გერმანიის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება უკვე ისრაელშიც შეუძლიათ. გერმანიისგან განსხვავებით, ისრაელში წასულ ქართველებს, 3 თვის ნაცვლად, ერთი წელი შეეძლება ლეგალურად მუშაობა.
სახელმწიფოს მიერ ქართველების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას, ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი სკეპტიკურად უყურებს. ექსპერტი თვლის, რომ საქართველოს მთავრობამ, საკუთარი მოსახლეობა უცხოეთში კი არ უნდა გაუშვას სამუშაოდ, არამედ საკუთარ ქვეყანაში უნდა დაასაქმოს.
„გერმანიაში და ახლა ისრაელში დასაქმების პროგრამა არის ერთ-ერთი არაეროვნული დამოკიდებულება, რომელიც ორიენტირებული არაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. ისედაც მძიმედ მყოფ ქვეყანას და მიგრაციულ დონეს, კიდევ უფრო ვახალისებთ. საქართველოდან მოქალაქეების გადინება ისედაც ძალიან მაღალია. ასე თუ გაგრძელდა ქვეყანაში სამუშაო ძალა აღარ დარჩება. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველოში შევქმნათ სამუშაოები. თუ სამუშაო ადგილებს ვერ ქმნიან, მაშინ წავიდნენ და ისეთი ხელისუფლება მოვიდეს, ვინც სამუშაოებს შექმნის. ამ პროგრამის გარეშეც შეეძლოთ ჩვენს მოქალაქეებს უცხოეთში წასვლა სამუშოდ. ეს ემიგრაციის წახალისება და ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო დამუხროჭებაა. ეს სამარცხვინო და ტრაგიკული დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის მიმართ“, - გვითხრა ბაირახტარმა.
მისივე მოსაზრებით, ქართველების უცხოეთში დასაქმება და იქიდან გზავნილები, ლარის კურსზე ისე არ იმოქმედებს, რომ ის დასტაბილურდეს.
„მსგავსი პროგრამების გარეშეც გზავნილები ისედაც ხორციელდება. ქვეყანაში ეს გზავნილებია ერთადერთი შემოდინების წყარო, რომელიც გამინუსებული არაა და ამას ეწოდება „ტოქსიკური ფულადი შემოდინების წყარო“. ლარის კურსზე, ნებისმიერი უცხოური ვალუტის შემოდინების წყარო გავლენას ახდენს, მათ შორის ვალებიც. ხომ არ შეიძლება მუდმივად ვალებით იცხოვრო?! ისეთი რაღაც უნდა შექმნა, რაც ბუნებრივი წარმოება იქნება, რომელსაც ექსპორტზე გაიტან. ეს მოსახლეობასაც დაასაქმებს და უცხოურ ვალუტასაც შემოიტანს, მაგრამ ემიგრაციას რომ ჩამოეკიდო, ეს სწორი არაა. ემიგრაციით შემოდის მხოლოდ ტოქსიკური ვალუტა და თუ გვინდა, რომ ტოქსიკური ფორმები წავახალისოთ, ასე ქვეყანა ვერ განვითარდება და ვერც ლარის კურსი დასტაბილურდება“, - გვითხრა ექსპერტმა.
სკეპტიკურად განწყობილ ექსპერტს, პარლამენტის ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრი, ალუდა ღუდუშაური ასე პასუხობს:
„დროებით სამუშაო წასვლა, ემიგრაციად არ ითვლება. ემიგრაცია ნიშნავს, როდესაც ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება ხდება და იქ იმკვიდრებ თავს. თუ 100 კაცი წავა და ამ 100 კაციდან ერთი დარჩება, არ ვიცი, ეს შეიძლება ჩავთვალოთ ემიგრაციად?! ალბათ გეცოდინებათ, ადრე როდესაც მოცეკვავეები უცხოეთში მიდიოდნენ, სამი „შალახოს“ მოცეკვავე მიდიოდა, მათ კიდევ ერთი სხვა მიჰყებოდა და რჩებოდა, ეს იყო ემიგრაცია. არ ვიცი, ამ სიტუაციაში ეს როგორ უნდა გავაკონტროლოთ, მაგრამ ამ პროგრამას მიგრაციასთან შეხება რომ არ აქვს, ეს ვიცი. როგორც ცნობილია, ადამიანს შეუძლია 6 თვე ამერიკაში წავიდეს და შემდეგ ჩამოვიდეს, ეს ხომ არაა მიგრაცია. აქაც იგივე მდგომარეობაა, წავიდა იმუშავა, კვალიფიკაცია აიმაღლა და უკან ბრუნდება. ამას მიგრაციასთან კავშირი არ აქვს და ამიტომ, მოსახლეობა შეცდომაში არ შევიყვანოთ.
