ამ ეტაპზე უკრაინაში საქართველოს ელჩის გამოცვლის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. კიევში მოქმედი ელჩი – თეიმურაზ შარაშენიძე დაბრუნდება. გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიიღო. უკრაინაში ელჩის დაბრუნების აუცილებლობაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ამ სოლიდარობისთვის მას მიაჩნია, ელჩის დაბრუნება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
უკრაინიდან საქართველოს ელჩი, თბილისში კონსულტაციებისთვის 2020 წლის 8 მაისს გამოიწვიეს. ოფიციალურმა თბილისმა ეს გადაწყვეტილება ექს–პრეზიდენტის მიხეილს სააკაშვილის უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ მიიღო. შარაშენიძეს გამოწვევა ხანგრძლივი აღმოჩნდა. ოფიციალურმა თბილისმა გადაწყვეტილება უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარების გამო მიიღო. როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, რეგიონში არსებული საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო ნამდვილად საჭიროებს იმას, რომ მისიის ხელმძღვანელი ადგილზე იყოს.
საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ასეთ ვითარებაში, როცა უკრაინის გარშემო ასე იძაბება სიტუაცია, ის დრო არ არის, რომ საქართველოს ელჩი არ ჰყავდეს ადგილზე. ამიტომ, მინისტრის განცხადებით, უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
„ყველანაირად ვეცდებით, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დინამიურად და როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას შეეფერება. უკრაინასა და საქართველოს ძალზედ ბევრი გამოწვევა აქვს. ძალიან დაზარალდა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ამ ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ.
მთავარია, მათი მხრიდან ყოფილიყო სწორი აღქმა და ისინიც, ვფიქრობ, გაგებით მოეკიდნენ იმ ნაბიჯს, რომელიც ჩვენ გადავდგით და შევეცადეთ არ დაგვეძაბა ორმხრივი ურთიერთობები. დადგა დრო ახლებურად შევხედოთ ჩვენს ურთიერთობებს, გამომდინარე 11 თვიდან რა ზარალიც მოგვადგა ორივე მხარეს“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში საბოლოო მსჯელობა იქნება, რის საფუძველზეც მიიღება გადაწყვეტილება, გამოწვეული ელჩის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ერთი წლის წინ მთავრობის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ელჩის გამოწვევაზე, რასაც წინ უძღოდა ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის დესტრუქციული როლი, როდესაც მან სცადა ამ ორმხრივ ურთიერთობებში თავისი დღის წესრიგი შეეტანა.
„ჩვენი მხრიდან ამაზე რეაგირება იყო განხორციელებული, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები, განსაკუთრებით ევროატლანტიკური მისწრაფების თვალსაზრისით და მინდა გითხრათ, რომ ყველა დონეზე ძალიან კარგად და დინამიურად ვითარდება ეს სტრატეგიული თანამშრომლობა.
ამ კონტექსტის და იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არის შექმნილი საკმაოდ საგანგაშო მდგომარეობა, რის თაობაზეც საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტმა გააკეთა შესაბამისი მხარდამჭერი განცხადება. ჩვენ ვხედავთ აშშ, ევროკავშირის თუ ცალკეული ჩვენი დასავლელი პარტნიორების გაკეთებულ განცხადებებს პროცესის დეესკალაციასთან მიმართებაში რუსეთის მისამართით. ჩვენ ვფიქრობთ, ელჩის დაბრუნების საკითხი სამსჯელოა. ამ ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის, შემდგომი პროცესების მხარდაჭერისთვის ელჩის იქ ყოფნას შეიძლება ჰქონდეს უფრო მეტი არგუმენტაცია“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განცხადება მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველო შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით.
„საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის, როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ“, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.
საქართველოში უკრაინის ელჩის განცხადებით, მეზობელი რუსეთისგან აგრესიის ახალი ტალღა დაიძრა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ. ამის ფონზე, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ყოველთვის მტკიცეა და სჯერა, რომ ორი ქვეყანა ერთად ყველა პრობლემას გადალახავს.
„ქართველები და უკრაინელები ერთიანები არიან თავიანთ ამბიციებსა და გეგმებში, რომ გახდნენ ნატოსა და ევროკავშირის წევრები და განვსაზღვროთ ჩვენი საკუთრი მომავალი მოსკოვისგან ინსტრუციებისა და ზეგავლენების გარეშე. ჩვენ ერთად ვართ, დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის. გვჯერა, რომ ერთად ყველა პრობლემას გადავლახავთ. სამწუხაროდ, უკრაინასა და საქართველოს მსგავსი პრობლემა აქვს – აგრესია და ოკუპაცია, ჩვენ ამ პრობლემებს ერთად უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა იგორ დოლგოვმა.
რაც შეეხება უკრაინიდან გამოწვეულ საქართველოს ელჩს, რომელიც ჯერ კიდევ თბილისში იმყოფება, იგოლ დოლგოვმა განაცხადა, რომ საქმე არ არის ელჩებში, პოლიტიკოსებში, ლიდერებში არამედ - ხალხში. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისა და საქართველოს მხარდაჭერა, ეს არის საზომი და არა ცალკეული ადამიანები.
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი ფიქრობს, რომ უკრაინიდან გამოწვეული ელჩის დაბრუნება დაგვიანებულია. საჭირო იყო უფრო ადრე აღედგინა თეიმურაზ შარაშენიძეს საქმიანობა. როგორც მენაღარიშვილი ამბობს, ორ ქვეყანას შორის მაქსიმალურად ყველა საშუალება არის მოქმედებაში მოსაყვანი, რადგან სიტუაცია მეტად დაძაბულია.
