საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება ზღვარს აღწევს. კოვიდი კვლავ საყოველთაო გავრცელებას იწყებს. იანვრის თვის შემდეგ, პირველად ერთ დღეში 1374 ადამიანი დაინფიცირდა. ამ მხრივ ყველაზე რთული სიტუაცია თბილისშია, არანაკლებ საგანგაშო მდგომარეობაა სამეგრელოში, აჭარაში და იმერეთში. კოვიდ ინფიცირების მატებასთან ერთად იზრდება რეგულაციების დარღვევებიც. ერთ ღამეში სამართალდამცველებმა 993 რეგულაციების დარღვევა გამოავლინეს, ყველაზე ხშირად მოქალაქეებმა პირბადის ტარების წესი არ დაიცვეს. კოვიდინფიცირების მატებასთან ერთდ, დაბრუნდა ტერმინი „კლასტერიც“.
„კლასტერებიდან“ გადავდივართ საყოველთაო გავრცელებაზე“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ და გაგვაფრთხილა -
აუცილებელია სიფრთხილე და რაც მეტი ადამიანი აიცრება ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება გარდაცვლილთა რიცხვი.
„უკვე, ყველა რეგიონში გვაქვს საკმაოდ მომატებული ინციდენტობის მაჩვენებელი. პირველ ადგილზეა თბილისი, შემდეგ მოდის სამეგრელო-ზემო სვანეთი, შემდეგ აჭარა და დანარჩენი რეგიონები. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. სერიოზულად იმატებს ინციდენტობის მაჩვენებელი სამეგრელოში, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს და ყველა იმ ღონისძიების დაცვა, რომლლისკენაც მოგიწოდებთ და საჭიროა, განსაკუთრებით დიდი შეკრებებისგან თავის შეკავება, ამას ემატება კიდევ მეტი ინტენსიფიკაცია აცრების. გასაგებია, რომ საზოგადოებრივი იმუნიტეტის დაგროვებას დიდი დრო სჭირდება და ეს მარტივად ვერ ხერხდება, მაგრამ 100 აცრილი ადამიანი, ეს არის სულ მცირე ერთი გადარჩენილი ადამიანი - ეს იცოდეთ და აქედან გამომდინარე უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ ადამიანთა სიცოცხლე. რაც მეტი იქნება აცრილი, მით ნაკლები გვეყოლება გარდაცვლილი, რაც მეტი იქნება 55-წელს ზემოთ აცრილი ადამიანი, მით მეტი ადამიანი გადარჩება ხანდაზმული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველოში კოვიდ19-ის მესამე ტალღამ უკვე იფეთქა, პიკს კი 2-3 კვირში მიაღწევს და ამის შემდეგ დაიწყებს კლებას.
„კოვიდინფიცირების მესამე ტალღის წინაშე უკვე ვდგავართ, აბა რა არის?! როდესაც ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი ერთ ნიშნულს გადასცდება, ეს ნიშნავს, რომ ვირუსის ეპიდემიის ახალი ტალღა იწყება. ჩვენთან ერთ ნიშნულს 10 მარტის შემდეგ არის გადაცდენილი. შესაბამისად, ამ წერტილამდე მივედით. პიკის მიღწევამდე შეიძლება 1-2 კვირა კიდევ დაგვჭირდეს, შემდეგ კი, დაახლოებით აპრილის ბოლოდან შემთხვევების რაოდენობა ქვევით ჩამოვა.
რაც შეეხება ლოქდაუნს, თუ შემთხვევების რაოდენობა არ დასტაბილურდა და ადამიანებმა პირბადე არ გამოიყენეს, ვირუსის შესაჩერებლად მეტი ინსტრუმენტი არ გვაქვს. თუ ასე არ მოხდა რეანიმაციები გადაივსება. რა ჰქნას ჯანდაცვის სისტემამ, მოსახლეობას სახლში ხომ არ მოკლავს?! ლოქდაუნის გამოცხადება დამოკიდებულია, რამდენი იქნება ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა. ამაზეა მიბმული ჩავიკეტებით თუ არა“, - განუცხადა for.ge-ს ბიძინა კულუმბეგოვმა.
მისთვის ცნობილი არ არის ჯანდაცვის სისტემამ გამოასწორა თუ არა ის შეცდომები, რომელმაც კოვიდპანდემიის მეორე ტალღის დროს იჩინა თავი, თუნდაც, როგორც ეს იყო სასწრაფოს გამოძახებასთან დაკავშირებით, ანდა ჰოსპიტალებში საწოლებთან დაკავშირებით.
„ჯანდაცვის სისტემის მზაობასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ერთადერთი რაც ვიცი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში საწოლები დაამატეს. რაც ზედაპირზე დევს, ცნობილია, მაგრამ სიღმისეულად არ ვარ ინფორმირებული, იგივე სამედიცინო პერსონალი გადაამზადეს თუ არა, დაამატეს თუ არა თანამშრომლები სასწრაფოებზე, რათა გამოძახების დროს პრობლემა არ შეიქმნას. სამწუხაროდ, ეს ნიაუნსები ჩემთვის უცნობია“, - გვითხრა ცნობილმა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა.
ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია for.ge-თან საუბრისას აღნიშნავს, რომ მის კლინიკაში ადგილები მაშინაც სავსე იყო, როდესაც ინფიცირებულთა რაოდენობა არც თუ ისე ბევრი ფიქსირდებოდა.