როგორც დეპუტატი ყველას ვცემ პატივს, მაგრამ პესიმისტებს და არაკომპეტეტურ პირებს ვეტყვი, გამოვიდნენ და მოსახლეობას უთხრან მაშინ, როგორ იშოვონ ფული და როგორ შეიტანონ ოჯახებში. გვითხრან, რა არის ამ პროგრამაში ცუდი?! არ გავაკეთოთ? არაკომპეტენტურმა ადამიანებმა კეკლუცობას თავი დაანებონ. პანდემიიდან გამომდინარე უმუშევრობის რიცხვი გაზრდილია და სახელმწიფო ცდილობს მოსახლეობაზე იზრუნოს. ჩვენ ხომ არ ვაძალებთ, რომ აუცილებლად უნდა წავიდნენ. ვისაც არ მოსწონს ეს პროგრამა, ჩემთან გადმოამისამართეთ“, - განცხადა for.ge-ს ალუდა ღუდუშაურმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გერმანიაში და ისრაელში მომუშავე ადამიანების უფლებები დაირღვა, მათ შეუძლიათ მიმართონ, პირველ რიგში, საელჩოებს და შემდეგ უკვე სხვა უწყებებს, რათა დახმარება აღმოუჩინონ. თუმცა, პარლამენტის წევრის თქმით, მოქალაქეები წასვლამდე აპლიკაციას ავსებენ, სადაც გაწერილია ყველაფერი, თუ რისი უფლება აქვთ და რისი არა.
„საქართველოს იურისდიქცია საზღვრებს გარეთ არ ვრცელდება. ვერც ჩემი კოლეგები და ვერც სხვა უწყების წარმომადგენელი იქ ვერ ჩავა და მონიტორინგს ვერ ჩაატარებს. აპლიკაციას, რომელსაც მოსახლეობა ავსებს, საჯაროა. ამის შემდეგ, ორივე მხარეს იმ მოთხოვნების დაცვა მოუწევთ, რომელიც აპლიკაციაშია მითითებული. კრიტერიუმები დეტალურად არის ჩამოყალიბებული. მაგრამ, თუ მომართვიანობა იქნება, კომიტეტს დებულება გააჩნია და შეიძლება ცვლილებები შევიდეს, ან დაემატოს, ან დაზუსტდეს - ეს არის ჩვენი სამოქმედო საზღვრები. სხვა ჩარევა ვერანაირად ვერ იქნება“, - გვითხრა პარლამენტის წევრმა.
უცხოეთში ქართველების ლეგალურად დასაქმებას დადებითად აფასებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძეც.
„სამწუხაროდ, დღეს ისეთი ვითარება გვაქვს, რომ არ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ ევროპაში გასული ქართველების ანაზღაურებას. საქართველოში ყველაზე დიდ კომპანიებში საშუალო ხელფასი იმის ნახევარიც არ არის, თუნდაც ისრაელში, სადაც ახლა ქართველებს გადაუხდიან. შესაბამისად, ლაპარაკი იმაზე, რომ საშინელი ტრაგედიაა, რა თქმა უნდა, ეს ასე არაა. გარდა იმისა, რომ საქართველოში სამუშაო ადგილების დეფიციტია, ხელფასებიც დაბალია. ამიტომ, ეს არის ურაპატრიოტზმის ერთ-ერთი გამოვლინება.
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ საზღვრები გახსნილი უნდა იყოს და სამუშაო ძალის გადაადგილება უნდა ხდებოდეს, ამიტომ, ეს ბუნებრივი პროცესია. თუ არ გვინდა დემოკრატია, მაშინ ჩავკეტოთ საზღვრები და ვიცხოვროთ ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ვცხოვრობდით.
ან მაშინ ქვეყნის ეკონომიკა ისე უნდა ავამაღლოთ, რომ ევროპასთან მიახლოვებული ხელფასები იყოს. გასაგებია, რომ პრობლემები გვაქვს და ბიზნესი ცუდად ვითარდება, მაგრამ ეს სხვა თემაა. მაშინ ბიზნესის განვითარების პროგრამა ისე შევცვალოთ, რომ ქართველებს უცხოეთში სამუშაოდ წასვლა არ მოუწიოთ, მაგრამ რასაც ახლა ჩვენ გავდივართ, ეს გზა გაიარეს მთელმა რიგმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც დღეს ევროკავშირის წევრები არიან. ასე რომ, ეს გარდაუვალი პროცესია“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
ცნობისთვის, ისრაელში სამუშაოდ წამსვლელებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ და შემდეგი გაითვალისწინონ: 12 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დაიწყო.
რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: http://workabroad.moh.gov.ge/
ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.
დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელია (ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში).
კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას.
სამუშაო ადგილების კვოტით 2021 წლის განმავლობაში, დაგეგმილია საქართველოს 1000 მოქალაქის დასაქმება ისრაელში.
დამხმარე მუშაკები ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილ სამკურნალო დაწესებულებებში დასაქმდებიან. მათ ევალებათ ხანდაზმულების/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პაციენტების მოვლა.
