გასულ კვირას გაზეთ "ყველა სიახლეში" ქუთაისელების პროტესტის შესახებ ვწერდით: კოსტავას ქუჩის მცხოვრებნი მათ მეზობლად მდებარე "ლიაიას ბორდელის" დახურვას ითხოვდნენ. ქუთათურები ამბობდნენ, რომ ყოველდღიურად უწევდათ საპატრულო პოლიციის გამოძახება, რადგან "ლიაიას ბორდელის" მაღალი "ტარიფებით" გაღიზიანებული შეზარხოშებული მამაკაცები არა მხოლოდ დაწესებულების ხელმძღვანელობას, არამედ დასახლებას გინებით იკლებდნენ. ამავე სტატიაში კოსტავას ქუჩის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ ბორდელის დახურვა ქალაქის თვითმმართველობასაც ბევრჯერ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ. ისიც განმარტეს, რომ პრობლემა ბევრ მედიასაშუალებას გაუშუქებია, მაგრამ უშედეგოდ. "ყველა სიახლის" გასული კვირის ნომრის (N8) გამოსვლის მეორე დღეს კი "ლიაიას ბორდელით" სამართალდამცველები დაინტერესდნენ და ღამით, როგორც მეზობლები ამბობენ, სპეცოპერაციაც ჩაატარეს.
"ღამის პირველი ან ორი საათი იქნებოდა, როცა მანქანების ხმა შემომესმა. არც გამკვირვებია. ვიფიქრე, კვლავ ბორდელის სტუმრები არიან-მეთქი, თუმცა შემდეგ დავინახე, რომ დაახლოებით 30 კაცს "ლიაიას ბორდელში" "დასაქმებული" ქალები ბუნძულ-ბუნძულით გამოჰყავდათ, "პადრუჩკით." ვიკითხე, რა ხდება-მეთქი - სამართალდამცველები ვართ, აქ ბორდელი ყოფილა და ეს უკანონობააო, - მითხრეს", - ამბობს კოსტავას ქუჩის მცხოვრები მერაბ ქ.
"ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს! მართალია, ჯერჯერობით მაინც მოდიან მანქანებით, ჰგონიათ, რომ ბორდელი კვლავ მუშაობს, მაგრამ იმედია, მალე ყველა დაივიწყებს ამ ქუჩას, როგორც ბორდელის ქუჩას", - ამბობს ადგილობრივი დალი დოლიძე.
P.S. სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს აღნიშნული დაწესებულების მფლობელი ლია, თუმცა მან ჩვენთან საუბარი კვლავ არ ისურვა.