„სამწუხაროდ, შავი ზღვის აუზში მოსალოდნელია ძალიან სერიოზული მოვლენები. ვგულისხმობ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინაღმდეგ. აუცილებელია, თანამშრომლობის ისეთ დონეზე აყვანა და გააქტიურება, რომელიც, ალბათ, არასოდეს ყოფილა ჩვენს ქვეყნებს შორის. საქართველო და უკრაინა დიდი ხანია მოკავშირეები ვართ. რუსეთი გააქტიურებულია, მეტად არის გააგრესირებული და როგორც ვხედავთ, ბევრ გაუგონარ ნაბიჯზეა წამსვლელი. აქ საჭიროა ყველა ძალის მობილიზაცია და მათ შორის, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა მოკავშირე ქვეყნების“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილმა.
დიპლომატის განცხადებით, საქართველო და უკრაინა სტრატეგიული პარტნიორები არიან, ამ ურთიერთობაში აუცილებელია დინამიური და სწორი პოლიტიკის წარმართვა უკრაინასთან მიმართებაში.
„აუცილებელია კოორდინირებული მოქმედება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთნაირად მოქმედებენ, ერთნაირად აზროვნებენ, ხედავენ თავიანთ მომავალს და სტრატეგიული არჩევანი გულისხმობს რუსეთის აგრესიის თავიდან აცილებას“, – აცხადებს ირაკლი მენაღარიშვილი.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი თვლის, რომ შექმნილი მდგომარეობა ითხოვს, ჩვენ უკრაინის სოლიდარულები ვიყოთ, რადგან ერთი საერთო პრობლემა გვქვს – რუსეთის აგრესია. ანალიტიკოსის შეფასებით, გარდა ამისა, რომ ელჩის გამოწვევა კონსულტაციისთვის დიპლომატიური დემარში იყო, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო უკრაინასთან ურთიერთობების საბოლოოდ გაფუჭებას აპირებს.
„ელჩის გამოწვევა ერთჯერადი აქცია იყო, ერთგვარი მინიშნება, რომ სააკაშვილის დანიშვნა უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ, არ იყო სწორი ნაბიჯი ზელენსკის მხრიდან. მაგრამ არ შეიძლება საქართველოს უკრაინაში ელჩი არ ჰყავდეს და სააკაშვილის გამო ურთიერთობები ამ ორ ქვეყანას შორის დასრულდეს, თუმცა ზელენსკიმ უნდა გაიგოს და შეაფასოს საქართველოს ეს ნაბიჯი. პრინციპში, უნდა გაეგო კიდეც აქამდე. ვხედავთ, რომ შეცვალა კიდეც თავისი პოზიცია სააკაშვილთან ურთიერთობაში. სააკაშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს კორუფციული სკანდალის გამო. ვნახოთ, როგორ დამთავრდება გამოძიება“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ მიღებულ განცხადებას, ანალიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს სიურპრიზი მოუწყოს. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერი განცხადების მიღება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან ამ ვითარებაში საქართველო და უკრაინა სოლიდარულები არიან რუსეთის აგრესიის შეკავებისა და შავი ზღვისპირეთში შექმნილი ვითარების თვალსაზრისით.
„უკრაინა მეგობარი ქვეყანაა. ასევე, ჩვენ საერთო მტრები გვყავს რუსეთის სახით. ნებისმიერ შემთხვევაში, შეიძლება რუსეთმა სიურპრიზი მოგვიწყოს. რუსეთის გეგმები საქართველოს მიმართ არ შეცვლილა, ცხადია, ყველანაირად ეცდება, რომ საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნოს. სააკაშვილის დამსახურებით, მან მიაღწია საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ყოფნას. ბუნებრივია, უფრო მეტის სურვილი შეიძლება ჰქონდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა არ გავუწიოთ და უკრაინას სოლიდარობა არ გამოვუცხადოთ. პარლამენტის გადაწყვეტილება წინააღმდეგობის გაწევას ნიშნავს. საერთო ძალისხმევით უნდა ვეცადოთ და უზრუნველვყოთ, რომ რუსეთის აგრესია შეჩერდეს. ახლა უკრაინას სჭირდება გვერდში დგომა. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან შეიძლება ამას მტრული ნაბიჯები მოჰყვეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე თვლის, რომ სწორი გადაწყვეტილება ერთია, მაგრამ მიზანშეწონილია თუ არა, ეს მეორეა. ელჩი, რომელიც თერთმეტი თვე იყო გამოწვეული, დააბრუნეს იმიტომ, რომ ახლა მდგომარეობა შეიცვალა და ვალდებული არიან დააბრუნონ.
„უპირველეს ყოვლისა უკრაინა და საქართველო დასავლური თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებად მოიაზრება, რომელიც პოტენციურად შეიძლება ნატოში მიიღონ, ან ევროკავშირზე გააკეთოს საქართველომ განცხადება და არის ამაზე ლაპარაკი. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობები უნდა იყოს. რაც შეეხება ელჩის გამოწვევას, ვიცით, რომ ეს პირდაპირ დაკავშირებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ როგორც ვხედვათ, სააკაშვილს არც თუ ისე კარგი მდგომარეობა აქვს. ამიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯი, რომ დაებრუნებინათ ელჩი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.