტად ყოფნას არ დათანხმდება.