ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია თბილისის მერიის მიერ სამარშრუტო ტაქსებისთვის გამოცხადებული ტენდერის პირობებს აპროტესტებს. ფინანსისტების განცხადებით, საერთოდ გაუმართლებელია თბილისის 5 ლოტად დაყოფა.
„გაუგებარია რატომ უნდა მოხდეს დედაქალაქის სამარშრუტო ტაქსების 5 ნაწილად გადანაწილება და არა ვთქვათ 10-ად. რატომ უნდა იყოს თითოეულ ლოტზე ერთი გამარჯვებული კომპანია და არა ვთქვათ 12, რაც კონკურენციას კიდევ უფრო გაზრდიდა“, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენლები.
ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული რეფორმის შედეგად, თბილისში ტრანსპორტით მგზავრობა გაძვირდება და ამასთან 4 ათასამდე ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩება. გარდა ამისა, კონკურსის ამ სახით ჩატარება დააზარალებს, როგორც სამარშრუტო ტაქსებისა და ხაზების მფლობელებს, ასევე თბილისის მოსახლეობას.
აღსანიშნავია, რომ მერია ტენდერის გამოცხადებას სამარშრუტო ტაქსების მომსახურების ხარისხის გაზრდით ხსნის. თუმცა, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამის გაკეთება დღევანდელ პირობებშიც არის შესაძლებელი.
„ეს შესაძლებელია განხორციელდეს უბრალოდ, მოქმედი სამარშრუტო ტაქსებისთვის სტანდარტის დაწესებით. საერთოდ არ არის იმის საჭიროება, რომ 200-ზე მეტი ფირმა და მათი შემოსავლები 5 კომპანიის ხელში გადავიდეს მომსახურეობის ხარისხის ამაღლების მოტივით“, - აცხადებენ აფბას წარმომადგენლები.
აფბა თბილისის საკრებულოს კონკურსის დღევანდელი პირობების გაუქმებას სთხოვს და აცხადებს, რომ ახალ ტენდერში მონაწილეობა ყველა დაინტერესებულმა პირმა უნდა მიიღოს. ეს კი პირველ რიგში უნდა გამოიხატოს თბილისის არა ხუთ, არამედ 100-ჯერ მეტ ლოტად დაყოფაში.
სამარშრუტო ტაქსებზე ტენდერი მერიამ ცოტა ხნის წინათ გამოაცხადა. 45 დღის განმავლობაში სატრანსპორტო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ დედაქალაქის მერიას საკუთარი წინადადებები შესთავაზონ. კერძოდ, როგორ მოაწესრიგებენ სამარშრუტო ხაზებს და როგორ შეცვლიან ძველ მიკროავტობუსებს ახლით.
ტენდერი 5 ლოტზე (ვაკე-საბურთალოს, ძველი თბილისი-დიდგორი, დიდუბე-ჩუღურეთი, გლდანი-ნაძალადევისა და ისანი-სამგორის რაიონი) გამოცხადდა. თითოეული ლოტის შეძენის მსურველ კომპანიას 800 ათასიდან - მილიონ სამასი ათასამდე დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარმოდგენა მოუწევს.
თბილისის მერის გიგი უგულავას მტკიცებით, ამჟამინდელ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები, რომლებიც 2200 შეადგენს, თანამდებობას შეინარჩუნებენ.
„ტენდერში გამარჯვებული კომპანიისთვის აუცილებელი პირობა იმ მძღოლების დასაქმებაა, რომლებიც ახლა მუშაობენ ამჟამინდელ სამარშრუტო ტაქსებზე. ეს არის სატენდერო წინადადების მოთხოვნა,“ - განაცხადა უგულავამ თბილისის
სატრანსასპორტო კომისიის სხდომაზე. თბილისის მერი ასევე ირწმუნება, რომ ტენდერის ჩატარების შემდეგ კიდევ 1000-მდე მძღოლი დასაქმდება.
საავტომობილო ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელის ლავრენტი ალანიას თქმით, კონტრაქტში მითითებულია, რომ მოქმედი მძღოლები დასაქმდებიან, თუმცა არაა დაკონკრეტებული თუკი არ დასაქმდებიან ეს ადამიანები გამარჯვებულ კომპანიას რა სანქციები დაუწესდება.
მაგალითად, თურქეთმა 4 ტიპის ტრანსპორტი დაუშვა. მერიის განცხადებაში კი მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ნებისმიერ „ევროტიპის“ ტრანსპორტს ენიჭება 20 ქულა, მაგრამ თუ მას კონდენცირება არ აქვს, ნული ქულა ეძლევა. ანუ თითეული ავტობუსის გამოშვების წლის შეფასება ხდება შემდეგი ქულების მიხედვით: ა) 2010 წლის და მეტი - 60 ქულა; ბ) 2005-დან 2010 წლამდე - 40 ქულა; გ) 2000-დან 2005 წლამდე - 30 ქულა; დ) 1995-დან 2000 წლამდე - 10 ქულა; ე) 1995 წლამდე - 0 ქულა
ამასთან, თითეული ავტობუსის ევროსტანდარტთან შესაბამისობა ფასდება შემდეგი ქულებით: ა) შეესაბამება ევროსტანდარტს - 20 ქულა ბ) არ შეესაბამება ევროსტანდარტს - 0 ქულა. ეს პუნქტი უკვე პარადოქსულად შეფასდა. როგორც აღვნიშნეთ, რას ნიშნავს ევროსტანდარტი განმარტებული არ არის.
რაც შეეხება მონოპოლიზების საფრთხეს, ალანია ამბობს, რომ თუკი ერთი კომპანია გადაწყვეტს ყველა ლოტის ყიდვას, დაახლოებით, ათი მილიონი დოლარი ჩადება მოუწევს. პლუს მარშუტკების ხარჯი, ანუ მინიმუმ 3200 მანქანა უნდა ჰყავდეს მობილიზებული. შესაბამისად, არარეალური ხდება, რომ ამ ტარიფებით ერთმა კომპანიამ, რომელმაც დიდი რაოდენობით ინვესტიცია უნდა განახორციელოს, მოგება ნახოს. მეორე საკითხია ის, რომ არაა მოგვარებული პარკინგის პრობლემა და კიდევ ბევრი სხვა დეტალი.