დამხმარე მუშაკის ფუნქცია-მოვალეობები:
- პაციენტის მოვლა და გადაადგილებაში დახმარება;
- პაციენტის ჰიგიენაზე ზრუნვა (მათ შორის, დაბანა, მოწესრიგება, თეთრეულის გამოცვლა);
- პაციენტის კვება/კვებაში დახმარება;
- პაციენტთან კომუნიკაცია;
- პალატის სისუფთავის დაცვა;
- ექთნის ზედამხედველობისა და მითითებების შესაბამისად პაციენტებისათვის საჭირო სხვა დახმარების გაწევა. სამუშაო დრო: დასაქმება გულისხმობს მუშაობას სრული განაკვეთით - კვირაში 6 სამუშაო დღე, 42 საათი კვირაში. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით.
დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
განათლება:
მინიმუმ საშუალო სკოლა დამთავრებული;
უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული „სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის“ ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი, ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი;
ინგლისური და/ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
- უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
- ასაკი: 25-დან 45 წლამდე;
- ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;
- ნასამართლეობის არმქონე;
- ისრაელში მუშაობის ისტორიის არმქონე;
- არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;
- არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;
- კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს COVID-19-ის ტესტი საქართველოში;
- კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის და სხვა ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.
(აღნიშნული მოიცავს COVID-19 ვაქცინაციის 2 დოზის ჩატარებას, 3 კვირის შუალედით).
შერჩევის და დასაქმების პროცედურები:
ისრაელში დამხმარე მუშაკად დასაქმების მსურველი კანდიდატების შერჩევა მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
- მონაცემების გადამოწმება და კანდიდატთა პირველადი შერჩევა;
- გასაუბრება (გასაუბრებისას მოხდება რუსული/ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასება);
- წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადგენა;
- შერჩეული კანდიდატების მიერ სამედიცინო შემოწმების გავლა და ნასამართლეობის ცნობის წარმოდგენა (სამედიცინო შემოწმების ჩატარებას ზედამხედველობას გაუწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო);
- ისრაელის მოსახლეობისა და საემიგრაციო სამსახურის მიერ კანდიდატების საბოლოო შერჩევა;
- შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.
შერჩეული კანდიდატის მიერ გამგზავრებამდე გასაწევი ხარჯები:
- საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღების ღირებულება (მოქმედი ბიომეტრიული პასპორტის არ ქონის შემთხვევაში);
- ისრაელში გამგზავრების ბილეთის საფასური;
- სამედიცინო გამოკვლევის საფასური;
- COVID-19-ზე PST ტესტის საფასური.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხარჯებისა, ისრაელში დასაქმებასთან დაკავშირებით, შერჩევისა და დასაქმების არც ერთ ეტაპზე, განმცხადებელი არ გადაიხდის არანაირ საფასურს.
შრომის ანაზღაურება: კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში თვეში დარიცხული ხელფასი შეადგენს სულ მცირე 5300 შეკელს (2021 წლის 11 აპრილის კურსის შესაბამისად, 1610 აშშ დოლარის ექვივალენტი), ხოლო კვირაში 58 საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შემთხვევაში - 8023 შეკელი (დაახ. 2440 აშშ დოლარი თვეში).
ხელფასის დაბეგვრა:
- საშემოსავლო გადასახადი: დარიცხული ხელფასი 6330 შეკელამდე - იბეგრება 10%-ით, ხოლო 6631-დან 9080-მდე - 14%-ით;
- სოციალური დაზღვევის გადასახადი: ხელფასის 0.04%, თუ დარიცხული ხელფასის ოდენობა არ აღემატება 6330 შეკელს, ხოლო თუ დარიცხული თვიური ხელფასი 6330 შეკელზე მეტია, გადასახადის განაკვეთია 0.87 % ყოველ დამატებითი შეკელზე.
- სამედიცინო დაზღვევა: 125 შეკელი;
- საცხოვრებლის ხარჯი: 264-დან 485 შეკელამდე;
- კომუნალური გადასახადი: დაახლოებით 93 შეკელი.
აღნიშნული გადასახადებისა და გადასახდელების გადახდის შემდეგ ე.წ. „ხელზე ასაღები“ ხელფასი თვეში იქნება სულ ცოტა 1100 აშშ დოლარი (კვირაში 42 საათის მუშაობის შემთხვევაში), ან 1800 აშშ დოლარი (კვირაში 58 საათის მუშაობის შემთხვევაში).
გარდა ამისა, დამსაქმებელი მიგრანტი მუშაკის სადეპოზიტო ფონდში ყოველთვიურად რიცხავს დარიცხული ხელფასის სულ მცირე 12.5%-ს, რომელიც საქართველოში გამომგზავრების დროს უბრუნდება დასაქმებულს შესაბამისი გადასახდელის (15%) გამოკლებით. სადეპოზიტო თანხა დაახლოებით 2-3 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტია და დამოკიდებულია დარიცხული ხელფასის ოდენობაზე.
სრული ერთწლიანი დასაქმების შემდეგ მუშაკს აქვს ასევე ერთჯერადი წლიური პრემიის მიღების უფლებაც.