გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

გურამ ნიკოლაშვილი: აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს

აქტივისტთა ჯგუფები ცდილობენ, საქართველოში ჰიდროენერგეტიკა არ განვითარდეს, - ამის შესახებ „ჰიდროალიანსი-საჯარო პლატფორმის“ წარმომადგენელმა, გურამ ნიკოლაშვილმა „იმედის ფაქტორში“ „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, გარკვეული ჯგუფები თავიდანვე ცდილობენ მოსახლეობის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ მობილიზებას.

„ეს არის სპეციალური ორგანიზაციები, მწვანე ჯგუფები, რომლებიც უკვე მრავალი წელია არიან დაკავებულები ამ დღის წესრიგით, რომ ჰიდროენერგეტიკა საქართველოში არ უნდა განვითარდეს. ჰიდროენერგეტიკა ჩვენს ქვეყანაში არის ქვაკუთხედი და საკვანძო დარგი ენერგეტიკის განვითარებისთვის, შემდეგ უკვე ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა ნიკოლაშვილმა.

მისივე თქმით, პროტესტს პოლიტიკური შემადგენელი აქვს. „ვინაიდან ენერგეტიკა სპეციფიკური დარგია და ადამიანები ამაში ვერ ერკვევიან, ხდება შეგნებული, მიზანმიმართული მანიპულაცია, ზუსტად შემიძლია გითხრათ. ის ადამიანები, აქტივისტები, წინა ხაზზე ვინც დგანან, არიან დატრენინგებულები. დღეს უკვე ვადევნებთ თვალს საარჩევნო კამპანიას. იცით, რომ შემოდგომაზე მოდის ადგილობრივი არჩევნები. ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ, გადაიზრდება ოპოზიციურ საარჩევნო კამპანიაში. ბატონ ვარლამს (გოლეთიანს) ალბათ ვიხილავთ რომელიმე ოლქის ან რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად“, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.