„ჩვენს კლინიკაში ადგილები ყოველთვის სავსეა. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ცოტა რომ იყო, ის ცოტაც ჩვენთან მოდიოდა, ამიტომ ყოველთვის დატვირთულები ვართ. თუ ვირუსის მატება ასე გაგრძელდა, მაშინ სახელმწიფოს მოუწევს ისევ სხვა კლინიკების მობილიზებაც“, - გვითხრა დავით გადელიამ და დასძინა, რომ პანდემიის შეჩერებას მხოლოდ და მხოლოდ რეგულაციების დაცვით და ვაქცინაციის ჩატარებაში ხედას.
„შარშან ვირუსს ვიცავდით ორი რამით - რეგულაციებით და პირბადეებით. ახლა დაემატა მნიშვნელოვანი და კარგი რამ, რომელიც არის ვაქცინაცია. ეს სამი მნიშვნელოვანი რამ არის, რომელიც კოვიდს აჩერებს. თუმცა, ვიძახით, მაგრამ რა.... სიმართლე გითხრათ, ამდენი ლაპარაკითაც დავიღალე. ცალკე მოსახლეობასთან საუბრით დავიღალე, ცალკე ამ ანტივაქცინისტებთან ჭიდაობით დავიღალე. სამწუხაროა, მაგრამ არ გამიკვირდება, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება“, - გვითხრა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა.
მისივე თქმით ჯერ ბოჭორიშვილის კლინიკაში ვაქცინაცია არ ტარდება, მაგრამ უახლოეს დღეებში დაიწყება.
„ჩვენი კლინიკა ვაქცინაციაში ჯერჯერობით ჩართული არაა. უახლოეს დღეებში ჩავერთვებით. საერთოდ კი, დაახლოებით, 20 ათასმა ადამიანმა გაიკეთა ვაქცინა. ჩემდა სამწუხაროდ, ხალხი იძახის, რომ არც კომენდატის საათი გვინდა, არც პირბადე. მაშინ თუ არაფერი უნდათ, ენდომებათ საავადმყოფოში წოლა. საბედნიეროდ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა მაღალი არაა, მაგრამ იმ ოჯახში ვისთანაც ეს ტრაგედია დატრიალდა, მათთვის საშინელებაა, ყველაფერი დასრულდა. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ასე გავაგრძელებთ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებმა ლოქდაუნი გამოაცხადეს. ჩვენ კი, შეგვიძლია, წყნარად, მშვიდად დავიცვათ თავი, რადგან დიდი ქვეყანა არ ვართ. შეგვიძლია ვირუსი რეგულაციების მობილიზაციით შევაჩეროთ. რატომ ვუყურებთ იმათ ვინც ვაქცინა არ გაიკეთა, მათ ამით რა მოიგეს? შევხედოთ იმ ქვეყნებს, სადაც მობილიზაცი არის, ხომ შეიძლება კარგი გადავიღოთ!“, - განუცხადა for.ge-ს დავით გადელიამ.
ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის თქმით, ეპიდმგომარეობის გაუარესაბა პირაბდეების ტარების დაბალმა მაჩვენებელმა და რეგულაციების არდაცვამ გამოიწვია.
„რეგულაციების დაცვა იმ დონეზე არაა, რომ ჩვენ შეგვაძლებინოს შენარჩუნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის, რომელიც გვქონდა მარტის დასაწყისში. პირბადეების ტარება ძალიან დაეცა. რეგიონებში მისი მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია. ასევე, მასობრივი თავშეყრები, წვეულებები, როგორც ჩანს, გახშირდა და ეს კლასტერებიც მას უკავშირდება. ეს მეტყველებს იმაზე, რომ კვლავაც საფრთხის სერიოზული აღქმა არაა. ასევე რეგულაციების კონტროლის აღსრულებაც უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, რეგულაციები ყველასთვის ერთნაირად არ ვრცელდება. მესმის ისტერიები, რომ ვიღაცა რეგულაციებს არღვევს, მაგრამ ამ ფაქტების აღკვეთა არ ხდება, რადგან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები არიან. ჯარიმები ყველასთვის ერთნაირად უნდა მოქმედებდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდეს ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები, როგორიცაა კონტაქტების მოძიება, იზოლირება და ა.შ. ყველაფერი ეს განაპირობებს იმას, რომ თუ ეპიდსიტუაციის გაკონტროლება ვერ შევძელით, ვითარდება ცუდად განვითარდება.
თუმცა, რეგულაციების შემსუბუქების შემდეგ, ამას ველოდებოდით კიდეც. როდესაც შეზღუდვები იხსნება, აუცილებელია შესაბამისად გააკონტროლო რეგულაციები. თუ მასობრივად ერთმანეთს დავაჯერებთ, რომ კორონა საშიში არ არის და პლუს ანტივაქცინისტები უფრო გააქტიურდებიან, ეს ყველაფერი გავრცელებას ხელს შეუწყობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების მხრიდან კონტროლი იყოს“, - გვითხრა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქით, მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ-19 ერთ წელზე მეტია მსოფლიოს აინფიცირებს, მისი სიმპტომები ამ ერთ წელიწადში არ შეცვლილა, არც მუტაცია განუცდია. ახლა კი ყველაზე საშიში კოვიდის ბრიტანული შტამია.
„ახლა ბრიტანულ შტამთან მეტი სიფრთხილე გვმართებს, ვიდრე ერთი წლის წინ. კვლევებმა აჩვენა, რომ ბრიტანული შტამი 40-60%-მდე მატულობს, ანუ ერთი ადამიანი უფრო მეტს აინფიცირებს. შესაბამისად, გართულების შემდეგ მეტი ადამიანი იღუპება. ეს არის ის, რაც თავიდან უნდა ავიცილოთ. ამიტომ, შეზღუდვებით ცხოვრებას უნდა მივეჩვიოთ, ვიდრე ვაქცინაციას დავასრულებთ“, - განუცხადა for.ge-ს აკაკი ზოიძემ.